top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ქრისტიანთა უწმიდესი რელიკვია - წმინდა ჯვრის ნაწილები საქართველოში

თბილისში, კამილიელ მამათა კაპელაში ჩამოტანილია წმინდა ჯვრის ნაწილები. ეს რელიკვია 1910 წლის 5 მარტს, კამილიელთა პიედმონტის პროვინციას ტურინის კარდინალმა ავგუსტინო რიშელმიმ საჩუქრად გადასცა. გთავაზობთ კამილიელი ბერის, მამა პავლე დილის სტატიას ეკლესიის ამ განსაკუთრებული განძის ისტორიის შესახებ.

 



1997 წელს გერმანელმა ისტორიკოსმა მიქაელ ჰეზემანმა რომის ერთ-ერთ ეკლესიაში შეაბიჯა, თავისი ნაბიჯი მან ტაძრის მარცხნივ მდებარე სამლოცველოსკენ მიმართა, სადაც დიდხანს უცქერდა იქ გამოფენილ საკულტო საგნებს.  მას გულში ეღიმებოდა, რადგან უკვე იცოდა, როგორ გამოეკვლია და სამეცნიერო კვლევის მეშვეობით დაემტკიცებინა ქრისტიანთა უწმიდესი რელიქვიის - წმინდა ჯვრის - ავთენტურობა. როდესაც ჰეზემანი რომში, იერუსალიმის წმინდა ჯვრის ბაზილიკაში (Santa Croce in Gerusalemme) შედიოდა, ალბათ ვერც წარმოედგინა, თუ რა სენსაციური აღმოჩენებისკენ მიიყვანდა საკუთარი კვლევა, ისევე როგორც მანამდე, თითქმის ასი წლით ადრე, სეკონდო პიას ვერ წარმოედგინა ეს.


რატომ მივიდა გერმანელი მკვლევარი სწორედ იმ ბაზილიკაში? იქ ოდესღაც იდგა სასახლე, რომელსაც სესორიუმს ეძახდნენ. მეოთხე საუკუნის დასაწყისში კი ცხოვრობდა დედოფალი ფლავია იულია ჰელენა, კეისარ კონსტანტინე დიდის დედა და კეისარ კონსტანციუს I ქლორუსის მეუღლე, რომელიც კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებში წმინდანად მიიჩნევა. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული წმინდა ჯვრის პოვნის ისტორია.


სავარაუდოდ 312 წელს, წმინდა ჰელენა წარმართობიდან ქრისტიანობაზე გადავიდა,  ისევე როგორც მისი შვილი კონსტანტინე. იგი ისტორიაში შევიდა, როგორც რომის იმპერიის პირველი ქრისტიანი იმპერატორი. მან არა მხოლოდ 313 წელს გამოსცა ცნობილი მილანის ედიქტი, რომელმაც ქრისტიანებს რელიგიური თავისუფლება მიანიჭა, არამედ რომის კანონმდებლობაში შეიტანა სახარების სულისკვეთებით გამსჭვალული მრავალი ცვლილებაც. მან აკრძალა გლადიატორთა ბრძოლები, სიკვდილით დასჯა ჯვარცმით, მონების დაღდასმა გაამარტივა მათი გათავისუფლების პროცედურა და კვირა დღე უქმედ გამოაცხადა. მხოლოდ რომში მან დაიწყო რვა ქრისტიანული ბაზილიკის მშენებლობა. 314 წელს ერთ-ერთი ეპისკოპოსისადმი მიწერილ წერილში იგი წერდა, რომ ღმერთმა მას დაავალა ეზრუნა ეკლესიის ერთიანობაზე და შეეთანხმებინა დაპირისპირებული ქრისტიანები. ამიტომაც, მან იმავე წელს მოიწვია არლის კრება, სადაც დაიგმო დონატისტების სქიზმა, ხოლო თერთმეტი წლის შემდეგ ნიკეაში შეკრიბა ქრისტიანი ეპისკოპოსები, რათა საზეიმოდ გამოეცხადებინათ რწმენის სიმბოლო, ანუ ეკლესიის კრედო.


ძველი ნიკეა, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე პატარა 25-ათასიანი ქალაქია. თავის დროზე იგი მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა, სადაც მოიწვიეს ორი მსოფლიო საეკლესიო კრება და რომელიც 1204-1261 წლებში ბიზანტიის ლათინური იმპერიის დედაქალაქი იყო. სწორედ 325 წელს, ნიკეაში, საეკლესიო კრების მუშაობის დროს, კონსტანტინემ გაიცნო იერუსალიმის ეპისკოპოსი მაკარი. ამ უკანასკნელმა მოუყვა იერუსალიმელ ქრისტიანთა შორის გავრცელებული ტრადიციის შესახებ, რომლის თანახმადაც, ამ ქალაქში მოიპოვებოდა ქრისტეს ჯვარცმასთან დაკავშირებული მატერიალური რელიკვიები, რომლებიც მიწითა და ნანგრევებით იყო დაფარული.

იერუსალიმი სრულიად განადგურდა 70 წელს ტიტუსის რომაული ლეგიონების მიერ, რომლებმაც სისხლიანად ჩაახშეს ებრაული აჯანყება. სხვათა შორის, XII ლეგიონის ჯარისკაცებმა დაანგრიეს იერუსალიმის ტაძარიც. როდესაც იმპერატორმა ადრიანემ განაცხადა, რომ სურდა ქალაქის ხელახლა აშენება, მაგრამ უკვე როგორც ჰელენისტური ცენტრის იუპიტერის, იუნონასა და მინერვას ტაძრებით და თანაც "Colonia Aelia Capitolina“ -ის სახელწოდებით, 132 წელს დაიწყო მეორე ებრაული აჯანყება. სამი წლის შემდეგ აჯანყებულები სასტიკად დაარბიეს, ქალაქი მიწასთან გაასწორეს, ხოლო ებრაელები განდევნეს იუდეიდან. პროვინციამ ახალი სახელწოდება - პალესტინა მიიღო. Aelia Capitolina, რომელიც იერუსალიმის ნანგრევებზე აშენდა, უკვე სრულიად განსხვავებულ ტოპოგრაფიულ და არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენდა და ოდნავადაც არ ჰგავდა ძველ ქალაქს.


მიუხედავად ამისა, ებრაული წარმოშობის ქრისტიანთა ტრადიციაში ცოცხალი იყო ქრისტეს ვნების ამბავი და მისი მატერიალური კვალი. შესაძლოა, ამაზე რაღაც გავლენა იქონია იმ გარემოებამ, რომ იერუსალიმის ქრისტიანული თემის სათავეში დროებით იდგნენ იესოს ნათესავები ნაზარეთიდან, მათ შორის იაკობი და სიმონი. 149 წლამდეც კი იუდეველ ქრისტიანთა უკანასკნელი ეპისკოპოსი ამ ქალაქში იყო იუდა ქირიაკუსი, რომლის მეორე სახელი (Kyriakos) ნიშნავდა "უფლის ნათესავს".


ყოველივე ამის მოსმენის შემდეგ, იმპერატორმა კონსტანტინემ განიზრახა მოეძებნა დაკარგული რელიკვიები, უპირველეს ყოვლისა კი, ქრისტეს სიკვდილის ადგილი და საფლავი და მის ადგილას ქრისტიანული ტაძარი აეშენებინა.


იმავე წელს, სწორედ ამ მისიით კონსტანტინემ დედამისი, ჰელენა გაგზავნა იერუსალიმში. წმიდა მიწაზე მიმავალ გზაზე დედოფალი დიდ გულუხვობას იჩენდა ღარიბებისადმი, ათავისუფლებდა ტყვეებს, მონებს, ხოლო დევნილებს შინ დაბრუნების საშუალებას აძლევდა. მის ექსპედიციას აღწერენ IV და V საუკუნეების მრავალი ეკლესიის ისტორიკოსი, მათ შორის ევსები კესარიელი, რუფინუს აკვილელი, თეოდორე კვირელი, სოზომენ გაზელი, სოკრატე სქოლასტიკოსი, გელასი კესარიელი და ალექსანდრე კვიპრელი.


იერუსალიმში ჰელენა ზედამხედველობდა არქეოლოგიურ და სამშენებლო სამუშაოებს, რომლის დროსაც მუშებმა სამი ხის ჯვარი და სამი ლურსმანი აღმოაჩინეს ერთ ძველ წყალსაცავში, გოლგოთას მთის მახლობლად, სადაც ჯვარს აცვეს იესო.


აღმოჩენილი ატრიბუტების ადგილსამყოფელი უფრო გასაგები გახდება, თუ მხედველობაში ებრაელთა რელიგიურ წესებს მივიღებთ. ამ წესების თანახმად, ყველა ნივთი, რომელიც მიცვალებულის ნეშტთან იყო კონტაქტში, უწმინდურად მიიჩნეოდა და ქალაქგარეთ გატანას ექვემდებარებოდა, განსაკუთრებით კი პასეკის წინ. ამრიგად, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მიცვალებულთა სხეულებთან უშუალო კონტაქტში მყოფი ჯვრები იმ წყალსაცავში გადააგდეს, რომელიც იმ დროს ქალაქის ტერიტორიას არ განეკუთვნებოდა.


ჰელენამ და მისმა მრჩევლებმა მალევე დაასკვნეს, რომ მათ ზუსტად ქრისტესა და ორი ავაზაკის სიკვდილის ნამდვილი იარაღები აღმოაჩინეს. ევსები კესარიელი  "კონსტანტინეს ცხოვრებაში", რომელიც 338-340 წლებშია დაწერილი, იმოწმებს კეისრის წერილს ეპისკოპოს მაკარისადმი. მონარქი წერს იქ "სრულიად მიწაში დამარხული" "ქრისტეს უწმიდესი ვნების მოწმის " აღმოჩენის შესახებ. ვინაიდან რელიქვიების აღმოჩენა 14 სექტემბერს მოხდა (325 წელს), კათოლიკე ეკლესიამ ქრისტეს ჯვრის ამაღლების დღესასწაულის აღსანიშნავად ზუსტად ეს თარიღი აირჩია.


ჯერ კიდევ იერუსალიმში, დედოფალმა აღმოჩენილი რელიკვიები სამ ნაწილად დაყო: პირველი დატოვა ქალაქში, მეორე თავად წაიღო რომში, ხოლო მესამე გადასცა ვაჟს, რომელიც იმ დროს ქალაქ კონსტანტინოპოლს აშენებდა და გადაწყვიტა აღმოჩენილი რელიკვია სწორედ იქ განეთავსებინა.


ისტორიული წყაროების კვლევისას, მიქაელ ჰეზემანს გაუჩნდა კითხვა: საიდან იცოდა ჰელენამ, რომ მან სწორედ გოლგოთას ჯვრები აღმოაჩინა და როგორ ამოიცნო, რომელი მათგანი ეკუთვნოდა იესოს? ადრექრისტიანული ავტორების უმრავლესობის თანახმად, ნამდვილი ჯვრის ამოცნობაში მას დაეხმარა განუკურნებელი სენით დასნეულებული ქალის განკურნების სასწაული, რომელიც ზუსტად ამ ჯვრის საშუალებით აღსრულდა. აქედან მხოლოდ ორი ავტორი სხვაგვარად აღწერს განვითარებულ მოვლენებს. პირველი იყო წმინდა ამბროსი მედიოლანელი, რომელმაც იმპერატორ თეოდოსიუსის დაკრძალვისას, 395 წლის 25 თებერვალს, განაცხადა, რომ ჯვრის იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო მხოლოდ ე.წ. titulus-ის, ანუ იმ ხის ფირფიტის წყალობით, რომელზეც მსჯავრდებულის სახელი იყო ამოტვიფრული. იგივეს გაიმეორებს მოგვიანებით კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი, წმინდა იოანე ოქროპირი.


ჯვარი ძირითადად ორი ნაწილისაგან შედგებოდა: ვერტიკალური (stipes) დაახლოებით 3-4 მეტრი სიმაღლეში და ჰორიზონტალური ხისგან აგებული (patibulum) ჩვეულებრივ 1,8 მეტრს აღწევდა.


ზოგჯერ ჯვარცმულის თავთან იყო მიმაგრებული მესამე ელემენტიც - პატარა ფირფიტა, რომელზეც მითითებული იყო მსჯავრდებულის დანაშაული (titulus). იოანეს სახარებიდან ვიცით, რომ იესოს თავზე მიმაგრებული იყო წარწერა: "იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე" (Iesus Nazarenus Rex Iudaeorum).


ჰეზემანმა დაასკვნა, რომ ვერტიკალური თუ ჰორიზონტალური ნაწილების დეტალური კვლევა ვერ უზრუნველყოფდა ჯვრის ავთენტურობის დადგენას. თუნდაც სამეცნიერო ექსპერტიზას დაედასტურებინა, რომ ხის ნიმუში ორი ათასი წლის წინანდელია, ეს მაინც არ იქნებოდა საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ სწორედ იესოს სიკვდილის იარაღთან გვაქვს საქმე. სხვაგვარად გამოიყურებოდა საქმე titulus-თან მიმართებაში, რომელზეც კონკრეტული წარწერა იყო დატანილი. ისტორიული გადმოცემებიდან ვიცით, რომ ქრისტეს თავთან განთავსებული წარწერა განსაკუთრებული იყო. რთულია წარმოვიდგინოთ, რომ იმავე დროს იერუსალიმში სხვა ნაზარეველიც ჯვარზე სიკვდილით დაესაჯათ იმ ბრალდებით, რომ თავს იუდეველთა მეფედ თვლიდა. გარდა ამისა, წმინდა იოანე მახარებელი პირდაპირ წერს, რომ titulus-ზე წარწერა სამ ენაზე - ებრაულზე, ლათინურსა და ბერძნულზე იყო შესრულებული. ამიტომ ჰეზემანმა დაასკვნა, რომ ჯვრის იდენტიფიცირების გასაღებს titulus-ის დეტალური კვლევა წარმოადგენდა.


ისტორიული გადმოცემებიდან ვიცით, რომ წმინდა ჰელენამ რელიქვიის ეს ნაწილიც დაყო. ასეთი პრაქტიკა იმდროინდელ მსოფლმხედველობას შეესაბამებოდა. მაშინ ნაპოვნი საგნების მთლიანობის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, რადგან ასეთ საკითხებს სამეცნიერო კატეგორიებში არ განიხილვდნენ. უფრო მნიშვნელოვანი იყო ის აზრი, რომ რელიქვიის თითოეული, მათ შორის ყველაზე უმცირესი ნაწილშიც კი მისტიკური, საკრალური ძალის (numinosum) მატარებელი იყო. იმ პრინციპის თანახმად, რომ ნაწილი წარმოადგენს მთლიანს (pars pro toto), წმინდა საგნები იყოფოდა წვრილ ნაწილებად, რომელთაგან თითოეული იგივე ძალის მატარებელი იყო, რაც მანამდე მათ შეურყვნელ ფორმას გააჩნდა.


იმ დროს ეკლესიამ სარწმუნოების ორ აქტს შორის თეოლოგიური განსხვავება გაავლო. ერთი მხრივ, აღიარეს კულტი latria, რომელიც ღვთისადმი თაყვანისცემას გულისხმობდა, მეორე მხრივ კი, გამოყვეს კულტი dulia, რომელიც წმინდანებისადმი და წმინდა საგნებისადმი (რელიკვიების) განსაკუთრებულ პატივს გულისხმობდა. ქრისტეს რელიკვიებს პატივს მიაგებდნენ, რადგან ისინი მხსნელის ხსოვნის ნიშნებსა და ნამდვილად მომხდარ ზებუნებრივ მოვლენებს წარმოადგენდნენ, რომლებიც მორწმუნეებს ღვთის პირისპირ აყენებდა.


Titulus-ი ორ ნაწილად გაიყო. მარცხენა ნაწილი იერუსალიმში დარჩა, ხოლო მარჯვენა ნაწილი წმინდა ჰელენამ რომში წაიღო. მარადიურ ქალაქში დედოფალი სასახლე სესორიუმში დაბინავდა. წმიდა მიწიდან დაბრუნების შემდეგ, მან გადაწყვიტა შენობის ნაწილი კაპელად გადაექცია, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მის მიერ მოტანილი რელიკვიების - სამიდან ერთ-ერთი ლურსმნის, ჯვრის ნაწილისა და titulus-ის თაყვანისცემა. ჰელენამ ასევე ბრძანა იერუსალიმიდან გოლგოთას ქვიშამიწის ტომრები მოეტანათ და რომის კაპელის იატაკზე დაეყარათ.


დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, მისმა შვილმა კონსტანტინემ სასახლე რომის ეპისკოპოსს შესწირა. რეზიდენცია გადაკეთდა და ასე აიგო დღემდე იქვე მდგარი იერუსალიმის წმინდა ჯვრის ბაზილიკა. საუკუნეების განმავლობაში იგი მრავალგზის გადაკეთდა და სხვადასხვა სახელით მოიხსენიება (იერუსალემი, ელენიანა, ბაზილიკა სესორიანა), თუმცა უმთავრესი რელიქვიები მუდამ მის შიგნით რჩებოდა. ვინაიდან რომს ხშირად თავს ესხმოდნენ და არბევდნენ (მძარცველთა სიაში არიან გოთები, ვანდალები, სარაცინები და ნორმანდიელები), titulus სავარაუდოდ IV საუკუნეში, კეისარ ვალენტინიან II-ის მიერ ტაძრის რესტავრაციის დროს, ჩაიბურა კედელში, ხოლო საკურთხეველის ზემოთ კედლის აგურზე გაკეთდა წარწერა "TITULUS CRUCIS".

1143 წელს, ბაზილიკის რეკონსტრუქციის დროს, რელიკვია ამ სამალავიდან ამოიღო კარდინალმა გერარდუს კაჩჩიანემიჩიმ , რომელიც შემდეგ წელს პაპად აირჩიეს და ლუციუს II–ის სახელით მოიხსენიეს. იერარქმა ბრძანა titulus-ის კვლავ კედელში ჩაბურვა, ოღონდ ამჯერად წმინდა ჰელენას კაპელის ტრიუმფალური თაღის ზემოთ.


350 წლის შემდეგ, რელიქვია ხელახლა აღმოაჩინეს 1496 წელს, როდესაც ტაძრის განახლებაზე მუშაობდა ესპანელი კარდინალი მენდოზა, ტოლედოს არქიეპისკოპოსი. მაშინ თავი შეიკავეს წმინდა ნივთის კვლავ კედელში ჩაბურვისგან, ამის ნაცვლად კი მისი საჯაროდ გამოფენა გადაწყვიტეს. ამის წყალობით იერუსალიმის წმინდა ჯვრის ბაზილიკა მალევე რომში ერთ-ერთ უმთავრეს სალოცავად იქცა.


titulus-ი მხოლოდ ერთხელ აღმოჩნდა საფრთხის წინაშე. 1798 წელს ქალაქში შემოვიდნენ ფრანგული ჯარები. მაშინ მრავალი ეკლესია დაინგრა და გაიძარცვა. უკანასკნელ ბერს, რომელიც ბაზილიკაში დარჩა, ოკუპანტებმა მოსთხოვეს ქრისტეს ვნების რელიკვიები მათთვის გადაეცა. საბედნიეროდ, ბერებმა ისინი წინასწარ დამალეს, ფრანგებს კი სხვა რელიკვიარები გადასცეს. მხოლოდ 1803 წელს დაბრუნდა ყველა საკულტო ნივთი თავის ადგილას, ხოლო ახალი რელიკვიარების დაფინანსებაზე ესპანელმა დუქესამ ვილა-ჰერმოსამ იზრუნა.


დროთა განმავლობაში titulus მივიწყებული აღმოჩნდა. ამას ხელი შეუწყო განმანათლებლობის იდეების გავრცელებამ, რომლებიც ყველა რელიქვიას ცრურწმენის ნიმუშად მიიჩნევდნენ. მხოლოდ 1997 წელს რომის ბაზილიკაში დაცული ნივთით გერმანელი მკვლევარი მიქაელ ჰეზემანი დაინტერესდა, რომელმაც გადაწყვიტა titulus-ის ავთენტურობის სამეცნიერო შემოწმება. თავის კვლევას იგი სამი შესაძლო ვარიანტის გათვალისწინებით შეუდგა: რელიქვია ან წმინდა ჰელენას დროინდელი ფალსიფიკაცია იყო, ან შუასაუკუნეების დროინდელი გაყალბება, ანდა ქრისტეს ნამდვილი ჯვრის ფირფიტა.


ისტორიული გადმოცემების თანახმად, „ტიტულუსი“ დაიყო ორ ნაწილად. მისი მარცხენა მხარე იერუსალიმში დარჩა, რასაც ადასტურებს წმინდა მიწიდან შემორჩენილი ყველაზე ძველი მოგზაურის ჩანაწერი. მისი ავტორი, ესპანელი მოგზაური ეგერია წერს, რომ 383 წლის „დიდ პარასკევს“ სუფევის ეკლესიაში თაყვანი სცა ტიტულუსის ნაწილს. მეხუთე საუკუნეში მოღვაწე სოკრატე სქოლასტიკოსი აღწერდა ამ რელიქვიას როგორც "ფირფიტას", რომელზეც პილატემ სხვადასხვა ნიშნით დაწერა, რომ ჯვარცმული ქრისტე იყო იუდეველთა მეფე". სხვა მოწმობებიც ადასტურებენ, რომ იერუსალიმში დაცულ ფირფიტაზე იყო წარწერა "რექს იუდეორუმ" (იუდეველთა მეფე). ამის შესახებ წერდა ანტონიო პიაცენცაც, რომელიც 570 წელს ეწვია წმინდა მიწას და, როგორც თვითონ ხაზგასმით აღნიშნავს, "ნახა, ხელში ეჭირა და ემთხვია " ჯვრის ფირფიტას, რომელიც "კაკლის ხისგან იყო გაკეთებული". სოზომენ გაზაელი, რომელიც ახალგაზრდობაში ესაუბრა ჯვრის აღმოჩენის თვითმხილველებს, აზუსტებდა, რომ ტიტულუსზე იყო წარწერები ებრაულ, ბერძნულ და ლათინურ ენებზე, ანუ სხვა თანმიმდევრობით, ვიდრე მოხსენიებული იყო წმინდა იოანეს სახარებაში (ებრაული, ლათინური, ბერძნული). შემდგომში მოგზაურთა ჩანაწერებში ეს რელიქვია აღარ იხსენიება, რაც ისტორიკოსებს აფიქრებინებს, რომ ის სამუდამოდ დაიკარგა 614 წელს, როდესაც იერუსალიმი სპარსელებმა დაიკავეს და გაძარცვეს.


გადარჩა მხოლოდ „ტიტულუსის“ მარჯვენა ნაწილი, რომელიც წმინდა ელენემ რომში ჩაიტანა და თავის სასახლე სესორიუმში განათავსა, სადაც დღეს იერუსალიმის წმინდა ჯვრის ბაზილიკა მდებარეობს. ამ ფირფიტაზე არის წარწერის პირველი ნაწილი, რომელიც გვატყობინებს, რომ მსჯავრდებული იყო "იესო ნაზარეველი." რელიქვიის შესწავლამ აჩვენა, რომ ის გახლეჩილია მარცხენა მხრიდან და წარწერა გადაჭრილია შუაზე. რომაული ნაწილის სიგრძე 25 სმ-ს შეადგენს, რაც გულისხმობს, რომ მთლიანი „ტიტულუსის“ სიგრძე იყო დაახლოებით 50 სმ. ეს ემთხვევა არქეოლოგიურ აღმოჩენებს, რომლებიც გვიჩვენებს, რომ ჯვარცმულთა თავთან მიმაგრებული ფირფიტები ჩვეულებრივ ნახევარი მეტრის სიგრძისა იყო.


რელიქვიის ზედა მხარეს შემორჩენილია თეთრი კირის კვალი, რომლითაც იგი შეღებილი ყოფილა, ხოლო ამოჭრილი ასოების ღრმულებში აღმოჩენილია შავი საღებავის კვალი. ეს შეესაბამება იმპერიის დროინდელ წესს, თუ როგორ კეთდებოდა titulus damnationis. როგორც წერენ არქეოლოგები მარია სილიატო და ვერნერ ეკი: "პირველად ფირფიტა თეთრი კირით იღებებოდა, შემდეგ დამწერი შავი ან წითელი ასოებით წერდა დასჯის მიზეზს. იშვიათ შემთხვევებში ასოების ნაკვეთებიც იყო."

იტალიელი ბოტანიკოსი, პროფესორი ელიო კორონა, რომელმაც რომის ბაზილიკაში დაცული ფირფიტა შეისწავლა, დაადგინა, რომ იგი ძველი კაკლის ხისგანაა (Juglans regia) შექმნილი, რომელიც ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთ ნაწილში იზრდება. ეს ემთხვევა 570 წელს წმინდა მიწაზე ვიზიტის შემდგომ, ანტონიო პიაცენცას მოგონებას.


ყველა ეს დეტალი, თუმცა კი მეტყველებდა რელიქვიის ავთენტურობაზე, მაინც არ იყო საკმარისი საბოლოო დასკვნის გამოსატანად. ჰეზემანს არ შეეძლო ესარგებლა დენდროლოგიური კვლევებით, რადგან შემორჩენილი ხის ნაწილი მეტისმეტად პატარა იყო დათარიღებისთვის. მან გადაწყვიტა ეხელმძღვანელა შედარებითი პალეოგრაფიის მიღწევებით, ანუ იმ მეცნიერების, რომელიც სწავლობს წერის სხვადასხვა ფორმასა და ელემენტს. ამ დარგის სპეციალისტებს შეუძლიათ წარწერების პალეოგრაფიული ანალიზის საფუძველზე განსაზღვრონ მისი შექმნის დრო და გეოგრაფიული არეალი.

ბერძნული წარწერის მიხედვით, „ტიტულუსი“ პირველი საუკუნით თარიღდება.

ამ დასკვნას ადასტურებდნენ ებრაელი მეცნიერებიც, პროფესორები ისრაელ როლი და ბენ აისაკი თელავივიდან. მიქაელ ჰეზემანმა მათ სთხოვა „ტიტულუსზე“ დატანილი ლათინურენოვანი წარწერის შესწავლა. ისინი დამოუკიდებლად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დეკორატიული სტილი, რომლითაც იყო შესრულებული წარწერა, დამახასიათებელია ადრეული რომაული იმპერიის კალიგრაფიისთვის, ანუ პირველი საუკუნისთვის. პალეოგრაფები აღნიშნავდნენ სტილისტურ მსგავსებას შესწავლილ წარწერასა და სხვა პირველი საუკუნის დროინდელ წარწერებს შორის. საქმე ეხება იმპერატორ ტიბერიუსისადმი მიძღვნილ სამსხვერპლოს პონტოელ პილატეს მიერ შესრულებულ მინაწერს. ეს არტეფაქტი იტალიელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 1961 წელს კესარიაში მიმდინარე გათხრებისას.


შეჯამებისთვის, ყველა პალეოგრაფმა, რომელმაც შეისწავლა „ტიტულუსი“, გამორიცხა მისი წმინდა ელენესა თუ შუა საუკუნეების პერიოდის დროინდელი წარმომავლობა. ამავდროულად, ისინი მიიჩნევდნენ, რომ ფირფიტაზე არსებული წარწერები უნდა ყოფილიყო შესრულებული ქრისტეს შობიდან პირველიდან მესამე საუკუნემდე, უმეტესობა კი პირდაპირ პირველ საუკუნეს უთითებდა. ამ კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, ჰეზემანმა 1999 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი "Titulus Crucis", რომელშიც აცხადებდა, რომ იერუსალიმის წმინდა ჯვრის ბაზილიკაში დაცული რელიქვია არის იესო ქრისტეს ავთენტური ჯვარი. ერთი წლის შემდეგ, ერთ-ერთმა ხსენებულმა პალეოგრაფმა, პროფესორმა კარსტენ პეტერ ტიედემ, ამ საკითხზე საკუთარი წიგნი გამოსცა, სადაც იგივე დასკვნამდე მივიდა. "წარწერის ხასიათი შემაძრწუნებელია", - წერდა ტიედე. - "ვინც კი შეასრულა ეს ტექსტი, ის არც მწერალი იყო და არც ფალსიფიკატორი“. მკვლევარმა გადამწყვეტად უარყო ვერსია, რომ „ტიტულუსი“ შეიძლებოდა გვიანდელი ანტიკური ან შუასაუკუნეების დროინდელი გაყალბება ყოფილიყო. არც ერთ იმდროინდელ ფალსიფიკატორს არ ჰქონდა ცოდნა ებრაული, ბერძნული და ლათინური დამწერლობის შესახებ, რომლებიც გავრცელებული იყო ახლო აღმოსავლეთში პირველ საუკუნეში. არავინ დაუშვებდა მხოლოდ იესოს ინიციალების დატოვებას სრული სახელის ნაცვლად. ასევე, ფალსიფიკატორები დაიცავდნენ წმინდა იოანეს სახარებაში მითითებულ ენათა თანმიმდევრობას სამენოვან წარწერაში.


მიქაელ ჰეზემანი თვლის, რომ მის აღმოჩენას გაცილებით ფართო შედეგები აქვს: "თუ მაღალი ალბათობით დავუშვებთ, რომ ტიტულუს კრუცისი ქრისტეს ეპოქიდან მომდინარეობს, მაშინ ამით დასტურდება ცნობები მისი აღმოჩენის შესახებ და არაპირდაპირ, სამი ჯვრისა და ლურსმნის ავთენტურობაც, რომლებიც მასთან ერთად იყო აღმოჩენილი. ეს კი ნიშნავს, რომ ჯვრის უამრავი რელიქვია, რომელიც ინახება ევროპის კათედრალებში, სავარაუდოდ, ნამდვილია - ყოველ შემთხვევაში, ნამდვილია ყველა ის ნაწილი, რომელიც დოკუმენტურად დასტურდება, როგორც რომიდან, კონსტანტინოპოლიდან ან იერუსალიმიდან მომდინარე."


როგორც გვახსოვს, წმინდა ელენემ წმინდა ჯვარი სამ ნაწილად დაყო. საკმაოდ მალე ამ ფრაგმენტებიდან დაიწყო უფრო პატარა ნაწილების მოხლეჩა და მათი გაგზავნა ქრისტიანულ ტაძრებში ყველაზე შორეულ კუთხეებშიც კი. თითქმის ყველას სურდა ამ სტიგმის, ქრისტეს ვნების ნიშნის ფლობა. რავენაში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა, მავრიტანულ ტიხტერსა და ალჟირულ Cape Matifuში, აჩვენა, რომ იქაური ეკლესიები უკვე მეოთხე საუკუნეში ინახავდნენ წმინდა ჯვრის რელიქვიებს.


ცნობილია, რომ იერუსალიმელი მომდევნო ეპისკოპოსები ჯვრის ნაწილებს უწყალობდნენ ადამიანებს, ვისთანაც განსაკუთრებულად მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ; მაგალითად, V საუკუნის დასაწყისში პატრიარქმა იოანემ მცირე ნაწილი აჩუქა წმინდა პავლინე ნოლანელსა და სულპიციუს სევერუსს, რომლისადმიც წერილში აღნიშნავდა, რომ "ყველაზე უმნიშვნელო ნაწილშიც კი მთელი ჯვრის ძალა იმალება".


ზოგიერთი ეკლესიის მამა, მაგალითად წმინდა გრიგოლ ნოსელი თუ წმინდა იოანე ოქროპირი იხსენებდა, რომ ქრისტიანები რელიქვიის ოქროთი მორთულ ამ ფრაგმენტებს კისერზე ატარებდნენ. არაფერი გასაკვირია იმაში, რომ 348 წლის ერთ-ერთ ქადაგებაში წმინდა კირილე, იერუსალიმის პატრიარქი, აცხადებდა, რომ "წმინდა ჯვრის ხე" არა მხოლოდ მის ბაზილიკაშია, არამედ "ახლა თითქმის მთელს დედამიწაზეა გავრცელებული".


ის, რაც ეკლესიის მამებისთვის სიამაყის მიზეზი იყო, რამდენიმე საუკუნის შემდეგ კათოლიკე ეკლესიის მიმართ წაყენებული ბრალდების საბაბი გახდა. XVI საუკუნის დასაწყისში ერასმუს როტერდამელმა განაცხადა: "სავაჭრო გემიც კი არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ერთ ადგილას დაეგროვებინა ჩვენი უფლის ჯვრის ყველა ის ნაწილი, რომელიც უთვალავ ადგილებში ინახება". მსგავსივე აზრი გამოთქვა მარტინ ლუთერმაც: "მსოფლიოში იმდენი ნაწილია ჯვრისა, რომ "მათგან შეიძლება მთლიანი სახლი აშენდეს". მათი აზრით, ჯვრის რელიქვიის ნაწილების უმეტესობა, რომელიც სხვადასხვა ეკლესიაში იყო გამოფენილი, უბრალოდ ბრმა ფალსიფიკატებს წარმოადგენდა.

ერასმუსისა და ლუთერის დებულებების გადამოწმება გადაწყვიტა XIX საუკუნის მეორე ნახევარში ფრანგმა მკვლევარმა შარლ როლო დე ფლერიმ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აგროვებდა ყველა მასალას ქრისტეს რელიქვიების შესახებ მთელს მსოფლიოში. მან თავის კვლევის შედეგები 1870 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში წარმოადგინა. მან გამოთვალა, რომ წმინდა ჯვრის საერთო მოცულობა შეადგენდა დაახლოებით 36,000 კუბურ სანტიმეტრს. იმავდროულად, მსოფლიოში გაბნეული მისი ფრაგმენტების საერთო მოცულობა მხოლოდ 4,000 კუბურ სანტიმეტრს აღწევდა. ეს ნიშნავდა, რომ ამ რელიქვიის დედამიწაზე ცნობილი და ოფიციალურად თაყვანსაცემი ყველა ნაწილი მთლიანის მხოლოდ ერთ მეცხრედს შეადგენდა. კრიტიკოსები თუმცა კი საუბრობდნენ იმ უამრავი ადგილის შესახებ, სადაც ჯვრის ნაწილები ინახებოდა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი მხოლოდ პატარა ჩხირებსა თუ ნაწილაკებს წარმოადგენდნენ.


სხვადასხვა ფრაგმენტის ავთენტურობა შეიძლება დადგინდეს ორი გზით: გამოკვლეული უნდა იყოს ხის ტიპი (ორიგინალური ჯვარი შესრულებული იყო შავი ფიჭვისგან - Pinus nigra) და უნდა დადასტურდეს, რომ ნაწილები მომდინარეობს რომიდან, კონსტანტინოპოლიდან ან იერუსალიმიდან. ამ ქალაქებში კონსტანტინეს დროიდან ხომ ინახებოდა ჯვრის უდიდესი ნაწილები, რომელთაგან შემდგომში მცირე ნატეხები სცილდებოდა.


პირველი დიდი ფრაგმენტი წმინდა ელენემ იერუსალიმში დატოვა. შემონახულია მომლოცველთა მრავალი მოწმობა, რომლის თანახმადაც ეს რელიქვია თაყვანისცემის ობიექტს წარმოადგენდა უფლის საფლავის ტაძარში. იგი შედგებოდა ვერტიკალური და ჰორიზონტალური ნაწილებისაგან. მორწმუნეებს შეეძლოთ მთხვეოდნენ ჯვარს, მაგრამ ხდებოდა ისეც, რომ ზოგიერთი მომლოცველი ხის ნაკუწს კბილებით სწყვეტდა და თან მიჰქონდა. ასეთი პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად შექმნეს სპეციალური თანამდებობა, ე.წ. staurophylaxa. ამ მოვალეობას ასრულებდა სანდო მღვდელი, რომელიც პასუხისმგებელი იყო რელიქვიის უსაფრთხოებაზე.


მე-5 საუკუნეში ერთ-ერთი ამგვარი staurophylax იყო იბერიული გალიციის წარმოშობის წმინდა ტურიბიუსი, პაპ ლეონ I-ისა და იერუსალიმის პატრიარქ იუვენალის მეგობარი. როდესაც იგი ასტორგის ეპისკოპოსად დაინიშნა, დატოვა წმინდა მიწა და დაბრუნდა ესპანეთში, სადაც 476 წელს გარდაიცვალა. მას თან ჩაჰქონდა იბერიის ნახევარკუნძულზე ჯვრის საკმაოდ დიდი ფრაგმენტი, რომელიც დღემდე ინახება კანტაბრიაში, Santo Toribio de Liebana-ს მონასტერში. თუმცა, ამ რელიქვიის არსებობა აღნიშნულ ადგილას მხოლოდ IX საუკუნიდან არის დადასტურებული. საუკუნეების განმავლობაში ეს ნაწილი  მიიჩნეოდა მსოფლიოში უდიდეს წმინდა ხის ნატეხად.  1958 წელს მადრიდის სატყეო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შენახული ნაწილი შექმნილია არა შავი ფიჭვისგან, არამედ ძალიან ძველი მარადმწვანე კვიპაროსისგან (Cupressus sempervirens), რაც ეჭვქვეშ აყენებს მის ავთენტურობას.


1614 წელს იერუსალიმი დაიპყრეს სპარსელებმა დიდი შაჰის ხოსროვ II-ის ხელმძღვანელობით. დამპყრობლებმა არამხოლოდ აიღეს ქალაქი, არამედ მისი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა მოაწყეს. დახოცეს ათიათასობით მცხოვრები, დაანგრიეს მრავალი ტაძარი და გაძარცვეს იქ დაცული განძი. აგრესორების ნადავლი გახდა ასევე წმინდა ჯვარი, რომელიც მათ სპარსეთის დედაქალაქ ქტესიფონში წაიღეს. ტყვედ აიყვანეს იერუსალიმის პატრიარქი ზაქარიაც.


ბიზანტიის იმპერატორი ჰერაკლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ხოსროს ძლიერების გამო, რომელმაც არამხოლოდ აიღო ანტიოქია, დამასკო, იერუსალიმი და ალექსანდრია, არამედ სამჯერ შეუტია კონსტანტინოპოლსაც. ჰერაკლე ფიქრობდა კიდეც დედაქალაქის დატოვებასა და ახლის დაარსებას აფრიკაში. ამ გეგმებიდან პატრიარქმა სერგიუსმა გადაათქმევინა. მანვე დაიყოლია იმპერატორი გამოეცხადებინა წმინდა ომი წარმართების წინააღმდეგ, რომლებმაც მოიპარეს ქრისტიანობის უძვირფასესი რელიკვია.

1627 წელს ბიზანტიის ჯარებმა გაანადგურეს სპარსეთის არმია ნინევიის ახლოს, ხოლო ჰერაკლე შევიდა დიდი შაჰის სასახლეში, რომელიც მდებარეობდა მხოლოდ 30 კილომეტრში ქტესიფონიდან. დაქანცულ სპარსელებს მეტი ბრძოლის ძალა აღარ შესწევდათ. ხოსრო დაამხო და მოკლა საკუთარმა ვაჟმა კავადმა, რომელმაც დაიწყო მოლაპარაკებები ბიზანტიელებთან. ამის შედეგად, 628 წლის მაისში, ჭეშმარიტი ჯვარი დაუბრუნდა ქრისტიანებს. რამდენიმე თვის შემდეგ, სექტემბერში, კონსტანტინოპოლში, აიასოფიას ტაძარში რელიკვიის საზეიმო მიღება მოეწყო.


ზამთრის დასრულებისთანავე, ჰერაკლემ გადაწყვიტა ნაძარცვი განძი იერუსალიმში პირადად წაეღო. ამ მოვლენის შესახებ შემორჩენილია მემატიანეთა აღწერები. 629 წლის 3 მაისს იმპერატორი ფეხშიშველი, გვირგვინის გარეშე, მხოლოდ თეთრი სელის ქსოვილით შემოსილი შევიდა წმინდა ქალაქში. მან ის ჯვარი შეიტანა, რომელიც ექვსი საუკუნით ადრე თავად ქრისტემ ზიდა. მბრძანებელს თან ახლდა სპარსეთის ტყვეობიდან განთავისუფლებული ეპისკოპოსი ზაქარია.


ქრისტიანთა სიხარული იერუსალიმში დიდხანს არ გაგრძელებულა. 638 წელს ქალაქი დაიპყრეს მუსლიმმა არაბებმა. ახალი მმართველები თავდაპირველად შედარებით ტოლერანტულები იყვნენ ქრისტეს მიმდევრების მიმართ. ხალიფა ომარმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას პატრიარქ სოფრონიუსთან, რომ ქრისტიანული სალოცავი ადგილები იერუსალიმში დაცული იქნებოდა ისლამური რჯულის პრინციპების შესაბამისად. ვითარება შეიცვალა XI საუკუნის დასაწყისში ხალიფა ალ-ჰაკიმის მმართველობის დროს, რომელმაც დაიწყო ქრისტიანთა დევნა. 1009 წლის 18 ოქტომბერს მან ბრძანა უფლის საფლავის ტაძრის დანგრევა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, ნანგრევებამდე დაშალა თვით იესოს საფლავის კლდეში გამოკვეთილი ნეშტიც.


ხალიფას მიერ დაწყებულმა რეპრესიების პოლიტიკამ ქრისტიანული ევროპის მწვავე რეაქცია გამოიწვია. სულ უფრო მეტად ვრცელდებოდა წმინდა ქალაქის უღვთოთა ხელიდან გათავისუფლების მოწოდებები. ამის შედეგად წმინდა მიწისკენ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა დაიძრა. ჯვაროსნულმა ომმა წარმატებით ჩაიარა და 1099 წლის 15 ივლისს ჯვაროსანთა ლაშქარმა აიღო იერუსალიმი. იერუსალიმის ლათინური სამეფოს პირველმა მბრძანებელმა, გოტფრიდ ბუილონელმა, ბრძანა ახალი უფლის საფლავის ტაძრის აგება. ჯვაროსნები იმედოვნებდნენ, რომ ჭეშმარიტი ჯვარი ამ ტაძარში თაყვანისცემის ობიექტი გახდებოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ქალაქში რელიკვიის მხოლოდ ოთხი არც ისე დიდი ფრაგმენტი იყო დარჩენილი. ირკვეოდა, რომ 638 წელს, როცა წმინდა მიწას მუსლიმები უახლოვდებოდნენ, იმჟამინდელმა იერუსალიმის პატრიარქმა, წმინდა სოფრონ დამასკელმა, იმის შიშით, რომ დამპყრობლებს შეიძლება ჯვარი გაენადგურებინათ, იგი ცხრამეტ ნაწილად გაყო და თხუთმეტი მათგანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაგზავნა. სამი - კონსტანტინოპოლსა და ანტიოქიაში, ორი საქართველოსა და კვიპროსზე, ხოლო თითო - ალექსანდრიაში, აშქალონში, ედესაში, დამასკოსა და კრეტაზე.


მომდევნო წლებში იერუსალიმში დარჩენილი რელიქვიის ფრაგმენტებიც თანდათან მცირდებოდა. ჯვაროსანთა სამეფო ფინანსურ პრობლემებს აწყდებოდა და საარსებოდ დაფინანსება სჭირდებოდა, სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი გზა კი რელიქვიებით ვაჭრობა გახდა. ამგვარად, ევროპის მრავალ ადგილას ჯვრის შემდგომი ნაწილები მოხვდა, მათ შორის ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფრაგმენტი ვინერვალდში, ავსტრიაში - პირველი წმინდა მიწას მოუტანა ლეოპოლდ III-მ, ხოლო მეორე - მისმა შვილიშვილმა ლეოპოლდ V-მ.

 

იერუსალიმის ლათინელი მეფეები ასევე აგზავნიდნენ თავიანთ ელჩებს ევროპაში ჯვრის რელიკვიებით იმისათვის, რომ გადაეცათ ლოცვა-კურთხევა და შეეგროვებინათ შემოწირულობები ჯვაროსანთა სახელმწიფოს შესანახად. ზოგჯერ ხდებოდა ისეც, რომ ამ ელჩებს თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ მათ ხელში არსებულ განძს. ასეთი ბედი ეწია, მაგალითად, კანონიკოს კონრადს ბავარიაში, რომელსაც დაქირავებული ხალხით გაძარცვა გრაფმა კონრად II დახაუელმა. ნაძარცვი რელიქვია ამ ფეოდალის გვიანდელმა მემკვიდრეებმა გადასცეს შეიერნის მონასტერს. ამის გამო, ბავარიის ეს სავანე შუა საუკუნეებში გერმანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამლოცველო ადგილად იქცა.

 

თუმცა იერუსალიმის სამეფომ საუკუნესაც ვერ გასტანა. 1187 წელს იგი დაამხო სულთან სალადინის ლაშქარმა. გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა 4 ივლისს ჰიტინთან, გალილეის ტბის მახლობლად. ბრძოლისას სარკინოზებს ხელში ჩაუვარდათ ბეთლემის ეპისკოპოსის მიერ დროშად აღმართული ჯვრის ნაწილი. ამ დანაკარგმა ქრისტიან ჯარისკაცთა ბრძოლისუნარიანობა შეარყია. გამარჯვებულმა მუსლიმებმა ნადავლი დამასკოში გაგზავნეს. ხუთი წლის შემდეგ, მისი გამოსყიდვა მოისურვა საქართველოს დედოფალმა, მაგრამ სულთანი არ დათანხმდა. ამ ჯვრის შემდგომი ბედი უცნობია - იგი უკვალოდ დაიკარგა.

 

1187 წლის 2 ოქტომბერს სალადინმა აიღო იერუსალიმი. ქალაქში მხოლოდ რელიქვიის მცირე ფრაგმენტები დარჩა. მათგან უდიდესი - 11.5 სმ სიგრძის - ამჟამად ინახება სომეხთა წმინდა იაკობის საკათედრო ტაძარში ძველი ქალაქის სომხურ უბანში.

 

ჭეშმარიტი ჯვრის მეორე ნაწილი, რომელიც წმინდა ელენემ გაყო, როგორც ვიცით, რომში მოხვდა. Titulus-ის მარჯვენა ნახევართან ერთად, იგი განათავსეს სასახლე სესორიუმში, რომელიც მოგვიანებით გადააკეთეს იერუსალიმის წმინდა ჯვრის ბაზილიკად. ამ ტაძარში იგი ინახებოდა თხუთმეტიოდე საუკუნის განმავლობაში, 1629 წლამდე, როდესაც პაპმა ურბან VIII-მ ბრძანა რელიკვიის ძირითადი ნაწილის გადატანა ახლადაშენებულ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, ვატიკანში. იქ იგი მოათავსეს წმინდა ელენეს სვეტის ერთ-ერთ ბურჯში, რომელიც სხვა სამ ბურჯთან ერთად გუმბათის საყრდენს წარმოადგენს. მომდევნო წლებში შემდგომი პაპები სხვადასხვა პირსა თუ თემებს გადასცემდნენ ამ რელიკვიის უმცირეს ნამსხვრევებს.

 

იერუსალიმის წმინდა ჯვრის ბაზილიკაში მხოლოდ ჯვრის სამი პატარა ფრაგმენტი დარჩა, რომლებიც დღეს 1803 წლის სამლოცველოშია მოთავსებული. მათთან ერთად საჯაროდ არის გამოფენილი უკვე ნახსენები Titulus-ის ნახევარი და იმ სამი ჯვრიდან ერთ-ერთის ვერტიკალური ნაწილი, რომელიც წმინდა ელენემ აღმოაჩინა. ეს ნაწილი, რომელიც ცნობილია, როგორც „კეთილი ავაზაკის ჯვრის ნაწილი" (pars crucis boni latronis), საშუალებას გვაძლევს თვალნათლივ დავინახოთ, რა ზომის იყო იესოსთვის განკუთვნილი სიკვდილის იარაღი.

 

ორიგინალური ჯვრის მესამე ნაწილი კი ახლადაშენებულ იმპერიის დედაქალაქში, კონსტანტინოპოლში მოხვდა, რომლის საზეიმო გახსნა 330 წლის 11 მაისს შედგა. Augusteum-ის მოედანი ქალაქის ცენტრალურ ადგილად იქცა; მის შუაში იდგა ოთხი საზეიმო თაღით გარშემორტყმული მილიონი - მილის ქვა, საიდანაც იზომებოდა ყველა მანძილი სახელმწიფოში. მის თავზე იყო გუმბათი, რომლის თავზეც წმინდა ჯვრის დიდი ნაწილის შემცველი სამლოცველო აღმართეს. ამგვარად იმპერატორ კონსტანტინეს სურდა სიმბოლურად გამოეხატა, რომ სამყაროს ცენტრი ქრისტეს ჯვარია.

 

თუმცა რელიქვიის უფრო დიდი ნაწილი აღმოჩნდა იმპერატორის განძში. ბიზანტიის შემდგომი მმართველები მისგან აცლიდნენ პატარა ნამსხვრევებს და აძლევდნენ მათ სხვადასხვა გავლენიან პირებს, რომელთა მხარდაჭერაც განსაკუთრებით სჭირდებოდათ. მაგალითად, იმპერატორმა იუსტინიანე II-მ 569 წელს ჯვრის ერთი ნაწილი მისცა ტიურინგიის მმართველის ასულს, წმ. რადეგუნდეს, პუატიეს მონასტრის წინამძღვარს, ხოლო იმპერატორმა კონსტანტინე VIII-მ სხვა ფრაგმენტი გერმანელ გრაფს, მანგოლდ ვერდელს, რომელმაც იგი დონაუვორთის სავანეს გადასცა. ცნობილია ასევე, რომ კონსტანტინოპოლიდან რელიქვიის ნამსხვრევები მოხვდა, სხვათა შორის, რომში, წმ. პეტრეს ბაზილიკაში, ათონის მთის მონასტრებში თუ ესტერგომის საკათედრო ტაძარში, უნგრეთში.

 

სწორედ უნგრეთიდან, როგორც გადმოგვცემს ბენედიქტელთა ტრადიცია და იან დლუგოშის მემატიანე, ჯვრის ნაწილი პოლონეთში ჩავიდა. იგი თითქოს უნგრეთის უფლისწულის, წმ. ემერიკის საჩუქარს წარმოადგენდა 1006 წელს დაარსებული Święty Krzyż-ის (წმინდა ჯვრის) მთის მონასტრისთვის. ეს რელიქვია, სპეციალურად დამზადებულ ოქროს ბუდეში მოთავსებული, დღემდე ინახება ოლეშნიცკების ოჯახის კაპელის მთავარ საკურთხეველში სვენტოკშისკის მონასტერში. ახლახან ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იქაური ხის ნაწილი მომდინარეობს შავი ფიჭვისგან, ანუ იმავე ხისგან, რომლისგანაც იესო ქრისტეს ჯვარი იყო დამზადებული.

 

კონსტანტინოპოლის ერთ-ერთი ჯვრის ნაწილი ასევე მოხვდა ესენის ქალთა მონასტერში.

 

მომდევნო საუკუნეების განმავლობაში კონსტანტინოპოლი მთელ ქრისტიანულ სამყაროში განთქმული იყო როგორც ზღაპრულად მდიდარი ქალაქი, ფუფუნებისა და ოქროს სავანე, მაგრამ კონსტანტინოპოლის სიმდიდრე იწვევდა დასავლეთ ევროპელ მმართველთა შურს. 1204 წელს მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელშიც ფრანკები და ვენეციელები ჭარბობდნენ, წმინდა მიწის ნაცვლად, ბიზანტიის დედაქალაქისკენ დაიძრა. 13 აპრილს ქალაქი ლათინმა ჯვაროსნებმა შტურმით აიღეს და მთლიანად გაძარცვეს. ეს მოვლენა დღემდე კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის ურთიერთობის საკმაოდ მტკივნეულ ასპექტს წარმოადგენს.

 

შუა საუკუნეების კიოლნის სამეფო მატიანეში ვკითხულობთ შემდეგ აღწერას: „ქალაქის აღების შემდეგ აღმოაჩინეს უმდიდრესი განძეულობა, შეუდარებელი ძვირფასი ქვები, ასევე ნაწილი ქრისტეს ჯვრისა, რომელიც ელენეს ჰქონდა იერუსალიმიდან ჩამოტანილი და რომელიც მოოქროვილი და ძვირფასი ქვებით მორთული იყო და უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა. იგი დანაწევრდა და სხვა ძვირფას რელიკვიებთან ერთად გაუნაწილდა იქ მყოფ ეპისკოპოსებსა და რაინდებს; ისინი მოგვიანებით, სამშობლოში დაბრუნებისას, ამ რელიქვიებს გადასცემდნენ ეკლესიებსა და მონასტრებს."

 

ამიტომ გასაკვირი არაა, რომ 1204 წლის შემდეგ დასავლეთ ევროპის მრავალ ქალაქში, განსაკუთრებით საფრანგეთსა და ფლანდრიაში, გაჩნდა ათობით წმინდა საგანი, მათ შორის ჯვრის ნაწილებიც. სწორედ მაშინ ამ რელიქვიის ნაწილები მოხვდა სხვათა შორის ანჟერში, ბოჟეში, კორბიში, ლილში, ლიმბურგში, მაასტრიხტში, მეტლახსა და ტრირში. ხშირად ამ ნაწილებს კვლავ აცლიდნენ მცირე ნატეხებს და უზიარებდნენ სხვა ტაძრებს. მთავარ ადგილს, საიდანაც ეს განძი კონტინენტზე ვრცელდებოდა, ვენეცია წარმოადგენდა. დღემდე წმ. მარკოზის ბაზილიკის საგანძურში ვენეციაში ინახება ერთ-ერთი უდიდესი ცნობილი ნაწილი წმინდა ჯვრისა - 42 სმ-ზე მეტი სიგრძის. მისი სამლოცველო, ისტორიაში ცნობილი, როგორც დედოფალ ირინეს ჯვარი, წარმოადგენს სამხედრო ნადავლს, მოპოვებულს კონსტანტინოპოლში.


ჯვრის ნაწილებს ქრისტიანები დიდი მოწიწებითა და ღვთისმოსაობით ეპყრობოდნენ. მათ ჩვეულებრივ ათავსებდნენ ძვირფას სამლოცველოებში, რომლებსაც სტაუროთეკები ეწოდებოდა (ბერძნული სიტყვებიდან: stauros - ბოძი, კოჭი, ჯვარი, და theka - შეფუთვა, ჩარჩო). უმეტესად ისინი მოჭედილი იყო ე.წ. უჯრედული მინანქრით, მორთული ძვირფასი ქვებითა და ოქროთი.


მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, როდესაც ევროპის დასავლეთი მოიცვა ბიზანტიიდან წამოღებულმა რელიკვიებმა, გაჩნდა ასევე მრავალი ყალბი ნივთიც. მათ შორის განსაკუთრებით დიდი იყო ცრუ ჯვრის ნაწილაკებისა და ე.წ. arma Christi-ს ჯგუფს მიკუთვნებული საგნების რაოდენობა, ანუ ქრისტეს ვნების იარაღების. ამის გამო XIII საუკუნეში ეკლესიამ გაამკაცრა რელიკვიების ავთენტურობის დადასტურების წესები, ხოლო ზოგიერთისადმი (მაგ. ქრისტეს სისხლი ან მარიამის რძე) უკიდურესი უნდობლობით მოეკიდა. ამასთანავე, ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობის მასობრივმა გაყიდვამ მრავალი კათოლიკე იერარქის პროტესტი გამოიწვია. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 1215 წელს ლატერანის მე-4 კრებაზე გამოცხადდა, რომ არცერთ ქრისტიანს არ შეუძლია რელიქვიებით ვაჭრობა (sacras reliquias vendere nefas est) განკვეთის მუქარით. მიუხედავად ამისა, ეს აკრძალვა მუდმივად ირღვეოდა.

დღემდე ზოგიერთი ნაწილის წარმომავლობა საბოლოოდ არაა დადგენილი. ცნობილია, მაგალითად, რომ იმპერატორი კარლოს დიდი იყო რელიქვიების გატაცებული კოლექციონერი და მის საკუთრებაში იყო წმინდა ჯვრის საკმაოდ დიდი ფრაგმენტი. ერთ-ერთ მოტეხილ ნამსხვრევს იგი ყოველთვის ატარებდა თან კისერზე. ისტორიკოსები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ საიდან ჰქონდა მას ეს ნაწილი. ზოგი ფიქრობს, რომ იგი პაპ ლეონ III-ის საჩუქარს წარმოადგენდა, სხვები კი - რომ ეს იყო საჩუქარი იერუსალიმის პატრიარქისგან. დროთა განმავლობაში იგი გახდა სამეფო კარის რელიკვია, რომელსაც მემკვიდრეობით იღებდნენ წმინდა რომის იმპერიის გერმანული ერის მომდევნო მმართველები.


XIV საუკუნეში ერთ-ერთმა მათგანმა, კარლ IV ლუქსემბურგელის ბრძანებით, რომელიც რელიკვიებისადმი დიდი მოწიწებით გამოირჩეოდა, პრაღის მახლობლად აშენდა ციხე-კოშკი Karlštejn, სადაც მთელი ევროპიდან გროვდებოდა სხვადასხვა წმინდა საგნები. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული ციხე-სიმაგრე მთელს იმპერიაში, რომელსაც გრაალის ციტადელსაც უწოდებდნენ. კარლი ბავშვობიდანვე იყო აღზრდილი მრგვალი მაგიდის რაინდების კულტზე და პატარაობისას განცვიფრებით ისმენდა ამბებს Monsalvat-ის ჯადოსნური მთის შესახებ, სადაც იდუმალ ციხე-დარბაზში ინახებოდა წმინდა გრაალი. როდესაც იმპერატორი გახდა, გადაწყვიტა, განეხორციელებინა ბავშვური ოცნებები და ააშენა სიმაგრე, სადაც რელიქვიებს აგროვებდა. შენობის ცენტრალურ ადგილს იკავებდა მდიდრულად მორთული კაპელა, რომელშიც კარლი, ყოველთვის მორჩილების ნიშნად ფეხშიშველი შედიოდა. დღემდე შემორჩენილია ფრესკები, სადაც გამოსახულია მმართველი ციხის ეკლესიაში მლოცველი.

პრაღის ახალი ქალაქის მოედანზე იმპერატორი დროდადრო მართავდა ე.წ. den svatosti, ანუ მის მიერ შეგროვებული რელიქვიების დიდი კოლექციის საჯარო გამოფენას. იმპერატორული ჯვრის ნაწილაკებიც იყოფოდა უფრო მცირე ნაწილებად, რომლებსაც ათავსებდნენ ახალ სამლოცველოებში - ორი მათგანი, ყველაზე ცნობილი, დღეს ინახება პრაღის წმ. ვიტას საკათედრო ტაძრის საგანძურში და ჰოფბურგის სასახლეში, ვენაში. ახლო ხანებში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ვენაში შენახული ხის ნატეხი შექმნილია შავი ფიჭვისგან.


შუა საუკუნეების ევროპაში ასევე გავრცელდა ვნების გზისა და გოლგოთის აგების პრაქტიკაც. გოლგოთა წარმოადგენდა სამლოცველო კომპლექსს, რომელიც განასახიერებდა უფლის ვნების ცალკეულ სადგურებს და აშენებული იყო ისეთნაირად, რომ შეესაბამებოდა თავისი განლაგებით იერუსალიმს. პირველი ასეთი ობიექტი აშენდა 1405-1420 წლებში, კორდობის ახლოს, ესპანეთში, დომინიკელი ბერის, ნეტარი ალვარუსის ინიციატივით. შემდეგ მსგავსი კომპლექსები გაჩნდნენ გერმანიაში, მაგალითად ბადენ-ვიურტენბერგის მონაზვნებმა ვილინგენის მონასტრიდან აღადგინეს ზუსტად თავიანთი სავანის ტერიტორიაზე იერუსალიმის წმინდა ადგილების ტოპოგრაფია.



საქართველოში ჯვრის წმინდა ნაწილები თბილისში, კამილიელ მამათა საძმოს კაპელაში იმყოფება. ისინი კამილიელთა პიედმონტის პროვინციას ტურინის კარდინალმა ავგუსტინო რიშელმიმ 1910 წლის 5 მარტს. საჩუქრად გადასცა. რელიქვიის სასარგებლოდ მეტყველებს მისი გადაცემის დრო, ასევე კარდინალის ავტორიტეტი, რომელიც ტურინის სუდარის მეურვე იყო.


წმინდა ჯვრის ნაწილები საქართველოში ჩამოიტანა მამა ჯანჯიროლამო მარტინიმ.

ეს არის აქაურ კამილიელთა და მთელი ქართული ეკლესიის განსაკუთრებული განძი.


მამა პავლე დილი

კამილიელი ბერი საქართველოში

bottom of page