top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ძმა დემეტრე თბილელის ნეტარად შერაცხვის პროცესი გაიხსნა

Updated: Apr 13

2024 წლის 9 აპრილს, საქართველოში კათოლიკე ეკლესიამ ძმა დემეტრე თბილელის ბეატიფიკაციის (ნეტარად შერაცხვა) პროცესი გახსნა.




ქართველი კათოლიკე მოწამის ნეტარად შერაცხვის პროცესის გახსნა, საქართველოს ადგილობრივი კათოლიკე ეკლესიის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და ისტორიული ფაქტია.


პროცესი თბილისში, ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში ლოცვით გაიხსნა, რის შემდეგაც, წარმოდგენილი იყო მოწამის ნეტარად შერაცხვისათვის მიმართვის დოკუმენტი და ეპისკოპოსის დეკრეტის ტექსტები. ამის შემდეგ, წესისამებრ, ტრიბუნალის ანუ ე.წ. საეკლესიო სასამართლოს წევრებმა ბიბლიაზე ხელის დადებით ფიცი დადეს.


ბოლოს, ტაძარში მყოფმა სასულიერო და საერო პირებმა ხელი მოაწერეს ეტრატს, რომელიც თან დაერთო პროცესის აქტებს.


პროცესი წმ. წირვით დასრულდა.



ეს ძმა დემეტრე თბილელის წმინდანად აღიარებისთვის პროცესის პირველი ნაწილი, ანუ დასაწყისია.


ქართველი კათოლიკე მოწამის, ფრანცისკანელი ბერის, დემეტრე თბილელის ნეტარად შერაცხვის შესახებ თხოვნა საქართველოში კათოლიკე ეკლესიამ, პაპს წერილობით 2021 წლის 9 აპრილს გაუგზავნა.


“ჩვენი აზრით, 700-ე წლისთავი კარგი და ხელსაყრელი შემთხვევაა რათა გავაცოცხლოთ მისი ხსოვნა ჩვენს კათოლიკე საკრებულოებში და ამავდროულად, შევამოწმოთ, თუ არსებობს დოკუმენტები ან საკმარისი მოტივაციები, რომლებიც ადასტურებდეს, რომ ჩვენი ძმა დემეტრე უკვე იყო ‘ნეტარად’ მოხსენიებული, როგორც მისი მეგობარი სხვა ფრანცისკელები, და იმ შემთხვევაში, თუ ამის დოკუმენტირება შეუძლებელი აღმოჩნდა, ვიკითხოთ, რისი გაკეთებაა უკეთესი იმისათვის, რომ ჩვენი ძმა დემეტრეც ვიხილოთ ‘ნეტარად’ შერაცხილი”, - ეწერია წერილში.


ამის საპასუხოდ, ვატიკანმა კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსს ოფიციალური წერილი გამოუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ნეტარად შერაცხვასთან დაკავშირებით, ეკლესიამ ადგილობრივ დონეზე, უნდა შექმნას სპეციალური კომისია და შეაგროვოს ისტორიულ–დოკუმენტური და იკონოგრაფიული მასალები, იმისათვის, რომ შემდგომში ნეტარად შერაცხვის პროცესი დაიწყოს.


„შემდგომი ქმედებებისთვის, გთავაზობთ, ეპარქიამ (საქართველოს კათოლიკე ეკლესიის ადმინისტრაციამ c.g) მოკვლევა დაიწყოს ისტორიულ–დოკუმენტური და იკონოგრაფიული მასალების შეგროვებით, ისტორიული კომისიის დანიშვნით, აგრეთვე ტრიბუნალის შექმნით, რომელიც განიხილავს დაახლოებით 8-10 ტექსტს, რათა გაგრძელდეს დღემდე უკვდავი კულტი და სამი ფრანცისკანელის სიწმინდისა და წამების განდიდება. როგორც კი საქმე მიაღწევს – Super Martyrio et Super Culto ab Immemorabili Tempore Praestiti განყოფილებამდე, იგი გაგრძელდება ჩვეული პროცედურით, რომელიც მოიცავს ისტორიულ განხილვას და საღვთისმეტყველო კონსულტანტების, კარდინალებისა და ეპისკოპოსების რეგულარულ სხდომას“, – წერია საპასუხო წერილში.


ქართველი კათოლიკე, ფრანცისკანელი ბერი, ძმა დემეტრე თბილელის შესახებ ცნობები მცირეა, თუმცა ჯერ კიდევ 1910 წელს, ქართველი კათოლიკე მღვდელი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, მიხეილ თამარაშვილი წერდა: „ძმა დემეტრე ტფილელი მცირე ძმების ორდენში შევიდა, თავის ევროპელ თანამოძმეებთან ერთად ინდოეთში წავიდა და თანაში ეწამა 1321 წელს“....


ისტორიული ცნობებიდან ირკვევა, რომ დემეტრე თბილელი ფრანცისკანელთა ორდენის ქართველი ბერი იყო, რომელიც ინდოეთში აწამეს.


მოწამეობრივი აღსასრულიდან 700 წლის შემდეგ, საქართველოში კათოლიკე ეკლესია ცდილობს მისი მოღვაწეობრივი აღსასრული სათანადოდ დააფასოს.


ამავე თემაზე:




თაკო ფეიქრიშვილი
რობი ზარიძე

Commentaires


bottom of page