top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ამ ჭიშკრიდან კათოლიკეები ტაძარში საზეიმოდ შევალთ, მართლმადიდებლები იქიდან გამოვლენ’ – მამა გაბრიელე

ქუთაისში, ღმრთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის კათოლიკური ეკლესია, რომელიც 90–იან წლებში კათოლიკეებს ჩამოართვეს და მართლმადიდებლებს გადასცეს, მართლმადიდებლურმა ეპარქიამ ჭიშკრით შემოსაზღვრა. ამ ფაქტს ადგილობრივთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ტაძრის შემოსაზღვრას ეხმაურება ქუთაისის კათოლიკე ეკლესიის წინამძღვარი, მამა გაბრიელე ბრაგანტინი.

მამა გაბრიელე ბრაგანტინი – catholic.ge

მამა გაბრიელე ბრაგანტინი, რომელიც თითქმის 30 წელია ქუთაისის კათოლიკე მრევლის წინამძღვარი და ეპისკოპოსის ვიკარიუსია, ამბობს, რომ კათოლიკური ტაძრის ჭიშკრით შემოსაზღვრა მართლმადიდებლური ეპარქიის მხრიდან ერთგვარი მცდელობაა იმისა, რომ კათოლიკური კვალი ამ ტაძარზე ნელ–ნელა წაიშალოს.


„შეიძლება ვთქვათ, რომ ჭიშკრის დაყენება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ, კათოლიკეებს ამისი გვეშინია. ვინაიდან, ჩვენს ისტორიაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ბევრი ასეთი არასწორი ქცევა დავინახეთ, რომელიც შემდეგ ჩვენს კათოლიკურ ეკლესიებს შეეხო. მაგალითად, გორში რა გააკეთეს? დაანგრიეს ყველაფერი. დაიწყეს თითქმის არაფრისგან, პატარა რაღაციდან და მერე ნელ–ნელა ყველაფერი შეცვალეს. მაგალითად, უდე, იქ რა გააკეთეს? სულ შეუცვალეს სახე. გინდა შიგნიდან, გინდა გარედან. გორში ჩვენი მღვდლების სასაფლაოები ფაქტობრივად განადგურებულია. გავიხსენოთ ივლიტაში რა ხდება დღეს? სწორედ ამიტომ, გვეშინია. თითქოს ჭიშკრის დადგმა დიდს არაფერს ნიშნავს, მაგრამ გამოცდილება გვაქვს, ასე ნელა–ნელა იშლება კვალი, სახე და ისტორია, რომელიც საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ისტორიას უკავშირდება“, – ამბობს მამა გაბრიელე ბრაგანტინი.


მღვდელმსახურის თქმით, ტაძარში არსებული კათოლიკური კვალის წაშლა უკვე დაწყებულია. გაურკვეველია იმ ორღანისა და იმ რელიგიური ნივთების ბედი, რომელიც აქ კათოლიკე ეკლესიამ დატოვა, გარდა ამისა, მის მთავარ კართან დადგმულია ყალბი ცნობის შემცველი ფრესკა.


ფოტო – catholic.ge

„ამ ტაძარში იყო ორღანი და სად გაქრა? იყო სკამები და იყო რელიგიური დანიშნულები ნივთები, სად წავიდა ისინი? ვინ წაიღო? მაგალითად, ახლა მთავარი კარების მაღლა ახალი ფრესკაა დადგმული. როცა ეს გააკეთეს, ჩვენ დავწერეთ წერილი მთავრობაში რომ არ ჰქონდათ უფლება, რადგან ამ ფრესკაზე დატანილი ინფორმაცია ტყუილია, ვინაიდან იქ წერია, რომ 1850 წელს ამ ადგილზე დაანგრიეს წმ. სოფიას ტაძარი, არადა, ეს ისტორიულად ძალიან უსაფუძვლო ცნობაა, მაგრამ მათ ის მაინც გააკეთეს, თან მთავარი კარების ზემოთ? ეს ნიშნავს, რომ ჯერ უნდა გაერკვიონ კარგად ისტორიაში და მერე უნდა იფიქრონ ეს რისთვის გააკეთეს. რომ ყველამ გაიგოს, რა გააკეთეს კათოლიკეებმა თუ უნდათ რომ ამით გაგვაღიზიანონ? კარგი, ერთი ფრესკა – არაფერი, ერთი ჭიშკარი – არაფერი, მაგრამ რა შედეგს ვიღებთ ბოლოს?“, – კითხულობს მღვდელმსახური და იხსენებს, რომ როდესაც ამავე ეზოში კათოლიკე ეკლესიას ამავე ტაძრის წინამძღვრის მამა დამიანე სააკაშვილის საფლავზე ჯვრის ან რაიმე ქრისტიანული ნიშნის დადგმა უნდოდა, მათ უარი მიიღეს.


„მამა დამიანე სააკაშვილი ამ ჭიშკართან ახლოს არის დასაფლავებული, გვინდოდა მის საფლავზე ჯვრის დადგმა, მაგრამ ჩვენ უარი გვითხრეს, არ შეიძლებაო. ახლა ამ ჭიშკრის დადგმით ჩანს, რომ მათთვის პრობლემა არ არის. მაშინ რატომ არის ასეთი განსხვავება კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების ქცევებს შორის? ასევე უარი გვითხრეს, როცა ჩვენს კათოლიკურ სამრევლო სახლთან დაგვედგა მამა დამიანე სააკაშვილის პატარა ბიუსტი, ამაზეც უარი გვითხრეს. ჩვენ, როგორც კათოლიკეებს არ შეგვიძლია რომ რამე ავაშენოთ და გავაკეთოთ და მათთვის ყველაფერი შესაძლებელია“.


კათოლიკე წინამძღვარი ამბობს, რომ ახლა ქართველი მართლმადიდებლების ქცევა ქართველი კათოლიკეები მიმართ ისეთივე უსამართლოა, როგორც წლების წინ რუსული მმართველობა იყო უსამართლო ქართველი მართლმადიდებლების მიმართ.


ფოტო – catholic.ge

„თუ მე–18, მე–19, მე–20 საუკუნეში მართლმადიდებელ ეკლესიას ძალიან სტკიოდა ის, რაც საქართველოში რუსების მხირდან ხდებოდა: მონასტრების, ეკლესიების დახურვა, ხატებისა და წიგნების განადგურება და უსამართლობები, ახლა იმავეს თავად იმეორებენ. შეიძლება ითქვას რომ არა იმ სიმძაფრით, მაგრამ პატარა ფაქტებით. ეს ყველაფერი დღეს მეორდება არა რუსების მხრიდან, არამედ მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან, რომელიც საქართველოშია. ქართველებისგან ქართველების მიმართ მეორდება იგივე, რასაც რუსები წლების წინ ქართველებს უკეთებდნენ.


ზოგიერთი ამბობს, ქუთაისში კათოლიკეები ცოტანი არიანო, მაგრამ მე ვამბობ: სანამ ქუთაისში ერთი კათოლიკე მაინც დარჩება, ის იქნება ეკლესიის ნამდვილი მემკვიდრე. და სანამ ეს ტაძარი არ დაუბრუნდება თავის ნამდვილ მეპატრონეებს, ნიშნავს, რომ იქამდე საქართველოში და ქუთაისში სამართლიანობა არ არსებობს. გვაწუხებს თუ არა უსამართლობა? დიახ, ჭიშკარი არაფერია, მაგრამ ამ ჭიშკრის უკან რა დგას? კათოლიკური ისტორიის დამალვისა და წაშლის მცდელობა.


ბოლოს კი, შემიძლია ვთქვა: ალბათ, ეს ჭიშკარი იმის გამო აშენდა, რომ ჩვენ, კათოლიკეები ამ ტაძარში საზეიმოდ შევიდეთ, მართლმადიდებლები კი იქიდან გამოვიდნენ“, – ამბობს მღვდელმსახური.


ცნობისთვის, ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე არსებული კათოლიკური ტაძარი, რომელიც კათოლიკეებმა 36 წელი აშენეს, 1989 წელს კათოლიკე ეკლესიას ჩამოართვეს და მართლმადიდებლებს გადასცეს.


ეს ის ტაძარია, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში, ფატიმას ღვთისმშობლის საქართველოში ჩამობრძანების დროს, მართლმადიდებელმა მღვდლებმა სპეციალური ლენტით შემოსაზღვრეს და პაპის ნუნციუსსა და კათოლიკე მრევლს შესვლის საშუალება არ მისცეს.

2023 წლის მაისში ტაძრის ტერიტორიაზე მართლმადიდებლურმა ეპარქიამ ჭიშკარი დადგა და შემოსაზღვრა.

"ეს ტერიტორია ეკუთვნის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას და როგორც სტანდარტულ, ნორმალურ პირობებში ხდება, ყველა ტაძარი არის შემოფარგლული თავისი ღობით. ტაძრების უმეტესობა ჩვენს ეპარქიაში შემოსაზღვრულია ღობეებით. ჭიშკარი ბაგრატის ტაძარსაც აქვს და გელათსაც. ამიტომ ეს ტაძარიც შემოიღობა სტანდარტულად, რომ დაცული იყოს მიმდებარე ტერიტორია ზედმეტი მიმოსვლისგან (ზოგჯერ ცხოველი შედის ხოლმე) და ზედმეტი ქმედებებისგან“, - განმარტავს ტაძრის მოძღვარი მატათა „ქუთაისიპოსტთან“.


ჭიშკრის დადგმას ადგილობრივებიც გამოეხმაურნენ. „ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ე.წ. "ფრანგების უბანში" ქუთაისში, ამ სივრცის სილამაზეც ემახსოვრება. დღეს გავიგე, რომ ალაყაფი აღუმართავთ. არ შეიძლებოდა ამ ადგილის გადაკეტვა. ორასი წელია ასეთია ამ ქუჩების წყობა და ეს ხედი, და ის ყველასია. ალბათ, ეკლესიის ეზოდ შემოისაზღვრა და ასე გადაკეთდა ეს უნიკალური ადგილი, რომელიც ერთი მთლიანობა იყო ეკლესიით, კათოლიკური სასაფლაოთი, ნარდის სათამაშო მაგიდით, გლიცინიებით და პატარა ქუჩით“, - ამბობს სოფო ზვიადაძე.


ქუთაისელი კათოლიკეები ისტორიული ტაძრის დაბრუნებას 30 წელზე მეტია ელოდებიან.


ფოტო – catholic.ge

თაკო ფეიქრიშვილი
რობი ზარიძე




bottom of page