top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘შუა სერის ეკლესია’ – ტაძრის დღესასწაული



„შუა სერის ეკლესია“ – ასე ეძახიან სოფელ არალში მცხოვრებლები სოფლის შესასვლელში მდგარ ტაძარს, რომელიც წმ. პავლე მოციქულის სახელობისაა. იგი სოფელში არსებული რამდენიმე კათოლიკური ეკლესიიდან ერთ–ერთია.


ეკლესიის დღესასწაული ყოველ წელს, 25 იანვარს, პავლე მოციქულის მოხსენიების დღეს აღინიშნება. ადგილობრივებისთვის ეკლესია მნიშვნელოვან სალოცავ ადგილს წარმოადგენს. სოფლის ცენტრიდან დაახლოებით ორი კილომეტრით დაშორებულ ტაძარს, აქაურები ხშირად ფეხით მოილოცავენ.


2023 წლის 25 იანვარს ტაძრის დღესასწაული კიდევ ერთხელ აღინიშნა. ლიტურგიის დაწყებისას არლის კათოლიკური ტაძრების წინამძღვარმა, მამა ანდრეი გრაჩიკმა ახსენა, რომ ამ ეკლესიის აღდგენიდან 33 წელი გავიდა. წმ. წირვა ახალციხის სამრევლოს წინამძღვარმა, ფრანცისკანელმა ბერმა, მამა მარეკ პჟეჩევსკიმ აღავლინა.

ისტორიული ტაძარი, 1991 წელს, სოფლის მკვიდრის, პავლე აკოფაშვილის ძალისხმევით აღდგა. როგორც იგი ამბობს, ეკლესიის აღდგენა 1987 წელს, კომუნისტური პერიოდის დროს დაიწყო, ამიტომ, პროცესს თან ერთგვარი შიშიც ახლდა. ,, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მამაჩემი დაკრძალვიდან შემოსული ფული დედას მივეცი და ვუთხარი მიცვალებულებისათვის საწირავი მიეცა, შემდეგ კი ვიფიქრე, რომ ამ ფულით ეკლესიის ნანგრევების შემოღობვა უკეთესი იქნებოდა. მას შემდეგ, რაც ტერიტორიას ღობე შემოვავლეთ, ჩემმა ბიძაშვილმა, ქვის ოსტატმა, გიორგი აკოფაშვილმა ეკლესიის აღდგენა შემომთავაზა. იმ დღიდან მასალის, ტექნიკისა და ხელოსნების მოძიება დავიწყე”– ამბობს, პავლე აკოფაშვილი და ამატებს, რომ ეკლესიის აღდგენას 4 წელი დასჭირდა, რადგან მასალის შეძენა, მოტანა და ხელოსნების დაყოლიება, გარკვეულ წინაღობებთან იყო დაკავშირებული.


დაბრკოლებების მიუხედავად, პავლე აკოფაშვილმა ეკლესია საბოლოოდ 1991 წელს დაასრულა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, მის საკურთხებლად ვატიკანის საელჩოში თხოვნით თავადვე ჩავიდა.


საბოლოოდ, ტაძარი რამდენიმე წლის შემდეგ, 19 მარტს, წმინდა იოსების სახელობის ტაძრის დღესასწაულზე, არალში ჩამოსულმა წმინდა საყდრის ნუნცმა, ჟან პოლ გობელმა, პავლე აკოფაშვილის თხოვნის, წმინდა პავლეს მოციქულის სახელზე აკურთხა.


"შუა სერის" ეკლესიის დღესასწაულად 25 იანვარი არლის ყოფილმა წინამძღვარმა მამა იეჟი შიმეროვსკიმ დააწესა.



თაკო ფეიქრიშვილი


bottom of page