ვალეში მამა იეჟი შიმეროვსკის მემორიალური ქვა დაიდგა
- catholic.ge
- May 15, 2021
- 1 min read

2021 წლის 15 მაისს, ქალაქ ვალეში, ღვთისმშობლის შობის სახელობის კათოლიკური ტაძრის ეზოში, მამა იეჟი შიმეროვსკის მემორიალური ქვა დაიდგა და ყოფილი მოძღვრისთვის წმ. წირვა აღევლინა.
ლიტურგიას სამცხე–ჯავახეთის დეკანატის მღვდლები და სამრევლოს წევრები ესწრებოდნენ. წირვა კათოლიკე ეკლესიის ადმინისტრაციის კანცლერმა და ხიზაბავრა ვარგავის სამრევლოების წინამძღვარმა, აკაკი ჭელიძემ აღავლინა, რომელიც მამა იეჟის სამხრეთ საქართველოში მოღვაწეობის პირველ დღეებში, მასთან ერთად იყო და თარჯიმნობას უწევდა.
"ღმერთს არ სჭირდება სრულყოფილი ადამიანი, საკმარისია ადამიანი ნამდვილი იყოს. სწორედ ასეთი იყო მამა იეჟიც. ის არ იყო სრულყოფილი, მაგრამ იყო ნამდვილი, არ თამაშობდა", – აღნიშნა ქადაგებისას მამა აკაკიმ.
წირვის შემდეგ, ეზოში მემორიალური ქვა ოფიციალურად გაიხსნა. როგორც ვალის სამრევლოს წინამძღვარი, მამა მიხეილ სურმავა ამბობს, მამა იეჟი შიმეროვსკის მემორიალური ქვის დადგმის ინიციატორი თავად სამრევლოა.
ვალეში მამა იეჟი შიმეროვსკი 1996–2003 წლებში მოღვაწეობდა.
იგი 1942 წლის 26 ივნისს, პოლონეთში, ვეი ხეროვაში დაიბადა. 1995 წელს საქართველოში მისიაზე გაემგზავრა.
1995-1996 წლებში იყო თბილისის პეტრესა და პავლეს ტაძარში დამხმარე მღვდელი.
1996 წლიდან გაემგზავრა მესხეთში და ქალაქ ვალის ეკლესიის წინამძღვარი გახდა. ემსახურებოდა ვალის, ივლიტის, ბორჯომისა და ახალციხის საკრებულოებს.
2004 -2015 წლებში იყო არლის წინამძღვარი და ემსახურებოდა არლის, უდის, უნწის, ბენარისა და აბასთუმნის ეკლესიებს.
ბოლო ხუთი თვის განმავლობაში იყო რესიდენტი ქალაქ ვალეში.
2016 წლის 11 მაისს, პოლონეთში, ქალაქ ავუსტოვაში გარდაიცვალა მძიმე დიაგნოზით.
პოლონური მხარისა და ეპისკოპოსების თხოვნით, დაკრძალულია პროსტკებში.
2021 წლის 11 მაისს მისი გარდაცვალებიდან ზუსტად 5 წელი გავიდა.
თაკო ფეიქრიშვილი, რობი ზარიძე
Comments