top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ჰომილია წმინდა ფრანცისკე ასიზელის დღესასწაულზე – მამა ნესტორ გონსალესი

8 hours ago
2 min read

ჩვენ აღვნიშნავთ წმინდა ფრანცისკე ასიზელის ზეცაში გადასვლის (ტრანზიტის) რვაასი წლისთავს; რვა საუკუნე გავიდა იმ ღამიდან, როდესაც მან მიიღო „სხეულებრივი სიკვდილი“ ზუსტად ასეთ დღეს, როგორიც 3 ოქტომბერია.


როდესაც მის ცხოვრებას ვიხსენებთ, მასში ძლიერი და მანათობელი ძალით ჩანს იესოს სიტყვები სახარებიდან: „გადიდებ, შენ მამაო, უფალო ცისა და მიწისაო, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და განუცხადე ჩვილებს... მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ“ (მათე 11, 25. 28).


ფრანცისკემ თითქმის სხვებზე უკეთ განასახიერა ეს სახარებისეული სიმცირე და აღმოაჩინა, რომ ქრისტეს უღელი კი არ ტვირთავს, არამედ ათავისუფლებს და რომ ჭეშმარიტი სიბრძნე ადამიანური სიდიადით კი არ მოიპოვება, არამედ მამისადმი მორჩილებით.


ამიტომ, სიკვდილის შესასწავლად ფრანცისკე არ დაელოდა თავისი დღეების დასასრულს: მთელი მისი არსებობა იყო შინაგანი სიკვდილების თანმიმდევრული გზა, რომლებმაც ნაბიჯ-ნაბიჯ გზა დაუთმეს წმინდანის დაბადებას. ღმერთში სიკვდილი არ არის დასასრული, არამედ ჭეშმარიტი დაბადება.


თვალი გადავავლოთ იმ გზას, რომლებიც ფრანცისკომ გაიარა, რათა წმინდანად დაბადებულიყო:


1. სპოლეტოს ველზე საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ახალგაზრდა ფრანცისკე იარაღის აღებასა და რაინდობაზე ოცნებობდა. თუმცა, სპოლეტოს გზაზე ის ავად გახდა და მოესმა ხმა, რომელმაც შეცვალა მისი მიმართულება: „ვისი მსახურება გინდა, ბატონის თუ მსახურის?“. იქ მოკვდა მიწიერი რაინდი და დაიბადა დიდი მეფის თავმდაბალი მსახური. ფრანცისკემ უარი თქვა ადამიანურ სიდიადეზე, რათა უფლება მიეცა ღვთისთვის, ეჩვენებინა მისი ჭეშმარიტი ბედი.


2. კეთროვანთან ჩახუტება საკუთარი სურვილის ჩასახრჩობად. მისი მგრძნობელობისთვის ყველაზე მძიმე ცვლილება მისთვის მნიშვნელოვან ნეტარებად იქცა. როგორც თავად წერს ანდერძში: „უფალმა მომიწოდა მე, ძმა ფრანცისკეს, სინანულისკენ, რადგან ცოდვებში ვიყავი, ძალზე რთულად მეჩვენებოდა კეთროვანთა დანახვა, თავად უფლმა კი მათ შორის მიმიყვანა და მათთან ერთად ვმოქმედებდი მოწყალებით. და მათგან განშორებისას, რაც რთულად მეჩვენებოდა, სულისა და სხეულის სიტკბოება მომეცა“. კეთროვანის დაჭრილ ხორცთან ჩახუტებით, ელეგანტური ახალგაზრდა მოკვდა და დაიბადა უნივერსალური ძმა, რომელსაც შეუძლია აღმოაჩინოს ქრისტეს სილამაზე ყველაფერში, განსაკუთრებით კი მარგინალიზებულში.


3. წმინდა დამიანეს ეკლესიაში საკუთარი იდეების დასამდაბლებლად. წმინდა დამიანეს ჯვარცმის წინ მუხლმოყრილმა ფრანცისკემ მიიღო ბრძანება: „მიდი და აღადგინე ჩემი ეკლესია“. თავიდან მან მშენებლობის დაწყება იფიქრა, მაგრამ ჯვარმა უფრო ღრმა სიკვდილი მოითხოვა: მისი საკუთარი სქემებისა და მსჯელობების ჩახშობა. მან შეწყვიტა მატერიალური შენობების შენება, რათა საკუთარი ცხოვრებით აეშენებინა ქრისტეს მისტიკური სხეული და თავისი ნება ჯვარცმულის ნებას დაუმორჩილა.


4. ძმების შემოკრება ინდივიდუალიზმის მოსაკვდინებლად. ფრანცისკეს არ დაუგეგმავს ორდენის დაარსება. თავის ანდერძში ის მარტივად ამბობს: „და მას შემდეგ, რაც უფალმა ძმები მომცა, არავინ მიჩვენებდა, რა უნდა მეკეთებინა, არამედ თვით უმაღლესმა გამომიცხადა, რომ უნდა მეცხოვრა წმინდა სახარების წესისამებრ“. პირველი თანამგზავრების შემოკრებით დაიბადა სახარებისეული ძმობა, სადაც ის აღარ ცხოვრობდა საკუთარი თავისთვის, არამედ ძმებთან ერთად ერთობაში.


5. ალვერნიას მთაზე საკუთარი თავისთვის დასაღუპად. ალვერნიას მთის სიმაღლეებზე ფრანცისკემ მიიღო ვნების სტიგმატები. ფრანცისკესგან აღარაფერი დარჩა ისეთი, რაც იესოსი არ იყო; მისი მე სრულად გადაიქცა ღვთიურ სიყვარულად. მოკვდა მიწიერი ადამიანი და დაიბადა ღარიბი და ჯვარცმული ქრისტეს ცოცხალი სახე.


ძმებო და დებო, დღეს უზარმაზარი ზეიმისა და ღრმა იმედის დღეა! ამ რვაასი წლისთავის აღნიშვნისას ჩვენ არ ვუყურებთ ცარიელ საფლავს და არ ვიხსენებთ სამწუხარო დასასრულს. დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ ადამიანის აღდგომას, რომელსაც აენთო გული. ჩვენ ვზეიმობთ ჭეშმარიტ ცხოვრებაში დაბადებას – ფრანცისკეს წმინდანობას, რომელიც სიხარულით გვასწავლის, რომ არ უნდა გვეშინოდეს ყოველდღიურობაში არსებული პატარა სიკვდილების, რადგან სიყვარულისთვის გაღებული ყოველი უარი მადლის დაბადებაა ჩვენს სულებში. გავბედოთ ვიცხოვროთ ზუსტად ამავე თავისუფლებითა და სახარებისეული ვნებით! დაე, ფრანცისკეს საგალობელმა გაიჟღეროს ჩვენს ცხოვრებაში: სადაც სიკვდილია, ღმერთი აჩენს მარადიულ სიცოცხლეს; და სადაც მოკვდება ადამიანი, იქ ყოველთვის იბადება წმინდანის დაუმარცხებელი სინათლე!


წმინდა ფრანცისკე ასიზელო, შეგვეწიე ჩვენ, თითოეულს!



ძმა ნესტორ ვერი, OFMCap



Comments


bottom of page