top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმიდა მამის გზავნილი სნეულთა XXXII მსოფლიო დღისათვის

(2024 წლის 11 თებერვალი)

 

„ადამიანისთვის არ არის კარგი მარტო ყოფნა.“

ავადმყოფთა მკურნალობა ურთიერთობებზე ზრუნვით



„არ არის კარგი კაცისათვის მარტო ყოფნა“ (დაბ. 2,18). ღმერთმა, რომელიც სიყვარულია, თავიდანვე შექმნა ადამიანი თანაზიარებისთვის, როცა მის არსებაში ჩაწერა ურთიერთობების განზომილება. ამრიგად, სამების ხატად ნაძერწი ჩვენი ცხოვრება მოწოდებულია სრულად განახორციელოს საკუთარი თავი ურთიერთობების, მეგობრობისა და ურთიერთსიყვარულის დინამიკაში. ჩვენ შექმნილი ვართ ერთად ყოფნისთვის და არა მარტო. სწორედ იმიტომ, რომ თანაზიარების ეს ჩანაფიქრი ასე ღრმად არის ჩაწერილი ადამიანის გულში, მიტოვებისა და მარტოობის გამოცდილება გვაშინებს და მტკივნეული და არაადამიანურიც კია ჩვენს თვალში. ეს უფრო მძაფრდება სისუსტის, გაურკვევლობისა და დაუცველობის დროს, რაც ხშირად გამოწვეულია რაიმე სერიოზული დაავადების გამოვლენით.


ვფიქრობ, მაგალითად, მათზე, ვინც საშინლად მარტო იყო კოვიდ-19-ის პანდემიის დროს: პაციენტები, რომლებიც ვერ იღებდნენ სტუმრებს, მაგრამ ასევე ექთნები, ექიმები და დამხმარე პერსონალი, ყველანი, გადატვირთულნი სამუშაოთი და ჩაკეტილნი იზოლირებულ პალატებში. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენს მოუწია სიკვდილის ჟამმა მარტოს, ჯანდაცვის პერსონალის ყურადღების ქვეშ, მაგრამ საკუთარი ოჯახებისგან შორს.


ამავდროულად, ტკივილით ვიზიარებ მათ ტანჯვასა და მარტოობას, ვინც ომისა და მისი ტრაგიკული შედეგების გამო აღმოჩნდა მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე: ომი ყველაზე საშინელი სოციალური სნეულებაა და ყველაზე მყიფე ადამიანებს უწევთ მისი ყველაზე მაღალი ფასის გადახდა.


თუმცა აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნებშიც, რომლებიც სარგებლობენ სიმშვიდით და მეტი რესურსით, სიბერისა და ავადმყოფობის დროს ადამიანი ხშირად მარტოა და ზოგჯერ მიტოვებულიც კი. ეს სამწუხარო რეალობა, უპირველეს ყოვლისა, ინდივიდუალიზმის კულტურის შედეგია, რომელიც განადიდებს პროდუქტიულობას ნებისმიერ ფასად და ავითარებს ეფექტურობის მითს, ხდება გულგრილი და დაუნდობელიც კი, როდესაც ადამიანებს აღარ აქვთ ძალა, რომ ტემპი შეინარჩუნონ. ამ დროს ის იქცევა ნარჩენების კულტურად, რომელშიც „ადამიანი აღარ განიხილება, როგორც ძირითადი ღირებულება, რომელსაც პატივი უნდა სცე და დაიცვა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი არიან ხელმოკლე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თუ „ისინი ჯერ არ არიან სასარგებლონი“ – როგორც მუცლადმყოფნი – ან „ისინი აღარ არიან სასარგებლონი“ – როგორც მოხუცები“ (ენც. Fratelli tutti, 18). სამწუხაროდ, ეს ლოგიკა ასევე მოიცავს გარკვეულ პოლიტიკურ არჩევანს, რომელიც ადამიანის ღირსებასა და მის საჭიროებებს ვერ აყენებს ცენტრში და ყოველთვის არ ემხრობა იმ სტრატეგიებსა და რესურსებს, რომლებიც აუცილებელია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისა და მოვლის ფუნდამენტური უფლების უზრუნველსაყოფად. ამავდროულად, მყიფე ადამიანების მიტოვებას და მათ მარტოობას ხელს უწყობს ზრუნვის დაყვანა მხოლოდ ჯანდაცვის სერვისებამდე, რომელსაც თან არ ახლავს გონივრულად „თერაპიული ალიანსი“ ექიმს, პაციენტსა და ოჯახის წევრებს შორის.


ჩვენთვის კარგია კიდევ ერთხელ მოსმენა ბიბლიური სიტყვისა: არ არის კარგი ადამიანისთვის მარტო ყოფნა! ღმერთი წარმოთქვამს მას შექმნის დასაწყისში და, ამგვარად, გვიჩვენებს კაცობრიობისადმი თავისი გეგმის ღრმა მნიშვნელობას, მაგრამ, ამავე დროს, ცოდვის მომაკვდინებელ ჭრილობას, რომელიც ჩნდება და იწვევს ეჭვს, გაყოფას, განხეთქილებას და, შესაბამისად, იზოლაციას. ეს უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანზე ყველა მის ურთიერთობაში: ღმერთთან, საკუთარ თავთან, სხვებთან, ქმნილებასთან. ეს იზოლაცია გვაკარგვინებს არსებობის მნიშვნელობას, გვართმევს სიყვარულის სიხარულს და გვაიძულებს განვიცადოთ მარტოობის დამთრგუნველი გრძნობა ცხოვრების ყველა გადამწყვეტ მონაკვეთში.


ძმანო და დანო, პირველი წამალი, რომელიც ჩვენ გვჭირდება ავადმყოფობის დროს, არის სიახლოვე, სავსე თანაგრძნობითა და სინაზით. ამიტომ ავადმყოფზე ზრუნვა, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს მის ურთიერთობებზე ზრუნვას, ყველა მის ურთიერთობაზე: ღმერთთან, სხვებთან – ოჯახთან, მეგობრებთან, ჯანდაცვის მუშაკებთან – ქმნილებასთან, საკუთარ თავთან. შესაძლებელია კი ეს? დიახ, ეს შესაძლებელია და ჩვენ, ყველა, მოწოდებული ვართ, ვიმუშაოთ საამისოდ. მოდით, შევხედოთ კეთილი სამარიელის ხატს (შდრ. ლუკ. 10, 25-37), მის უნარს, შეანელოს ნაბიჯი და მიუახლოვდეს, სინაზეს, რომლითაც ის უამებს ჭრილობებს ტანჯულ ძმას.


გავიხსენოთ ჩვენი ცხოვრების ეს მთავარი ჭეშმარიტება: ჩვენ მოვედით სამყაროში იმიტომ, რომ ვიღაცამ მიგვიღო, სიყვარულისთვის ვართ შექმნილი, თანაზიარებისა და ძმობისკენ ვართ მოხმობილნი. ჩვენი არსების ეს განზომილება გვეხმარება განსაკუთრებით ავადმყოფობისა და სიმყიფის დროს და ეს არის პირველი თერაპია, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავამოქმედოთ იმ საზოგადოების სნეულებათა განსაკურნავად, რომელშიც ვცხოვრობთ.


თქვენ, ვინც ავადა ხართ, იქნება ეს დროებითი თუ ქრონიკული ავადმყოფობა, მინდა გითხრათ: ნუ გრცხვენიათ სიახლოვისა და სინაზის სურვილის! ნუ დამალავთ და არასოდეს იფიქროთ, რომ ტვირთი ხართ სხვებისთვის. ავადმყოფის მდგომარეობა ყველას მოუწოდებს, შეანელონ ის დაძაბული ტემპი, რომელშიც ვართ ჩაფლული და ხელახლა აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი.


ამ ეპოქალურ ცვლილებაში, რომელსაც გავდივართ, ჩვენ, ქრისტიანები, განსაკუთრებით მოწოდებული ვართ გავითავისოთ იესოს თანაგრძნობით სავსე მზერა. მოდით, ვიზრუნოთ მათზე, ვინც იტანჯება და მარტოა, შესაძლოა გარიყულია და გადაგდებული. ურთიერთსიყვარულით, რომელსაც ქრისტე უფალი გვაძლევს ლოცვისას, განსაკუთრებით ევქარისტიის დროს, ვკურნავთ მარტოობისა და იზოლაციის ჭრილობებს. ამგვარად, ჩვენ ვთანამშრომლობთ ინდივიდუალიზმის, გულგრილობის, ნარჩენების კულტურასთან დასაპირისპირებლად და სინაზისა და თანაგრძნობის კულტურის გასაძლიერებლად.


ავადმყოფები, სუსტები, ღარიბები არიან ეკლესიის გულში და ასევე უნდა იყვნენ ჩვენი ადამიანური ყურადღების ცენტრში და სამწყემსო ზრუნვაში. ნუ დავივიწყებთ ამას! და მივანდოთ თავი ყოვლადწმიდა მარიამს, სნეულთა ჯანმრთელობას, რათა გვიშუამდგომლოს და შეგვეწიოს, გავხდეთ სიახლოვისა და ძმური ურთიერთობის შემოქმედნი.

 

რომი, ლატერანის წმ. იოანეს ბაზილიკა,

2024 წლის 10 იანვარი

ფრანცისკე


ჟურნალი "საბა" / 2024, თებერვალი

 

bottom of page