ხელახალი ნათლობის შესახებ
- catholic.ge
- 6 days ago
- 4 min read
რა მშვენიერია პაპ ლეონ XIV-ის მიმართ პატრიარქ ილია მეორის მიერ ნათქვამი სიტყვები: ,,პეტრე და ანდრია ძმები არიან...“ მაშ, რად გრძელდება კათოლიკეთა თავიდან მონათვლა, თითქოს პეტრე და ანდრია ძმა-მოციქულები არც კი იყვნენ? სამწუხაროდ, ,,გადანათვლის“ ფაქტებს ისევ ვხვდებით ბათუმში, არალში… გავიხსენოთ თუნდაც სოფი ლორენის შვილის გადანათვლა (30 აპრილი, 2025), უდეშიც კი ხელახლა მონათლეს გარდაცვლილი ხანდაზმული ქალი, ყველა საეკლესიო კანონის დარღვევით... კიდევ ერთხელ გთავაზობთ მოსაზრებას, არა მხოლოდ კათოლიკური, არამედ მართლმადიდებლური მხრიდანაც, ამ პრაქტიკის უსაფუძვლობაზე, რომელიც უმეტეს მართლმადიდებლურ ეკლესიებში აღარ ხორციელდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს „ეშმაკისეული“ პრაქტიკა სულ მალე დასრულდება საქართველოშიც.
მამა გაბრიელე ბრაგანტინი

ნათლობა: ღვთის აღთქმა. ისტორიასა და მიმდინარე მოვლენებს შორის
,,ვაღიარებ ერთსა ნათლისღებისა“ - ამ შეგნებით ვაღიარებთ ჩვენს რწმენას. სინამდვილეში, არჩევანი, რომელსაც ადრექრისტიანული თემი იზიარებდა, მიმართული იყო არა იუდაური ,,ნათლობებისაკენ“, რომელიც განმეორებით სრულდებოდა, არამედ ეფუძნებოდა ერთი ნათლობის პრაქტიკას, რაც ქალებისა და მამაკაცების საკრებულოში შესვლასა და თაყვანისცემის უფლებას გულისხმობდა, სწორედ ისე, როგორც ებრაელ მამაკაცთათვის არსებობდა ერთი წინადაცვეთა. ეს რწმენა იმდენად ძლიერი იყო, რომ როდესაც ვინმე დევნის დროს წარმართულ ღვთაებებს სწირავდა მსხვერპლს, გარკვეულწილად, „უარყოფდა საკუთარ ნათლობას“, მაგრამ შემდეგ ინანიებდა, ნათლობის განმეორება კი არ შეიძლებოდა: მხოლოდ მესამე საუკუნის შუა ხანებში შეიქმნა ,,სინანულის“ საეკლესიო-საკრამენტული ახალი სტრუქტურა. დაახლოებით იმავე პერიოდში, „სინანულის საკითხის“ პარალელურად, ჩნდება კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ხშირად „ნათლობის საკითხს“ უწოდებენ: ისინი მსგავსია, მაგრამ არა იდენტური. მთავარი მოქმედი პირები: პირველ რიგში, კართაგენის (ახლანდელი ტუნისის) ეპისკოპოსი კვიპრიანე და რომის ეპისკოპოსი სტეფანე ყველაზე ცნობილ პირებს შორის მოიხსენებიან.
უძველესი დებატები ,,ჭეშმარიტი“ ნათლობის შესახებ: ორი განსხვავებული პოზიცია
ქრისტეშობიდან 250 წლის შემდეგ, ქრისტიანული საკრებულოები უკვე საკმაოდ მრავალგვარი იყო, ეკლესიები ერთმანეთთან სრულ ზიარებაში არ იყვნენ. როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ქრისტიანები, რომელთაც ერთი ეკლესიიდან მეორეში გადასვლა, ან ეკლესიასთან შერიგება სურდათ? მიეღოთ ისინი, რომლებიც უკვე მოინათლნენ, თუ ხელახლა მოენათლათ? სწორედ აქ ვხედავთ ორ დიდ განსხვავებას.
სტეფანე რომაელი - მტკიცე და საკმაოდ ავტორიტარული მანერით, როგორც ჩვენამდე მოღწეული მიმოწერებიდან ჩანს, - წარმოგვიდგენს იმ პრაქტიკას, რომელსაც ისინი რომში ახორციელებდნენ, თუმცა ამის დასასაბუთებლად მიზეზებს ვერ ასახელებს: თუკი მონათლულები არიან, ხელახლა მონათვლა არ სჭირდებათ, საკმარისია, შესრულდეს ხელდასხმა, როგორც შერიგების რიტუალი. კვიპრიანე, რომელიც დარწმუნებული იყო მის მიერვე დადგენილი მონანიების პრაქტიკაში, განსხვავებული აზრისაა: მის ეკლესიაში სხვა თემიდან წამოსულები ხელახლა ინათლებიან, უფრო სწორად, როგორც თავად აღნიშნავდა, მათ უბრალოდ ნათლავენ, ვინაიდან ადრინდელი ნათლობა არ მიიჩნეოდა ნათლობად. უფრო მეტიც, სტეფანე აცხადებს, რომ ეს ასეა და მორჩა, კვიპრიანე მიზეზებს ეკითხება და თავისას ასახელებს. 257 წელს, იმპერატორ ვალერიანეს მიერ წამოწყებული კიდევ ერთი დევნის დროს, ორივე სიკვდილით დაისაჯა, რამაც შეაჩერა კიდეც კონფლიქტი რომსა და კართაგენს შორის, ვიდრე ახალ მოვლენებამდე.

დაპირისპირების მიზეზები და ავგუსტინეს განსჯა
უარყოფილი და, შესაბამისად, მოყვანილი მიზეზები, ჩვენთვისაც სახელმძღვანელოა. სინამდვილეში, სტეფანეს მიზეზები არ დაუსახელებია, გარდა იმ ფაქტისა, რომ იგი ყოველთვის ხედავდა, როგორ აღესრულებოდა ეს სწორედ ამგვარად (nihil innovetur..). კვიპრიანე, თავის მხრივ, ასეთ დამოკიდებულებას ამპარტავნულად მიიჩნევს (პეტრე მოციქულიც კი, წერს იგი, არ ამტკიცებდა, რომ ის მართალი იყო, როდესაც პავლე ეწინააღმდეგებოდა) და ასახელებს თავის მიზეზებს ხელახალი ნათლობის შესახებ: ვერავინ გასცემს იმას, რაც არა აქვს, სქიზმატები არ წარმოადგენენ ჭეშმარიტ ეკლესიას, ისინი არ ფლობენ სულიწმიდას და ამიტომ მათი წესი ვერ მიიჩნევა ნათლობად. ეს არის ვიწრო და აშკარად „ეკლესიოცენტრული“ პოზიცია: არის თუ არა სულიწმიდა ეკლესიის „საკუთრება“? თუ სწორედ ეკლესიაა მოწოდებული მისი სულიერი და მაცხოვნებელი ძალის აღსანიშნავად?
როგორც ითქვა, იმ დროისათვის ეს საკითხი ვერ გადაწყდა, მაგრამ მომდევნო საუკუნეში ის ხელახლა წამოიჭრა და მის ცენტრად ლათინური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საეკლესიო რეგიონი, ჩრდილოეთ აფრიკა იქცა. ფაქტობრივად, კიდევ ერთი კონფლიქტი აღმოცენდა, როგორც შედეგი მეორე დიდი დევნისა, რომელიც დაიწყო დიოკლიტიანეს (303-311) დროს და კართაგენის საეპისკოპოსო ტახტის მემკვიდრეობის ირგვლივ იყო ორგანიზებული. მას, გარკვეულწილად, უადგილოდ უწოდეს ,,დონატიზმი“ (სახელწოდება მომდინარეობს კართაგენის ეპისკოპოს დონატუსის სახელიდან) და გაგრძელდა, სულ მცირე, 411 წლამდე, სინამდვილეში კი, კვლავ ფარულად გრძელდება.
„დონატისტული“ დაპირისპირებისას განიხილება მთელი საეკლესიო საიდუმლოებები: ნათლობა, ევქარისტია, მსახურება, მაგრამ აქ მხოლოდ ნათლობის საიდუმლოებაზე გავამახვილებთ ყურადღებას. კვიპრიანეს მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ბევრი (მაგალითად, პერმენიონი) მხარს უჭერს იმ აზრს, რომ „წმინდა ეკლესიის“ გარეთ აღსრულებულ ზიარებას ძალა არ გააჩნია, არ მოაქვს ცხონება და, პრაქტიკულად, არ არსებობს.
მეორე მხრივ, ისეთი სახელები, როგორიცაა, ოპტატ, მილევის ეპისკოპოსი, და შემდეგ ნეტარი ავგუსტინე (ორივე მათგანის საყდარი ახლა ალჟირშია), რომლებსაც მოჰყავთ თეოლოგიური არგუმენტები, რომელთა მოყვანაც სტეფანემ ვერ შეძლო, ამ მიზეზებს იმდენად დიდი წვლილი შეაქვთ კვანძის გახსნაში, რომ დღესაც კი საკუთარ პოზიციას ვხედავთ მათში: ეკლესია არის არა საიდუმლოებების და, მით უფრო, სულიწმიდის მფლობელი, არამედ უფლის სამოქმედო ადგილი, მოწოდებული, რათა აჩვენოს და ემსახუროს მას ყოველგვარი ფლობის გარეშე (სხვაგვარად, სულიწმიდა ეკლესიაზე დაბლა მდგომი იქნებოდა). ასე რომ, ცნობილ ფრაზაში, რომელსაც ავგუსტინე თითქმის მსგავსი სიტყვებით იმეორებს სხვადასხვა ნაშრომში: „როდესაც პეტრე ნათლავს... ქრისტე ნათლავს. რამეთუ ოდენ ქრისტეს აქვს ძალაუფლება (potestas), ხოლო მოციქულნი მხოლოდ მსახურებას (ministerium) ფლობენ“. ეს არის რწმენა, გამოხატული საღვთისმეტყველო სიცხადით: უფალია, რომელიც მოქმედებს საიდუმლოში, მისი მაცხოვნებელი ძალა. თუკი ნათლისღება სამების სახელით აღესრულება, ეს ქრისტიანული ნათლობაა, რამეთუ უფალი მოქმედებს ეკლესიის მეშვეობით, მაშინაც კი, თუ ეკლესია, მსახური უღირსია, და არა პირიქით.
ეკლესიები და ლიმას დოკუმენტი: ნათლისღება, ევქარისტია, მსახურება (BEM - 1982)
კათოლიკე ეკლესიამ (ტერმინს მისი ამჟამინდელი, კონფესიური მნიშვნელობით ვიყენებ, ლათინური და აღმოსავლური წესითა და ფორმით) მომდევნო საუკუნეებში, 1054 წელს აღმოსავლეთთან ორმხრივი განკვეთის შემდეგაც კი (რომელიც გაუქმდა ათენაგორასა და პავლე VI-ის მიერ 1964 წელს, თუმცა ჯერ კიდევ შორს არის სრულ ზიარებამდე), შეინარჩუნა თავისი თვალსაზრისი, თუმცა არ იყო დაზღვეული იმ პოზიციისა და პრაქტიკისაგან, რაც მას ამ ტრადიციისაგან აშორებდა, რისთვისაც იოანე პავლე II-მ პატიება ითხოვა 2000 წელს. ამიტომ, იგი აღიარებს სამების სახელით აღსრულებულ ნათლობას სხვა ეკლესიების მიერაც, როგორც მართლმადიდებლური, ისე ძველაღმოსავლური და რეფორმაციის შედეგად დაბადებული ეკლესიებისა.

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (კათოლიკე ეკლესია მონაწილეობს მასში, თუმცა მისი წევრი არ არის), „რწმენა და წესრიგის“ (Faith and Order) ჯგუფის მეშვეობით, ბოლო წლებში, თავის შეხვედრებზე სხვადასხვა თეოლოგიურ თემას განიხილავდა; ასეთივე შეხვედრა გაიმართება მომავალ ოქტომბერს, ვადი-ენ- ნატრუმში (ჩრდ. ეგვიპტე), ეკლესიებისათვის საერთო ნიკეის სარწმუნოების სიმბოლოს შესახებ.
1982 წელს, როდესაც სხვადასხვა ეკლესიის ჯგუფების მიერ ათწლეულების განმავლობაში შესრულებული ნაშრომი გამოქვეყნდა, მიღწეულ იქნა შეთანხმება ნათლობის საერთო აღიარების შესახებ, მაგრამ გამოვლინდა აზრთა სხვადასხვაობა ევქარისტიასა და ხელდასხმის მსახურებასთან დაკავშირებით (https://saemilano.gruppisae.it/Allegati/BEM.pdf). შეიძლება არსებობდეს განსხვავებები (არის ეკლესიები, რომლებიც არ ცნობენ ჩვილების ნათლობას, სხვები მერყეობენ), მაგრამ კათოლიკე ეკლესია იცავს ძველ რომაულ პრაქტიკას, დაფუძნებულს ავგუსტინეს მსოფლმხედველობასა და შუა საუკუნეების სქოლასტიკაზე, რომელიც აღიარებს სამების სახელით აღსრულებულ ნათლობას, ისე როგორც სხვა ქრისტიანული ეკლესიები; სწორედ ამიტომ, სხვა ქრისტიანული აღმსარებლებიდან კათოლიკურ კონფესიაზე გადასვლის ეტაპი ძალზე მარტივი რიტუალებით მტკიცდება - ნათლობის განმეორების გარეშე; ისევე, როგორც ინტერკონფესიული ჯვრისწერის დროს, კათოლიკესა და მართლმადიდებელს შორის, არ ითხოვენ ერთი აღმსარებლობიდან კათოლიკურზე გადასვლას. ტრადიციასა და მშვიდობაში არსებობის ახალი და უძველესი საშუალება არის ის, რასაც ვესწრაფვით ეკლესიასა და მის ფარგლებს გარეთ.
კრისტინა სიმონელი
ჟურნალი "საბა" / 2025, 07
Comments