top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმიდა როზა ლიმელი



ლათინური ამერიკის პირველი კათოლიკე წმიდანი, პერუსა და მთელი სამხრეთ ამერიკის მფარველი წმიდა როზა ლიმელი (ესპ.Rosa de Lima) დაიბადა ლიმაში 1586 წლის 20 აპრილს, ესპანელ ემიგრანტთა გასპარ ფლორესისა და მისი მეუღლის მარია დე ოლივას მრავალშვილიან ოჯახში.


იგი თავად ლიმის მთავარეპისკოპოსმა ტურიბიუს მონგროვეხოელმა მონათლა, სახელად ეწოდა იზაბელ ფლორეს დე ოლივა(ესპ.Isabel Flores de Oliva).

არაჩვეულებრივი სილამაზის გამო, იზაბელი ინდიელმა ძიძამ მშვენიერ ვარდს შეადარა. ამიტომაც უწოდეს ახლობლებმა ბავშვობიდანვე "როზა". მისი სილამაზით მოხიბლული იყო ყველა და მშობლებს იმედი ჰქონდათ, რომ მათ ულამაზეს ქალიშვილს ღირსეული საქმრო გამოუჩნდებოდა. მაგრამ იზაბელს ადრეული ასაკიდანვე ასკეტური ცხოვრება იზიდავდა.


ქრისტეს სიყვარულის გამო მან გადაწყვიტა ქალწულობის აღთქმა დაედო, არასასურველ ქორწინებას გაქცეოდა და საკუთარ სილამაზეს შებრძოლებოდა. სწორედ ამიტომ მან თმა გადაიპარსა, მერე კი სახე და ხელები დაიწვა წიწაკითა და ცხელი ნაცრით. მიუხედავად მშობლების უკმაყოფილებისა, როზა დიდხანს ლოცულობდა მუხლმოდრეკილი წმიდა ზიარების წინაშე, რომელსაც იგი ყოველდღე იღებდა, რაც იმ პერიოდში მეტად იშვიათ პრაქტიკას წარმოადგენდა.

ძმის დახმარებით, მან სახლთან მდებარე ბაღში ააგო 2 კვ.მ ფართობის კელიის მსგავსი ოთახი და იქ ლოცვაში ატარებდა მრავალ საათს (ეს კელია დღემდე შემოინახა, ის მდებარეობს ლიმის ცენტრში). წმიდა ეკატერინე სიენელის მსგავსად, წმიდა როზას მიმადლებული ჰქონდა ღვთის ჭვრეტის უნარი და თავის მისტიკურ ხილვებში ის ესაუბრებოდა იესოს. ოცი წლის ასაკში იგი დომინიკელ ტერციართა ორდენს შეუერთდა (Terziari/ Terzo Ordine „მესამე ორდენი“ – „პირველი“ (მამაკაცთა) და „მეორე” (ქალთა) ორდენებისაგან განსხვავებით, – აერთიანებს მამაკაცებსაც და ქალებსაც, „რომელთა წევრებიც სამოციქულო ცხოვრებას ეწევიან და ამქვეყნად ქრისტიანულ სრულყოფას ესწრაფვიან სამოწესეო ინსტიტუტის ქარიზმაში მონაწილეობით“).

როზას გულთან ახლოს მიჰქონდა ინდიელთა სავალალო მდგომარეობა და ძალიან განიცდიდა, რომ როგორც ქალს არ შეეძლო აქტიურად შედგომოდა სამოციქულო საქმიანობას, მაგრამ ცნობილია, რომ იგი მათ წასაკითხად აძლევდა რელიგიურ ნაწარმოებებს და კატეხიზმოს ასწავლიდა; ლოცულობდა ყოველი ცოდვილისთვის, სურდა ყოფილიყო "ქვა, რომელიც ჩაკეტავდა ჯოჯოხეთის კარებს“, რათა მისგან ეხსნა ისინი. მათი ხსნისათვის სინანულის მრავალ მსხვერპლს იღებდა – თითქმის არაფერს ჭამდა, ეკლიან გვირგვინს ატარებდა თავზე, სხეულზე კი ჯაჭვებს, ნაღველს ისვამდა ბაგეებზე. იგი ზრუნავდა არა მხოლოდ ღარიბთა სულის ხსნაზე, არამედ მათ ხორციელ საჭიროებებზეც, განსაკუთრებით ეხმარებოდა ავადმყოფებს, ზოგიერთები სახლშიც კი მიჰყავდა, რათა უკეთ მოევლო მათთვის. დიდ სიყვარულს განიცდიდა წმიდა ძღვენში დაფარული იესოსადმი, ღვთისმშობლისადმი; გულმოდგინედ ავრცელებდა სავარდით ლოცვას.

რამდენიმე ხნის შემდეგ, როზას მამამ ქონების უმეტესი ნაწილი დაკარგა. ოჯახს რომ დახმარებოდა, როზამ ხელი მიჰყო ქარგვას და ბაღში ყვავილების გახარებას, სადაც ის ძველებურად ცხოვრობდა საგანგებოდ აშენებულ მცირე კელიაში. დღისით მუშაობდა, ღამის დიდ ნაწილს კი განმარტოებით ლოცვაში ატარებდა. თავისი ნამუშევარი გასაყიდად გაჰქონდა და ასე არჩენდა ოჯახს, თანხის ნაწილს კი ღარიბებს ურიგებდა.

მისტიკურ ხილვათა შემდეგ, მის ცხოვრებაში დადგა სულიერი სიცარიელის პერიოდი, მაგრამ როზამ ერთხეულ არჩეული გზიდან არ გადაუხვია: ძველებურად ლოცულობდა და იტანჯებოდა ცოდვილთა ხსნისათვის, კატეხიზმოს ასწავლიდა ინდიელებს, უვლიდა ავადმყოფებს, იბრძოდა უსამართლოდ ჩაგრულთა დასაცავად. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მძიმე პერიოდმა გაიარა. ბოლო სამი წელი გონსალესების ოჯახში ცხოვრობდა.


1617 წლის 24 აგვისტოს, სწორედ იმ დღეს, როგორც თავად იწინასწარმეტყველა, 31 წლის ასაკში როზა ლიმელი შეუერთდა ზეციურ საქმროს. მის დაკრძალვაზე გამოჩნდა მთელი სიყვარული და პატივისცემა, რომელსაც განიცდიდნენ ლიმის მცხოვრებნი ამ საოცარი ქალწულის მიმართ, ღმერთმა რომ მიჰმადლა ხორციელი და სულიერი მშვენიერება. მთელი ლიმა დასტიროდა თავის წმიდანს, ყველას სურდა მასთან გამომშვიდობება.

დაკრძალეს ტაძრის კრიპტაში, წმიდა დომენიკეს მონასტერთან ლიმაში.

1668 წლის 15 აპრილს ის ნეტარად შერაცხა პაპმა კლემენტ IX-მ, ხოლო 1671 წლის 12 აპრილს პაპ კლემენტ X-ის მიერ იგი წმიდანად იქნა აღიარებული. რომის კათოლიკე ეკლესიამის სახელს მოიხსენიებს 23 აგვისტოს.

ლათინურ ამერიკაში წმიდა როზას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, მის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული. სანტა-როზას სახელს ატარებს ლათინური ამერიკის მრავალი ტოპონიმი. მისი გამოსახულება განთავსებულია პერუს ყველაზე მსხვილ, 200 სოლიან ბანკნოტზე.

წმიდა როზას ადრეული ცხოვრება აღწერა დომენიკელმა მამა ჰანსენმა თავის ნაწარმოებში «Vita Sanctae Rosae».


ჟურნალი "საბა" – მოამზადა ვერიკო ნოზაძემ

bottom of page