top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

არლის კათოლიკური ტაძრის ეზოში მამა იეჟი შიმეროვსკის მემორიალური დაფა დაიდგა

  • 3 days ago
  • 2 min read

5 ივლისს, არლის წმ. იოსების სახელობის კათოლიკური ტაძრის ეზოში ყოფილი წინამძღვრის,მამა იეჟი შიმეროვსკის მემორიალური დაფა დაიდგა.



ყოფილი წინამძღვრის, მამა იეჟი შიმეროვსკის (2004–2015) გასახსენებლად, არლის ტაძრის ეზოში კიდევ ერთი მემორიალური დაფა დაიდგა. იგი მთავარ ქვაზე გაერთიანდა აქამდე არსებულ მეორე მემორიალურ დაფასთან, რომელიც ასევე არლის სამრევლოს ყოფილ ვიკარს, მამა სიმონ კლიმაშევსკისა (2006) და მის მეგობრის, მამა დარიუს სანკოს ხსოვნას ეკუთვნის. ეს სასულიერო პირები 2006 წლის 16 თებერვალს ყაზბეგზე ექსპედიციის დროს, ტრაგიკულად დაიღუპნენ.


როგორც არლის სამრევლოს წინამძღვარი, მამა დარიუშ კომადოვსკი ამბობს, მამა იეჟი შიმეროვსკის გამოსახულებით, მემორიალური დაფის დადგმის იდეა გასულ წელს, არლის სამრევლოს მამაკაცებთან ერთ–ერთ შეხვედრაზე გაჩნდა და მის განხორციელებაზე შემდეგში ერთობლივად იზრუნეს.


მთავარი ქვა სამრევლოს თემურ აბულაძემ საჩუქრად გადასცა, ხოლო მემორიალური დაფა წინამძღვრის გამოსახულებით, სამრევლოს თანხით შესრულდა.


მემორიალური დაფები არლის ეკლესიის ეზოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა, მეუფე ჯუზეპე პაზოტომ აკურთხა. მოძღვრებთან ერთად, მან გარდაცვლილი სასულიერო პირებისთვის ლოცვა აღევლინა. ლიტურგიას არლისა და უდის კათოლიკე მრევლი ესწრებოდა.



მამა იეჟი შიმეროვსკი

მამა იეჟი შიმეროვსკი 1942 წლის 26 ივნისს, პოლონეთში, ვეი ხეროვაში დაიბადა. 1995 წელს საქართველოში მისიაზე გაემგზავრა.


1995-1996 წლებში იყო თბილისის პეტრესა და პავლეს ტაძარში დამხმარე მღვდელი.


1996 წლიდან გაემგზავრა მესხეთში და ქალაქ ვალის ეკლესიის წინამძღვარი გახდა. ემსახურებოდა ვალის, ივლიტის, ბორჯომისა და ახალციხის საკრებულოებს.


2004 -2015 წლებში იყო არლის წინამძღვარი და ემსახურებოდა არლის, უდის, უნწის, ბენარისა და აბასთუმნის ეკლესიებს.


ბოლო ხუთი თვის განმავლობაში იყო რესიდენტი ქალაქ ვალეში.


2016 წლის 11 მაისს, პოლონეთში, ქალაქ ავუსტოვაში გარდაიცვალა მძიმე დიაგნოზით.

პოლონური მხარისა და ეპისკოპოსების თხოვნით, დაკრძალულია პროსტკებში.


2026 წლის 11 მაისს მისი გარდაცვალებიდან 10 წელი შესრულდა.


მამა სიმონ კლიმაშევსკი და მამა დარიუს სანკო

მამა სიმონ კლიმაშევსკი 2005 წლის 1–ელი აგვისტოდან არლის სამრევლოს ვიკარი იყო. 2006 წლის 13 თებერვალს არალში წმინდა წირვა აღასრულა და მეგობართან, მამა დარიუშ სანკოსთან ერთად ყაზბეგზე თავის ბოლო ექსპედიციაში გაემგზავრა. მანამდე იგი ნამყოფი იყო მონბლანზე ( ალპები 4808 მ.), ასევე კაიაკებით ნორვეგიის ზღვასა და ბარენცის ზღვაზე, ბაიკალის ტბასა და მდინარე ლენაზე.


მღვდლები ყაზბეგიდან 18 თებერვალს უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა ამ დღეს მათ მობილურ ტელეფონებზე არავინ პასუხობდა, ამიტომ მამა იეჟი შიმეროვსკიმ, რომელიც იმ პერიოდში არლის სამრევლოს წინამძღვარი იყო, ექსპედიციის შესახებ სამაშველო სამსახურებს აცნობა.


მეორე დღეს, მაშველმა ვერტმფრენის პილოტმა, ზღვის დონიდან 4400 მ სიმაღლეზე, დაყრილი ზურგჩანთები შენიშნა, შემდეგ კი – ორი ცხედარი. ორშაბათს, 20 თებერვალს დადგინდა, რომ დაღუპულები პოლონეთიდან ჩამოსული მღვდლები იყვნენ.


როგორც ჩანს, მათი ტრაგიკული გარდაცვალების მიზეზი კლდიდან ვარდნა გახდა.


მამა იეჟი შიმეროვსკის მემორიალური დაფა, 2011 წელს ვალის კათოლიკური ტაძრის ეზოშიც დაიდა, მაშინ, როცა მოძღვრის გარდაცვალებიდან 5 წლისთავი შესრულდა.


თაკო ფეიქრიშვილი

 

Comments


bottom of page