top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘შეწყვიტეთ ცეცხლი და გახსენით ჰუმანიტარული დერეფანი’ – ვატიკანი



უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტა; დიპლომატიისა და დიალოგის გზაზე დაბრუნება – ამ მოწოდებებით გამოვიდა წმინდა საყდარი. განცხადებები გაეროს მუდმივმა დამკვირვებელმა, არქიეპისკოპოსმა გაბრიელ ჯორდანო კაჩიმ გააჟღერა, ნიუ–იორკში, გაეროს XI საგანგებო, სპეციალურ გენერალურ ასამბლეაზე.


არქიეპისკოპოსმა კაჩიმ ასამბლეის მონაწილეებს პაპ ფრანცისკეს 2022 წლის 27 თებერვლის მოწოდება გაახსენა, სადაც საუბარია დევნილთათვის ჰუმანიტარული დერეფნების დაუყოვნებლივ გახსნაზე.


წმინდა საყდარი თვლის, რომ აუცილებელია ჰუმანიტარული ორგანიზაციებისათვის სრული უსაფრთხოების დაცვა და წინაღობებისგან განთავისუფლება, „რათა მათ შეძლონ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას აღმოუჩინონ ოპერატიული ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც უკავშირდება მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას, ეს კი ჰუმანიტარულ პერსონალისათვის უნდა იყოს განსაკუთრებული დავალება“.


წმინდა საყდარი უერთდება იმ ქვეყნებს, რომელთა მოწოდებაც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისაა, დიპლომატიისა და დიალოგის გზით.


„კათოლიკე ეკლესია და მასში არსებული საქველმოქმედო ორგანიზაციები, დახმარებას უწევენ ათასობით ადამიანს და ამის კეთებას გააგრძელებენ“, – აღნიშნა წმინდა საყდრის წარმომადგენელმა გაეროში და მადლიერება გამოხატა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობენ, როგორც უკრაინას, ასევე მეზობელ ქვეყნებს, სადაც უკრაინის მოქალაქეები თავშესაფარს ეძებენ.


„წმინდა საყდრისთვის საყოველთაო პასუხისმგებლობას წარმოადგენს ათასობით ლტოლვილის მიღება და მათი დახმარება. ამავდროულად, დაცული უნდა იქნას გაუშვებლობის საერთო პრინციპები და ლტოლვილთა საერთაშორისო უფლებები. მიუღებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია“.


"წმინდა საყდარი დარწმუნებულია, რომ ყოველთვის არის კეთილგანწყობის დრო, მოლაპარაკებისა და სიბრძნის გამოვლენის ადგილი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს პირადი ინტერესების გაბატონებას, დაიცვას თითოეული ადამიანის კანონიერი მისწრაფებები და გაათავისუფლოს სამყარო ომის სისულელეებისა და საშინელებებისაგან“, – აღნიშნა არქიეპისკოპოსმა კაჩიმ.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page