top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

400 წელი წმიდა ქეთევან დედოფლის მოწამეობიდან

საქართველოში კათოლიკე ეკლესიასთან არსებული კულტურისა და საეკლესიო ერთიანობის კომისია წელს უკვე მეშვიდედ ჩაატარებს საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კათოლიკური მემკვიდრეობის შესწავლასა და პოპულარიზაციას ეძღვნება. ყოველი ეს სამეცნიერო ფორუმი საქართველოში კათოლიკე ეკლესიის მოღვაწეობის მნიშვნელოვან თარიღს უკავშირდება.



წლევანდელი სიმპოზიუმი  კი  ეძღვნება მეტად მნიშვნელოვან თარიღს, წმიდა ქეთევანის, კახეთის დედოფლის,  მოწამეობიდან მეოთხასე  წელს.


ზოგიერთი ისტორიული წყაროს თანახმად კი, წელს წმ. ქეთევანის დაბადებიდან 450 წელიც სრულდება.  ცხადია, ამ გამორჩეული თარიღის ღირსეულად აღსანიშნავად კულტურისა და საეკლესიო ერთიანობის კომისია, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან, ჟურნალ ,,საბასთან“ და კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტოსთან ერთობლივი თანამშრომლობით, უკვე ორგანიზაციულ საქმიანობაშია ჩართული.


მეტად სასიხარულო სიახლეა, რომ სამეცნიერო სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომისიასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა საქართველოში მოქმედმა "ქეთევან დედოფლის საზოგადოებამ", რომელიც რამდენიმე წელია რაც არსებობს; მისი დამფუძნებელია ისტორიის დოქტორი, ფაზისის აკადემიის წევრი, თამარ ფარჩუკიძე; იგი წმ. ქეთევანის მშობლიური მუხრანიდან არის წარმოშობით და ქეთევანი მისთვის განსაკუთრებით გამორჩეული წმიდანი და ისტორიული პიროვნებაა.


ქეთევან დედოფლის საზოგადოება წმ. ქეთევანის საიუბილეოდ  სხვადასხვა კონკურსს, გამოფენას გეგმავს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს დიდი ქართველი მამულიშვილის ღვაწლი. კათოლიკე ეკლესიის კულტურისა და საეკლესიო ერთიანობის კომისია ოფიციალურად ჩაერთვება ამ ღონისძიებებში, ასევე ქეთევან დედოფლის საზოგადოებაც მიიღებს მონაწილეობას სამეცნიერო სიმპოზიუმის მომზადებაში და, იმედია, საიუბილეო ღონისძიებების დასრულების შემდგომაც გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას კათოლიკე ეკლესიის კულტურის კომისიასთან, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და ჟურნალ ,,საბასთან“.


რაც შეეხება წმ. ქეთევანის მოწამეობის 400 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას, ველით, რომ იგი გამორჩეული იქნება იქ წარმოდგენილი მოხსენებების კუთხით, ისევე როგორც 2017 წელს ჩატარებული პირველი სიმპოზიუმი, სადაც იტალიელი მკვლევრის, კარლო ვურაკის მიერ წარმოდგენილი მოხსენება დემეტრე თბილელის შესახებ საფუძვლად დაედო ამ მივიწყებული თბილისელი კათოლიკე მოწამის ხელახალ აღმოჩენას. ჩვენმა ადგილობრივმა კათოლიკე ეკლესიამ 2021 წელი წმიდა მოწამე დემეტრე თბილელს მიუძღვნა.


იმედია, მამა გაბრიელეს მცდელობა, დაუკავშირდეს წმ. ავგუსტინელთა ორდენს, რომლის წევრები გვერდში ედგნენ წმ. ქეთევანს მოწამეობის დროს და რომელთა მეშვეობითაც შეიტყო ქრისტიანულმა სამყარომ ამ მოწამეობის შესახებ, კეთილ ნაყოფს გამოიღებს და ავგუსტინელთა ორდენის არქივებიდან ახალ ცნობებს შევიტყობთ წმ. ქეთევანის მარტვილობის, ირანში მოღვაწე ავგუსტინელი ბერების თავდადებისა და მასთან დაკავშირებული ქართულ-ევროპული ურთიერთობების შესახებ.  


ვრცლად სიმპოზიუმის შესახებ ნახავთ აქ – 'კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში'


ნუგზარ ბარდაველიძე

ჟურნალი "საბა" / 2024, მარტი

コメント


bottom of page