top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ისაუბრებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი პაპთან კათოლიკეების პრობლემებზე


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვატიკანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და 18 ივნისს იგი რომის პაპს ფრანცისკეს შეხვედება. საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს აინტერსებთ, ისაუბრებს თუ არა იგი კათოლიკეების პრობლემების გადაჭრის გზებზე.


ფოტო – Council for Culture

16–19 ივნისს, ვატიკანში პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ პირველად ინფორმაცია იტალიურმა მედიამ გაავრცელა. ქართულ მხარეს, ამის შესახებ, განცხადება არ გაუკეთებია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ–გვერდზე ვიზიტის შესახებ მხოლოდ გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, 15 ივნისს დაიწერა.


დღეს, 17 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერა „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ტოლერანტობის აღსანიშნავად“ – წერია „პაპის კულტურის საბჭოს“ "ტვიტერის" გვერდზე.



„ტოლერანტობა“ ერთ–ერთი ის მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც ქართველ კათოლიკეებს განსაკუთრების აღელვებთ და აინტერესებთ – ისაუბრებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ვატიკანში ვიზიტისას, რომის პაპთან საქართველოში კათოლიკე ეკლესიის მდგომარეობის შესახებ.


ამასთანავე, ჩნდება სხვა კითხვებიც – იცნობს თუ არა პრეზიდენტი კათოლიკეების პრობლემებს და აქვს თუ არა მას ქვეყანაში მცხოვრებ რელიგიურ უმცირესობებზე ინფორმაცია?


რა პრობლემები აქვთ საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს? – კათოლიკე ეკლესიაში ამბობენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ან სახელმწიფო უწყებებს მათთვის ამ კითხვით არ მიუმართავთ. ვატიკანში გამგზავრებამდე, პრეზიდენტს სიტუაცია პირადად კათოლიკეებისგან არც მოუკითხავს, არც ყოფილა და არც შეხვედრია კათოლიკე ეკლესიის რომელიმე წარმომადგენელს, ორგანიზაციას ან სასულიერო პირს.


შესაბამისად, ეკლესიისთვის უცნობია, რაზე ისაუბრებს საქართველოს პრეზიდენტი პაპთან, არადა სასაუბრო ბევრია.


არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წლებია საქართელოში უმცირესობების უფლებების დაცვისთვის მუშაობენ, აცხადებენ, რომ უმჯობესი იქნება, პრეზიდენტმა უმთავრეს პრობლემებზე გაამახვილოს ყურადღება. როგორიცაა: სადავო ტაძრები, რომლებიც ისტორიულად კათოლიკეებს ეკუთვნით და დღეს ვერ სარგებლობენ; ასევე – დისკრიმინაცია.


"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" (ყოფილი EMC) წარმომადგენელი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ სწორი იქნებოდა, მსგავსი შეხვედრის წინ, პრეზიდენტი თავად საქართვეოში მცხოვრებ კათოლიკეებს შეხვედროდა:


"ასეთი მნიშვნელობის შეხვედრა სამწუხაროდ იმართება ისე, რომ არც მედია ორგანიზაციები, არც საზოგადოებრივი ორგანიზაციები ინფორმირებულები არ არიან. და ალბათ კარგი იქნებოდა, თუ ამ საკითხზე შეხვედრამდე მათ შორის პრეზიდენტი შეხვდებოდა საქართველოში კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლებს და უშუალოდ მათგან მოისმენდა იმ წუხილებს, რომლებიც კათოლიკე თემს საქრთველოში აქვს".


მთავარ საკითხად იგი ჩამორთმეულ ქონებას ასახელებს: "ერთ–ერთი პრიორიტეტული საკითხი, რომელიც კათოლიკე ეკლესიას აქვს, ტაძრების საკითხია, რომელიც ისტორიულად ეკუთვნის, თუმცა სარგებლობას კათოლიკე მრევლი ვერ ახერხებს, იმის გამო, რომ ამ ტაძრებით მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს და ზოგიერთ შემთხვევაში, დღის წესრიგში დგება მათი სახეცვლილებისა და დაზიანების საკითხი.

ამიტომ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც სახელმწიფომ უნდა იმუშაოს სოწრედ სადავოდ გამხდარი ტაძრების სამართლებრივი ბედი და მათი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხია".


მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობებიდან კათოლიკე თემებმა მეტი მხადაჭერა მიიღონ:


"იქ, სადაც კათოლიკეები კომპაქტურად სახლობენ, ვთქვათ, უდე, ივლიტა და სხვა სოფლებში, კათოლიკეები საუბრობენ იმაზეც, რომ საზოგადოებრივი განწყობები მათ მიმარ პოზიტიური არ არის და მათ შორის თვითმმართველობაში მათი ინტერესები, მათი საჭიროებები მხარდაჭერილი არ არის, ამიტომ, ერთია საეკლესიო საკითხები და მეორე საზოგადოებრივი განწყობები და ყურადღება არ იყოს დაბალი კათოლიკე თემის მიმარ, რაც წარსულში სახელმწიფოს არასდროს გამოუჩენია. მნიშვნელოვანია, რომ ეს მემორანდუმი არ იყოს მხოლოდ ზედაპირული, სიმბოლური, ნომინალური შინაარსის და მას მოყვეს უფრო საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფოსა და ვატიკანს შორის", – ამბობს თამთა მიქელაძე.


მსგავსად ფიქრობენ კიდევ "ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტშიც" (TDI). გამგეობის წევრი მაკო ღავთაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა პირველ რიგში უმცირესობების პრობლემებზე, ქვეყანაში არსებულ დისკრიმინაციაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბროს:


არასდროს მსმენია პრეზიდენტისგან რაიმე ინტერესი გამოეხატოს კათოლიკე ეკელსიაში არსებულ მდგომარეობაზე, ალბათ იქნება მისი მხირდან მორიგი უშინაარსო შეხვედრა, რომელიც რაღაც კეთილისა და სამომავლოდ რამე კარგის გაკეთებაზე ორიენტირებული არ იქნება. პირველ რიგში, რაც მოსაგვარებელია ეს არის ზუსტად ამ დისკრიმინაციული და უთანასწორო გარემოს აღმოფხვრა“, – ამბობს მაკო ღავთაძე და აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან კათოლიკე ეკლესიის მიმართ არაერთი არსებობს:


„ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია ამ დისკრიმინაციის, თუნდაც ჩამორთმეული ქონება, რომელიც მიტაცებულია მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. ამ ისტორიული ქონების დაბრუნება უკვე 30 წელია გადაუჭრელი საკითხია. ის კი არა, ახალი ნაგებობის აშენება უნდოდათ და რამდენიმეწლიანი პრობლემა შეუქმნა სახელმწიფომ რუსთავში. ასევე პანდემიის დროს, ვნახეთ სახელმწიფოს დამოკიდებულება პრემიერისა და ვიცე–პრემიერების დონეზე, პირდაპირ, ღიად დისკრიმინაციული გადაწყვეტილებები და განცხადებები, რომ უმცირესობები ვერ ისარგებლებენ ფუნდამენტური უფლებებით იმიტომ, რომ უმცირესობა არიან. მაგალითად, შობის აღნიშვნასთან დაკავშირებით“.


მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში სახელმწიფო მხოლოდ დომინანტ რელიგიურ ჯგუფზე ზრუნავდა: „საერთოდ არავის მოუკითხავს მთელი წლის განმავლობაში, არც კათოლიკე ეკლესია და არც სხვა რომელიმე რელიგიური გაერთიანება, როგორ საქმიანობდნენ. არადა, ისინი უამრავ პრობლემას წააწყდნენ, თუნდაც იმის გამო, რომ სახელმწიფო მათთან კომუნიკაციის ნებასაც კი არ გამოხატავდა“.


ის, რომ სახელმწიფომ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენა კათოლიკე ეკლესია, ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გამოჩნდა.


13 მაისს, მაშინ, რომცა კათოლიკე ეკლესია ამაღლებას ზეიმობდა და მესხეთში ბუზმარეთის ტაძრამდე მისასვლელად ითხოვა საზღვრის გახსნა, ჯერ სასაზღვრო პოლიციამ, შემდეგ კი ადიგენის პოლიციამ და ადიგენის თვითმმართველობამ უარი განაცხადეს.



არლისა და ვალის ეკლესიების წინამძღვრებმა კიდევ ერთხელ, პანდემიის მიზეზით, უარი მიიღეს 3 ივნისსაც, ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაულზე, როცა მორწმუნეები მსვლელობით უნდა მისულიყვნენ ერთი კათოლიკური ტაძრიდან მეორე ტაძრამდე: „მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად არ მიაჩნია COVID 19 გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჩაატაროთ სადღესასწაულო ლიტურგიული მსვლელობა მრევლთან ერთად“, – წერია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხში, რომელიც 2 ივნისით თარიღდება.


ზუსტად 8 დღის შემდეგ კი 10 ივნისს, როცა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამაღლების დღესასწაული იზეიმა, ამავე მუნიციპალიტეტის მერი, ზაქარია ენდელაძე, ბუზმარეთის ტაძართან, გახსნილ საზღვარში, სადღესასწაულო წირვაზე, მრევლთან ერთად იმყოფებოდა და ამისი დამადასტურებელი ფოტოებიც გავრცელდა.



ამით, ერთგვარად გაეცა პასუხი კათოლიკე ეკლესიის კანცელარიის გამგის, აკაკი ჭელიძის კითხვებს: „შარშან, მართლმადიდებლური კალენდრით ამაღლება დღეს, კოვიდთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვის მიუხედავად სასაზღვრო ჭიშკარი გაიხსნა და მრევლი შეუშვეს სალოცავში. ნუთუ წელს სამართლიანად შეფიქრიანდნენ და შეშფოთდნენ კათოლიკე მორწმუნენი, რომ ამგვარად მავანი ცდილობს ფეხი ამოაკვეთინოს მათ ბუზმარეთის ეკლესიიდან? პანდემიის შეზღუდვებს კი მხოლოდ საბაბად იყენებენ? ამ კითხვაზე პასუხს შევიტყობთ დამდეგ 10 ივნისს, გაუხსნიან თუ არა სამართალდამცავნი მართლმადიდებელ მორწმუნეებს სასაზღვრო ზონას“.



საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი წმინდა საყდარში კიდევ ორ დღეს გაგრძელდება, მის დღის წესრიგში ასევე გაწერილია ვიზიტი ერთა ევანგელისაციის კონგრეგაციის ისტორიულ არქივში, სადაც ინახება 1622 წლიდან საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული მიმოწერა.


სავარაუდოდ, პაპთან შეხვედრის დეტალები შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდება და საზოგადოება გაიგებს: იქნება თუ არა შეხვედრა ორიენტირებული პრობლემების გადაჭრის გზებზე? შესთავაზებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს რაიმე კონსტრუქციულს? ილაპარაკებს თუ არა სალომე ზურაბიშვლი, როგორც საქართველოში მცხოვრები ყველა რელიგიური თემის პრეზიდენტი?


თაკო ფეიქრიშვილი

bottom of page