top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ხუთი რამ 'დიდი ხუთშაბათის' შესახებ

'დიდი ხუთშაბათის' საღამოს, წმინდა წირვით საპასექო სამდღეული იწყება და მოიცავს ისეთ რიტუალებს, რომლებიც სხვა დროს, ლიტურგიაში არ გვხვდება.

'დიდი ხუთშაბათი' – 2022

ამ დღეს, საკათედრო ტაძრებში წმინდა წირვაზე ეპისკოპოსი აკურთხებს მირონსა და წმინდა ზეთებს. ამავე დროს, მღვდლები სამღვდელმსახურო აღთქმებს ანახლებენ.


თუ ამ დღეს ტაძარს ეწვევი, ლიტურგიაზე ისეთ ნიშნებს ნახავ, რომლებიც ყოველდღიურად არ გხვდება.


ზარების ხმების დადუმება

სადიდებელი საგალობლის დროს („დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“), ტაძარში არსებული ყველა ზარი ერთად დაირეკება, შემდეგ კი მათი ხმები იქამდე დადუმდება, ვიდრე სააღდგომო საგალობელი (Vigilia Paschalis) არ იგალობება. მანამდე კი, ეკლესიაში ზარების ნაცვლად, გაისმის ხის ჩაქუჩის ყრუ ხმები, რაც იმის სიმბოლოა, რომ ამ დღეს ქრისტე სასიკვდილოდ გასცეს.


ფეხთბანა

ფეხბანვის რიტუალი იწოდება, როგორც Mandatum და გვახსენებს იესოს ქმედებას, როდესაც მან მოწაფეებისათვის მაგალითის მისაცემად, თორმეტივეს ფეხები დაბანა.


ჩვეულებისამებრ, მღვდელი 12 მამაკაცს ჰბანს ფეხს, თუმცა პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს დაანახა, რომ ფეხბანვა არა მხოლოდ მამაკაცებისთვის, არამედ ქალებისთვისაც შეიძლება. მან მუსლიმ ქალს დაბანა ფეხი.


საღვთო კულტის კონგრეგაციამ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითზე ადგილობრივ ეპისკოპოსებს აქვთ უფლება დაარეგულირონ კანონი. ეს სიმბოლო ძალზე მნიშვნელოვანია და გვიყვება როგორ დაიმდაბლა თავი იესომ ადამიანის წინაშე და გახდა მისი მსახური.


უწმინდესი საიდუმლოს (წმინდა ზიარება) საპყრობილეში გადაბრძანება

'დიდ ხუთშაბათს', ზიარების ნაწილის შემდეგ, სრულდება უფალ იესოს (პურის საფარქვეშ) "საპყრობილეში გადაბრძანების" რიტუალი. "საპყრობილე" წინასწარ მომზადებული ტაბერნაკულუმია.


ეს ქმედება ვნებამდე ქრისტეს საპყრობილეში ჩასმის ეპიზოდს გვახსენებს. აღნიშნული პროცესიის აღსრულებისას, ხის ჩაქუჩების ყრუ ხმები ისმის და იგალობება ჰიმნი: ““Pinge Lingua” (ენავ საიდუმლოებისა). ტაბერნაკულუმის წინაშე გვიანობამდე თაყვანისცემა გრძელდება.


საკურთხევლიდან ჯვრის, გადასაფარებლის, სანთლებისა და კონდაკის ალაგება

ამავე ლიტურგიის შემდეგ, საკურთხევლიდან ალაგებენ ჯვარს, გადასაფარებელს, სანთლებსა და კონდაკს.


აღნიშნული ქმედება განასახიერებს საიდუმლო სერობის დასასრულს, იესოს განძარცვას ტანისამოსისგან და მარტოსულად დარჩენას. საკურთხეველი განასახიერებს ქრისტეს და მის მსხვერპლშეწირვას. იგი ცარიელი რჩება საპასექო ღამისთევის წმინდა წირვამდე.


ტაბრნაკულუმის გახსნა და მისი ცარიელი დატოვება

ტაბერნაკულუმის დაცარიელება და კარის ღიად დატოვება ხილული ნიშანია იმისა, რომ იესო არ იმყოფება ამ ადგილზე, არამედ საპყრობილეში გამოკეტილი იტანჯება და განაჩენს ელის. ამ დროს, ცარიელი ტაბერნაკულუმის წინაშე არ ვიჩოქებით.



catholic.ge





bottom of page