top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ყაზახეთში არეულობის გამო ქართველი სემინარისტები სემინარიაში ვერ ბრუნდებიან

Updated: May 8, 2022


ყაზახეთის ქალაქ ყარაღანდაში არსებულ კათოლიკურ სასულიერო სემინარიაში ორი ქართველი სწავლობს. სემინარისტები ილია შაბაშვილი და პაატა ჩუბინიძე ყარაღანდაში 7 იანვარს უნდა ჩასულიყვნენ, თუმცა ფრენა გადაიდო და არასტაბილური მდგომარეობის გამო შეყოვნება მოუწიათ.



ყარაღანდაში ქართველი სემინარისტები სწავლობენ ეპარქიათაშორის უმაღლეს კათოლიკურ სასულიერო სემინარიაში, სახელწოდებით – „მარიამი - ეკლესიის დედა“.

სემინარისტი ილია შაბაშვილი ფილოსოფიის II კურსის სტუდენტია, პაატა ჩუბინიძე კი - I კურსის სტუდენტი.


ისინი ყაზახეთიდან საქართველოში 22 დეკემბერს, საშობაო არდადეგებზე დაბრუნდნენ და უკან 7 იანვარს უნდა გაფრენილიყვნენ, თუმცა ყაზახეთში არსებული მასობრივი დემონსტრაციების გამო, მათი სასწავლო პროცესი შეფერხდა:


„Air Astana-ს ავიაბილეთი უკვე ნაყიდი გვაქვს, თუმცა ფრენა გადაიდო და ამავდროულად, იქ არსებული სიტუაციის გამო, რექტორმა გვითხრა, რომ თავი შეგვეკავებინა ჩასვლისგან, სანამ არ დაწყნარდება სიტუაცია“, – ამბობს catholic.ge-სთან სემინარისტი ილია შაბაშვილი.


იგი სასულიერო სემინარიაში ერთი წლით სემინარისტთა დეკანად აირჩიეს. ამბობს, რომ სასწავლო პროცესში უკვე მეორე სემესტრი უნდა დაწყებულიყო. „როგორც კი ჩავიდოდით, 10 იანვრიდან ერთკვირიანი სწავლა დაგვეწყებოდა, ამავე კვირაში გვექნებოდა ჩათვლები და მეორე კვირიდან გამოცდებისთვის მზადება და ამავდროულად გამოცდები უნდა დაწყებულიყო“.


ამ ეტაპზე ორ ქართველთან ერთად სემინარიაში რუსები, უზბეკები და ყაზახები სწავლობენ.


„რექტორს ვერ ვესაუბრეთ იმაზე, თუ რა სიტუაციაა ყარაღანდაში სემინარიის ირგვლივ. არ ჰქონდა კარგი ინტერნეტ კავშირი, თუმცა გვითხრა, რომ ტელევიზიებში რასაც აჩვენებენ, ასეთი რთული სიტუაციაც არ არისო. მხოლოდ ეს ინფორმაცია მაქვს მე ამ დროისთვის“, – ამბობს სემინარისტი ილია.


როდის გაემგზავრებიან ქართველი სემინარისტები ყაზახეთში სასულიერო სწავლების გასაგრძელებლად, ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში მიმდინარე დღეებში.


ცნობისთვის, ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ შეჩერებულა.


კათოლიკე ეპისკოპოსი ათანასე შნაიდერი, რომელიც ასტანაში არქიეპისკოპოსის დამხმარე ეპისკოპოსია, აცხადებს, რომ უპრეცედენტო არეულობის ფონზე, კათოლიკეები ყაზახეთში უსაფრთხოდ არიან.

ამის შესახებ ეპისკოპოსმა 8 იანვარს საკუთარ ტვიტერზე შეტყობინება გამოაქვეყნა.


„ყაზახეთში კათოლიკეები ღვთის წყალობით არიან დაცული. ჩვენ ეკლესიებში ვაგრძელებთ წმინდა წირვებს, ევქარისტიულ თაყვანისცემასა და ვლოცულობთ განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სოციალური ცხოვრების ჰარმონიისთვის, რაც ყაზახ ხალხს სურს", – წერს ეპისკოპოსი.



ყაზახეთში დაახლოებით 250 000 კათოლიკეა, რომელთაგან ბევრი ეთნიკური პოლონელი, გერმანელი და ლიეტუელია. კათოლიკე მოსახლეობა აქ მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა ლიდერმა იოსებ სტალინმა დეპორტაცია განახორციელა.


ყაზახეთის კათოლიკეების უმეტესობა ლათინური წესის მიმდევარია, თუმცა ასევე არიან აღმოსავლური რიტის წარმომადგენლები, დაახლოებით 3 000 ადამიანი, რომლებიც უმცირესობას შეადგენენ.


იოანე პავლე II იყო პირველი პაპი, რომელიც 2001 წელს ყაზახეთს ეწვია. პაპი ფრანცისკე ამ ქვეყანაში მოგზაურობას პანდემიის გავრცელებამდე გეგმავდა.

თაკო ფეიქრიშვილი

Catholic.ge

bottom of page