top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'შუა სერის' ისტორიული ტაძრის დღესასწაული


ყოველ წელს, 25 იანვარს, წმ. პავლე მოციქულის მოქცევის დღეს, მესხეთში, სოფელ არალში "შუა სერის" ეკელსიის დღესასწაული აღინიშნება.


"შუა სერის" ეკლესია, სოფელ არალს, მომაღლებული ადგილიდან გადაჰყურებს. ტაძრის მდებარეობის გამო, (იგი დასახლების ცენტრიდან დაახლოებით 1 კმ. –ით არის დაშორებული) აქ ყოველკვირეული წირვა არ აღევლინება, თუმცა "შუა სერის" ეკლესია აქაურების განსაკუთრებით უყვართ.


არალში ამბობენ, რომ იგი შუა საუკუნეების ტაძრის ნანგრევებზეა აღდგენილი, ამიტომ მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია: ,,როგორც მსმენია, ამ ადგილზე შუა საუკუნეებში, ბერ–მონაზონთა საცხოვრებელი ყოფილა. როცა მესხეთში თურქთა შემოსევები დაიწყო, საცხოვრებელი განადგურებულა. ამბობენ, რომ გათხრების დროს ამ ადგილიდან ადამიანის არაერთი ძვალი ამოვიდა, გარდა ამისა, ნაპოვნია მთლიანი ჩონჩხებიც”, –ამბობს მრევლის წევრი, მაკა ფეიქრიშვილი–მერაბიშვილი.


ტაძართან დაკავშირებულ სასწაულებზე საუბრობს ეკა მათოშვილი: ,,შუა სერის ეკლესია, ერთადერთია ეკლესიაა, რომელიც ჩემი სახლიდან მოსჩანს. ამბობენ, რომ მის სახელს არაერთი სასწაული უკავშირდება. ჩვენთვისაც, არლის ახალგაზრდებისათვის, მისი არსებობა განსაკუთხებულია. მიუხედავად სიშორისა, ტაძარში სალოცავად ხშირად ჯგუფურად დავდივართ და ამ ადგილს ყველა ჩვენგანისათვის მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს“.


"შუა სერის" ისტორიული ტაძარი 1991 წელს, სოფლის მკვიდრის, პავლე აკოფაშვილის ძალისხმევით აღდგა. როგორც იგი ამბობს, ეკლესიის აღდგენა 1987 წელს, კომუნისტური პეროდის დროს დაიწყო, ამიტომ, პროცესს თან ერთგვარი შიშიც ახლდა. ,, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მამაჩემი დაკრძალვიდან შემოსული ფული დედას მივეცი და ვუთხარი მიცვალებულებისათვის საწირავი მიეცა, შემდეგ კი ვიფიქრე, რომ ამ ფულით ეკლესიის ნანგრევების შემოღობვა უკეთესი იქნებოდა. მას შემდეგ, რაც ტერიტორიას ღობე შემოვავლეთ, ჩემმა ბიძშვილმა, ქვის ოსტატმა, გიორგი აკოფაშვილმა ეკლესიის აღდგენა შემომთავაზა. იმ დღიდან მასალის, ტექნიკისა და ხელოსნების მოძიება დავიწყე”– ამბობს, პავლე აკოფაშვილი და ამატებს, რომ ეკლესიის აღდგენას 4 წელი დასჭირდა, რადგან მასალის შეძენა, მოტანა და ხელოსნების დაყოლიება, გარკვეულ წინაღობებთან იყო დაკავშირებული.


დაბრკოლებების მიუხედავად, პავლე აკოფაშვილმა ეკლესია საბოლოოდ 1991 წელს დაასრულა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, მის საკურთხებლად ვატიკანის საელჩოში თხოვნით თავადვე ჩავიდა.


საბოლოოდ, ტაძარი რამდენიმე წლის შემდეგ, 19 მარტს, წმინდა იოსების სახელობის ტაძრის დღესასწაულზე, არალში ჩამოსულმა წმინდა საყდრის ნუნცმა, ჟან პოლ გობელმა, პავლე აკოფაშვილის თხოვნის, წმინდა პავლეს მოციქულის სახელზე აკურთხა.


"შუა სერის" ეკლესიის დღესასწაული არალში 25 იანვარს აღინიშნება. თარიღი მამა იეჟი შიმეროვსკიმ არალის მაცხოვრებლებთან ერთად დააწესა.

ფოტოები - სერგეი ფიდანიანი
bottom of page