წმიდა სქოლასტიკას მოხსენიება
- catholic.ge

- 1 day ago
- 2 min read
სქოლასტიკა, პირველი ბენედიქტელი მონაზონია, რომელიც სავარაუდოდ, 480-დან 543 წლამდე ცხოვრობდა. იგი ძალიან მორჩილი იყო სულიერი სიბრძნის შესწავლაში.

ისტორიული ცნობების თანახმად, სქოლასტიკა, ევტროპიუსის ქალიშვილი, ანიციასა და კლავდიას ძველი რომაული სენატორული ოჯახის შთამომავალი იყო. იგი იყო წმიდა ბენედიქტეს ტყუპისცალი. მათი დედა ტყუპების გაჩენისთანავე გარდაიცვალა.
12 წლის ასაკში, სქოლასტიკა ძმასთან ერთად რომში გაგზავნეს. და–ძმა ღრმად შეძრწუნებული იყო იმ ქალაქში გამეფებული გარყვნილი ცხოვრებით. ამიტომ ჯერ ბენედიქტე განმარტოვდა, ხოლო სქოლასტიკამ, ოჯახის ქონების მემკვიდრემ, უარი თქვა ამქვეყნიურ სიმდიდრეებზე და მამას სთხოვა, რელიგიური ცხოვრებისთვის მიეძღვნა თავი.
თავდაპირველად, სქოლასტიკა ნურსას მახლობლად მონასტერში შევიდა, შემდეგ კი სუბიაკოში გადავიდა, სადაც თავის ძმას გაჰყვა, რომელმაც მონტეკასინოს სააბატო დააარსა. აქ, სულ რაღაც შვიდი კილომეტრის დაშორებით, მან პიუმაროლას მონასტერს დაუდო საფუძველი, სადაც ის და მისი დები მონაზვნობაში ბენედიქტეს წესებს მისდევდნენ და ბენედიქტელთა ორდენის ქალთა შტო დააარსეს.
სქოლასტიკა დებს დუმილის წესის დაცვას და უცნობებთან საუბრისგან თავის შეკავებას ურჩევდა, თუნდაც ისინი ღვთისმოსავი სტუმრები ყოფილიყვნენ. ის იმეორებდა: „ან გაჩუმდით ან ღმერთზე ისაუბრეთ, რადგან ამ ქვეყნად არაფერზე ღირს საუბარი, ღვთის გარდა“. სქოლასტიკა ღმერთზე თავის ძმასთან, ბენედიქტთან საუბარს ამჯობინებდა, რომელსაც წელიწადში ერთხელ ხვდებოდა. მათი სულიერი საუბრების ადგილი ორ მონასტერს შორის მდებარე პატარა სახლი იყო.
გრიგოლ დიდი იხსენებს და-ძმის ბოლო შეხვედრას, რომელიც 543 წლის 6 თებერვალს, სქოლასტიკას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. წმიდა სქოლასტიკამ ძმას სთხოვა საუბარი დილამდე გაეგრძელებინათ, მაგრამ წმიდა ბენედიქტემ იუარა - მონასტრის გარეთ ერთ ღამესაც ვერ გავატარებო!
ძმის უარით გაწბილებული სქოლასტიკა ცრემლით ევედრა უფალს და მანაც შეისმინა მისი ლოცვა. მანამდე მოწმენდილ ცაზე იელვა და ისეთი წვიმა წამოვიდა, ვერც წმიდა ბენედიქტემ გადალახა ზღურბლი და ვერც მისმა თანმხლებმა მონაზონმა, რის გამოც გათენებამდე მოუწია დარჩენა და დასთან საუბარი. მომდევნო დღეს და-ძმა ერთმანეთს გამოემშვიდობა, სამი დღის შემდგომ კი, სენაკის სარკმელთან მდგომმა ბენედიქტემ იხილა, მისი დის სული მტრედის სახით, როგორ ამაღლდა ზეცად, მამებს სქოლასტიკას სხეულის გადმოსვენება უბრძანა და ორივესთვის გამზადებულ საერთო სამარეში დაკრძალა, რომ გარდაცვალების შემდგომაც, როგორც დედის მუცლად, შემდგომ კი, სიცოცხლეშიც, ერთად განესვენათ.
ხატწერაში წმინდანი გამოსახულია მტრედთან ერთად. ეს დაკავშირებულია პაპის, წმიდა გრიგოლ დიდის მონათხრობთან, რომელმაც მას თავის „დიალოგებში“ ულამაზესი პასაჟი მიუძღვნა. სხვა საკითხებთან ერთად, იგი იხსენებს, როდესაც წმინდა ბენედიქტემ თავისი სამონასტრო კელიიდან მონტე კასინოსა და მონასტრისკენ გაიხედა, სადაც წმიდა სქოლასტიკა ცხოვრობდა, დაინახა მისი სული თეთრი მტრედის სახით, რომელიც ზეცად ამაღლდა.
რელიგიურ ხელოვნებაში წმიდა სქოლასტიკა გამოსახულია ბენედიქტელთა სამონასტრო შესამოშელში (ჰაბიტი).
მისი ატრიბუტებია: ჯვარი, წიგნი და იღუმენის კვერთხი.
შოთა გიქოშვილი








Comments