top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ღმერთის სახელი - ნაწილი პირველი

  • Feb 9
  • 3 min read

Updated: Feb 10


დაბადების წიგნის თანახმად (დაბ. 4, 26), სახელი YHWH (ტეტრაგრამატონი: 4 ასო; იაჰვე) უკავშირდება კაცობრიობის არსებობის საწყის ეტაპს, დასაბამს. წარმოშობის შესახებ ბიბლიურ ტექსტებში ღმერთს სწორედ ამ სახელით მოიხსენიებენ (დაბ. 2, 3). აღნიშნული ტექსტების მომდევნო თხრობაში გამოსვლის წიგნიდან (გამ. 3) ნათქვამია, რომ ისრაელიანების მამათა ღმერთი, რომელსაც ისინი მიმართავდნენ, გამოეცხადა მოსეს დაუწველ მაყვლოვანში. კიდევ ერთი ტექსტი ადასტურებს, რომ სახელი YHWH ცნობილი იყო გამოსვლამდე: ღმერთი აცხადებს ღმრთაებრივ სახელს: „...წარმოვთქვამ უფლის (YHWH-ს) სახელს შენს წინაშე... და გაიარა უფალმა მის წინაშე და წარმოთქვა: ,,უფალი, უფალი (YHWH, YHWH), ღმერთი შემბრალე და მოწყალე, სულგრძელი და დიდად მოწყალე, და ჭეშმარიტი...“ (გამ. 33,18-34, 7). იმავე წიგნის მე-6 თავში (გამ. 6, 2-3) მითითებულია, რომ სახელი „YHWH“ მხოლოდ მოსეს გამოეცხადა, მაგრამ აქ იგულისხმება სახელის მნიშვნელობა და არა გამოთქმა.



ა. „სახელის“ მნიშვნელობა ებრაულ ენაში (ივრითი)

ებრაელებისთვის „სახელი“ არის არსობის არსი, სიღრმისეული რეალობა. „სახელი“ არ არის უბრალოდ „იარლიყი“, ან რაღაცის აღმნიშვნელი. სწორედ ამიტომ სამყაროს შექმნისას ღმერთი ყველაფერს სახელს არქმევს (დაბ. 1). სახელის დარქმევა ნიშნავს გარკვეულ ძალაუფლებას, არსებულის ბუნების შეცნობას. ანალოგიურად, ადამი არქმევს სახელებს ცხოველებს (დაბ. 2,19-20), მაგრამ ქალს თავის სახელს ანიჭებს, ოღონდ მდედრობით ფორმაში (დაბ. 2, 23). ღმერთი ახალ სახელს არქმევს მამაკაცებს, რომლებსაც ის ირჩევს: აბრამი-აბრაამი (დაბ. 17, 5), იაკობი-ისრაელი (დაბ. 32, 29) და ა.შ. თუმცა არავის ძალუძს შეიმეცნოს ღმრთის სახელი (დაბ. 32, 30; მსაჯ. 13, 17-18). ტექსტები, რომლებშიც საუბარია ღმრთის „სახელზე“, აკურთხებენ, ადიდებენ მას, თავად ღმერთს ეხება და არა „სიტყვას“. უფლის სახელი (YHWH) არ ნიშნავს ღმერთის არსის განსაზღვრას, არამედ გამოხატავს მის მოქმედებას და მყოფობას. ქრისტეშობამდე ბოლო საუკუნეებში რაბინულ ტექსტებში ტეტრაგრამატონი ჩანაცვლებულია სიტყვით „ჰაშემ“ - „სახელი“: „სახელმა თქვა, სახელმა გააკეთა...“. ახალ აღთქმაში სახელებს ასევე მნიშნელოვანი ადგილი უჭირავთ (იესო - ემანუელი, იოანე - ნათლისმცემელი, სიმონი - პეტრე). მოციქულთა საქმეების წიგნში „იესოს სახელით“ მოქმედება არ ნიშნავს მაგიური სიტყვის მოხმობას, არამედ „უფლის“ აღიარებას, რომელსაც ღმერთმა მიანიჭა „ყველა სახელზე უზენაესი სახელი“ (ფილიპ. 2, 9), სახელი, რომელსაც ხსნა მოაქვს: „სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით“ (საქმე. 4, 12).


ბ. ეტიმოლოგიის მნიშვნელობა ებრაელთათვის

ებრაულ სამყაროში ეტიმოლოგია არის ერთგვარი თეოლოგიური „თამაში“, რომელიც საშუალებას იძლევა სახელი დაუკავშირდეს მნიშვნელობას, მაშინაც კი, თუ კავშირი არ არის ლინგვისტური (ასახსნელი სახელი ხშირად არ არის ებრაული ან თუნდაც სემიტური წარმოშობის). მაგალითად, სახელი მოსე, რომელიც ბიბლიაში ითარგმნება, როგორც „წყლიდან გადარჩენილი“, სინამდვილეში ეგვიპტური სახელია, რაც ნიშნავს „ბავშვი, რომელიც დაიბადა“. სხვა სახელებიც გვხვდება, მაგალითად რამზესი - „რასგან შობილი“, ან თუტმოსი - „თოტისგან შობილი“. ანალოგიურად, სახელს „ისრაელი“ შეიძლება ჰქონდეს სხვა მნიშვნელობაც, გარდა „ძლიერია ღმერთის წინაშე“. ამგვარი განმარტებების გამოყენება დამახასიათებელია ბიბლიური ტექსტებისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანის ან ტომის სახელს, ადგილის სახელწოდებას გარკვეული შინაარსობრივი დატვირთვა ენიჭება, მაგალითად, აბრაამი - „ხალხთა მამა“, ისააკი - „სიცილის შვილი“.


გ. დაუწველი მაყვლოვანი - ღმერთის სახელი (გამ. 3, 13-15)

ტექსტის სტრუქტურის ანალიზი ცხადყოფს, რომ აქაც გამოყენებულია სიტყვათა გარკვეული „თამაში“, რასაც აქვს თავისი შინაარსობრივი დატვირთვა. მოსე ეკითხება ღმერთს: „აჰა, მე მივალ ისრაელის ძეებთან, და ვეტყვი მათ: თქვენი მამების ღმერთმა მომავლინა-მეთქი თქვენთან. და მეტყვიან: ‘რა არის მისი სახელი?’ რა ვუთხრა მათ?“ ღმერთი პასუხობს: „მე ვარ, რომელიც ვარ.“ და თქვა „ასე უთხარი ისრაელის ძეთ - მე ვარმა მომავლინა-თქო თქვენთან.“ ამ ტექსტიდან მომდინარეობს, რომ ღმერთის სახელია „მე ვარ“ (ჰეიჰ და არა იაჰვე). შემდეგ კი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი რედაქტორის მიერ დამატებულია: „კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს - სიტყვა „კვლავ“ მიუთითებს დამატებაზე - ‘ასე უთხარი ისრაელის ძეთ: უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა მომავლინა თქვენთან“. აქ ხაზგასმულია, რომ ღმერთი, რომელიც მოსეს ეცხადება, იგივეა, ვინც ხუთი საუკუნით ადრე ელაპარაკა პატრიარქებს (გამ. 3, 6) და რომელიც უკვე ატარებდა სახელს „იაჰვე“ (YHWH). ამგვარად, გამოსვლის წიგნის მე-3 თავის ავტორი აკავშირებს ეგვიპტის მონობისგან განთავისუფლების ისტორიას პატრიარქების ისტორიასთან უძველესი სახელის მნიშვნელობის ახსნით.


მამა პიერ დიუმულენი

ჟურნალი "საბა", 2026, თებერვალი




Comments


bottom of page