top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმიდა საყდარსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი აღინიშნება

2022 წელს, 30 წლისთავი აღინიშნება წმიდა საყდარსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებიდან (1992- 2022).



წმიდა საყდრის დიპლომატიური ურთიერთობები

წმიდა საყდარს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს 185 სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, საქართველოს ჩათვლით. [1] ვატიკანი წმიდა საყდრის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ წმიდა საყდარი ქალაქ ვატიკანის სახელმწიფოს გეოპოლიტიკური პერიმეტრით როდი შემოისაზღვრება. მართლაც, წმიდა საყდარი გახლავთ კათოლიკური ეკლესიის ხელისუფალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რეზიდენციით ვატიკანის ქალაქის სახელმწიფოში, რომელიც სუვერენული ტერიტორიაა და მოიცავს 0,44 კვადრატულ კილომეტრს. ასე რომ, პაპი ფრანცისკე გახლავთ როგორც ქალაქ ვატიკანის სახელმწიფოს, ასევე წმიდა საყდრის მეთაური. წმინდა საყდარი მოქმედებს და საუბრობს დედამიწაზე გავრცელებული მთელი კათოლიკური ეკლესიის სახელით და აღიარებულია საერთაშორისო სამართლის მიერ, როგორც სუვერენული იურიდიული ერთეული. წმინდა საყდარი, როგორც რეალობა, ქრისტიანობის ისტორიის პირველ საუკუნეებში იღებს სათავეს. მსოფლიოს ყველა ქვეყნის ელჩი ოფიციალურად სწორედ წმიდა საყდართანაა აკრედიტებული და არა ქალაქ ვატიკანის სახელმწიფოში.


პაპის წარმომადგენლები და წმიდა საყდრის დესპანები (ელჩები) სხვადასხვა სახელმწოფოებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში ოფიციალურად აკრედიტებულნი და აღიარებულნი არიან, როგორც წმიდა საყდრის დიპლომატები.

როგორც სუვერენული ერთეული, წმიდა საყდარი ფიგურირებს მსოფლიო გეო-პოლიტიკურ სცენაზე და პაპი ფრანცისკეც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზნეობრივი ხმაა. წმიდა საყდარი წარმოადგენს კათოლიკურ ეკლესიას, რომელიც 1,4 მილიარდ მორწმუნეს (დედამიწის მოსახლეობის 17,5 %-ზე მეტს) აერთიანებს, რომელთაც თავისი 500.000 მღვდლის, 800.000 მონაზვნის და 219.655 სამრევლოს მეშვეობით ემსახურება. [2] იგი მუდმივ დიალოგს ინარჩუნებს ორ დანარჩენ აბრამიანულ რწმენასთან – ისლამთან და იუდაიზმთან.

პაპი ფრანცისკეს წვლილი საერთაშორისო საკითხებში ყველა ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანია. წმიდა საყდარი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ავტორიტეტული და ჭეშმარიტად გლობალური მასშტაბის ინსტიტუციაა. მასთან აკრედიტებული საელჩოები ყოველთვის ითვალისწინებდნენ მის აზრს მსოფლიოში არსებული სიტუაციის ირგვლივ. პაპი ფრანცისკე, თავისი წინამორბედების მსგავსად, მუდამ აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საზოგადოებასთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა, მშვიდობის დაცვა, ადამიანის ღირსება, სოციალური სამართლიანობა, დემოკრატია, ეკოლოგია და სხვ. უკანასკნელ წლებში, წმიდა საყდარი აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო საკითხებში, როგორიცაა სამშვიდობო პროცესი ჩილესა და არგენტინას შორის ბიგლის არხთან დაკავშირებით, სამშვიდობო პროცესი ჩრდილოეთ ირლანდიაში, „კედლის დანგრევის“ შემდგომი გარდამავალი პროცესები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. დედოფალმა ელიზაბეტამ განაცხადა: „ … დიდად ვაფასებთ წმინდა საყდრის ჩართულობას, … ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტოტალიტარული რეჟიმების დაცემის საქმეში, რამაც მეტი თავისუფლება მოუტანა ასობით მილიონ ადამიანს. წმიდა საყდარს კვლავ მნიშვნელოვანი როლი აკისრია საერთაშორისო საკითხებში, მშვიდობის მხარდაჭერისა და განვითარების საქმეში, ისეთი საერთო პრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა სიღარიბე და კლიმატური ცვლილებები.“ [3]

საუკუნეების მანძილზე პაპებს, პაპი ფრანცისკეს ჩათვლით, დიდი წვლილი მიუძღვით ადამიანის ღირსების დაცვისა და სოლიდარობის მხარდაჭერის საქმეში, დაწყებული ღარიბებითა და გარიყული ადამიანებით. პაპმა მოითხოვა „ახლებური მიდგომები“ ადამიანის პირობების გასაუმჯობესებლად საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა თავისუფლება და რელიგია, ცხოვრების ხარისხი, შრომისა და განათლების უფლება. ოჯახების, ლტოლვილების, მიგრანტებისა და დევნილების მხარდაჭერა, ყველასათვის ღია და უფასო საბაზისო სამედიცინო დახმარების მიღების უფლება, სიღარიბის აღმოფხვრა, გარემოს დაცვა და განიარაღება. [4]

წმინდა საყდრის დიპლომატია ისმენს მათ ხმას, ვისაც არავინ უსმენს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზნეობრივ ფასეულობებს სხვადასხვა ქვეყნების საერთაშორისო დღის წესრიგში.

შენიშვნები: [1] ყოველწლიური პონტიფიკალური ცნობარი (Annuario Pontificio), ვატიკანი 2021, გვ. 1251 – 1305. [2] წმიდა საყდრის სტატისტიკა, 2020, ვატიკანი. [3] მისი უდიდებულესობა დედოფალი, მიმართვა პაპისადმი, ედინბურგი, 2010 წლის 16 სექტემბერი [4] პაპი ფრანცისკეს ენციკლიკა „ყოველნო ძმანო“, ვატიკანი, 2020 წლის ოქტომბერი


წყარო: vaticange.org

bottom of page