top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული და პირველი ზიარება ვალეში


2022 წლის 19 ივნისს, ვალეში კათოლიკე მრევლმა ქრისტეს უწმინდესი ხორცისა და სისხლის დღესასწაული აღნიშნა. ამავე წირვაზე 12–მა მოზარდმა პირველი ზიარება მიიღო.



ვალის ღვთისმშობლის შობის კათოლიკურ ტაძარში, ქრისტეს უწმინდესი ხორცისა და სისხლის სადღესასწაულო წმ. წირვა 12:00 საათზე დაიწყო. ლიტურგია სამრევლოს წინამძღვარმა მამა მიხეილ სურმავამ აღავლინა.


დღესასწაული ორმაგად მნიშვნელოვანი იყო თორმეტი მოზარდისათვის, რომლებიც ამ დღეს პირველად ეზიარნენ ქრისტეს ხორცსა და სისხლს. ლიტურგიისას სწორედ მათ წაიკითხეს საკითხავები და იგალობეს ფსალმუნი.


„დღეს ჩვენს ტაძარში იყო უწმინდესი ხორცისა და სისხლის დღესასწაული, ასევე პროცესია ანუ მსვლელობა. ორმაგად სასიხარულოა ის, რომ ამ დღესასწაულზე 12–მა ბავშვმა მიიღო პირველი ზიარება. ეს ბავშვები ერთი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ ამ დღისთვის“, – ამბობს ვალის ეკლესიის წინამძღვარი მამა მიხეილ სურმავა.


მოზარდები პირველი ზიარებისთვის საკატეხიზაციო ჯგუფში ემზადებოდნენ.

„განსხვავებულად ვემზადებოდი ამ დღისთვის, დღეს მივიღე პირველად ზიარება და გახარებული ვარ. სანამ ვეზიარებოდი, იქამდეც მიყვარდა ღმერთი და ახლა, როცა უკვე მივიღე ქრისტეს ხორცი და სისხლი, მგონია უფრო მეტად დავუახლოვდი მას. ვგრძნობ, რომ ის ჩემთან არის“, - აღნიშნა ნია ნასყიდაშვილმა.


წმ. წირვისა და ზიარების საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, დღესასწაული საზეიმო მსვლელობით, იგივე პროცესიით გაგრძელდა. ტრადიციულად, მსვლელობას წინ ჯვარი და მონსტრანციაში ცოცხალი ქრისტე უძღოდა, მრევლი კი მას წინ ვარდისა და ყვავილების ფურცლებს უფენდა.


ქრისტეს უწმინდესი ხორცისა და სისხლის დღესასწაული კათოლიკე ეკლესიაში სულთმოფენობიდან მეატე დღეს აღინიშნება. ზოგიერთ სამრევლოში იგი 16 ივნისს აღნიშნეს.





მედეა ხითარიშვილი

bottom of page