top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა პავლე მიკისა და მეგობრების მოხსენიება

Updated: Feb 6, 2023


6 თებერვალს კათოლიკე ეკლესია მოიხსენიებს იესოს საზოგადოების წევრებს, წმინდა პავლე მიკისა (1564-1597) და მის ორ მოძმეს: წმინდა იოანე გოტოსა და წმინდა იაკობ კისაის - იაპინელ წამებულებს. ასევე ნეტარ მღვდელს კარლოს სპინოლას (1564-1622), მღვდელ სებასტიან კიმურას და 33 საერო მორწმუნეს.


როდესაც იაპონელმა წმინდანებმა მიიღეს მოწამებრივი სიკვდილი, წმინდა პავლე მიკი 33 წლის იყო. იგი აძუტისა და ტაკაცუკის სასულიერო სემინარიებში იზრდებოდა და მალევე უნდა მიეღო ხელდასხმა. პავლე მიკი იაპონიაში საუკეთესო მქადაგებლად ითვლებოდა.


წმინდა იოანე დე გოტო 19 წლის ყმაწვილი იყო, წარმოშობით ქრისტიანული ოჯახიდან. სწავლობდა ნაგასაკის იეზუიტთა სკოლაში, შემდგომ კი შევიდა კატეხიზატორთა კოლეგიაში სიკიში, დააპატიმრეს იეზუიტების სახლში.

წმინდა იაკობ კისაი იზრდებოდა ბუდისტურ მონასტერში, ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ კი, ცოლად შეირთო ქრისტიანი გოგონა, თუმცა ცოლს გაეყარა, რადგან გოგონას კვლავ წარმართობა სურდა, რის შემდეგაც იაკობი შევიდა იესოს საზოგადოებაში და ბერი გახდა.


1597 წელს წმინდა პავლე მიკი და მისი მეგობრები ქრისტიანობისთვის მოწამებრივად აღესრულნენ.


განაჩენის შემდეგ, მსჯავრდადებულები სასჯელის ადგილზე მიიყვანეს, სადაც გამზადებული იყო ჯვრები, რომლებზეც ისინი უნდა გაეკრათ. მათ შეხედეს ჯვრებს და ჩაეხუტნენ.


ჯალათებს მოწამეები ჯვრებზე არ მიულურსმიათ, ისინი ხელებზე, ფეხებსა და კისერზე რკინის რგოლებით მიამაგრეს.


წმინდა პავლე მიკის ჯვარზე დაკიდება ჯალათს გაურთულდა, რადგან პავლე ტანდაბალი იყო და მისი ფეხები ჯვრის ქვედა ნაწილამდე არ სწვდებოდა, ამიტომ ჯალათმა ნაჭერი მოაბა მას და შეკვრას ცდილობდა, ამ დროს ერთ-ერთმა ბერმა უკმაყოფილება გამოხატა, ხოლო წმინდა პავლე მიკიმ მას შეაწყვეტინა და უთხრა: „თავი დაანებე მამაო, არა უშავს“. როდესაც ყველანი ჯვარს აცვეს, იმ წუთშივე აღმართეს ოცდაექვსივე ჯვარი.


წმინდა პავლე მიკიმ სიკვდილის წინ უკანასკნელი ქადაგება წარმოთქვა: „მე იაპონელი ვარ და იესოს საზოგადოებას ვეკუთვნი. ცუდი არაფერი ჩამიდენია, თუმცაღა ვკვდები ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელისათვის. მიხარია, რომ მისი სახელისათვის ვკვდები, ეს არის ჩემთვის უფლისაგან უდიდესი მადლი. გარწმუნებთ, რომ არ არსებობს ცხონებისაკენ მიმავალი სხვა გზა. მე ქრისტიანობა მასწავლის მიტევებას ბოროტისათვის, მე მთელი გულით ვპატიობ მეფეს და მათ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ჩემს სიკვდილში და ვთხოვ, რომ მოინათლონ“

მოამზადა შოთა გიქოშვილმა
bottom of page