top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ახალგაზრდების იუბილე წმიდა იოანე პავლე II-დან ლეონ XIV-მდე


25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა იოანე პავლე II-მ, რომის სამხრეთით მდებარე ტორ ვერგატას დიდი მინდორი ახალგაზრდული ეკლესიის ცოცხალ გულად გადააქცია. ეს იყო 2000 წლის მსოფლიო ახალგაზრდობის დღე.

ree

დღეს, იმავე ტერიტორიაზე, რომელიც 200 ჰექტარზე მეტს მოიცავს და ცნობილია ერთ-ერთი წამყვანი იტალიური სახელმწიფო უნივერსიტეტით, ახალი თაობის წარმომადგელები შეიკრიბებიან, მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნიდან.


სწორედ აქ გაიმართება 2 აგვისტოს ღამისთევა, პაპ ლეონ XIV–სთან ერთად და 3 აგვისტოს საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინება. ეს ორი ღონისძიება გახდება ახალგაზრდების იუბილეს ეპიცენტრი, რომელსაც 28 ივლისიდან 3 აგვისტომდე პაპი ლეონ XIV უხელმძღვანელებს და რომლის ფარგლებშიც ათასობით ახალგაზრდა ღამეს კარვებში გაათევს.


ეს დღესასწაული გვახსენებს იმ ისტორიულ მომენტს, როცა 25 წლის წინ, ორმა მილიონმა ახალგაზრდამ — მიუხედავად სიცხისა და ღია ცის ქვეშ გათეებული ღამის დისკოფორტისა — რწმენითა და მხიარული სულით აავსო რომის გარეუბნები.


როგორც მაშინ პოლონელმა პაპმა თქვა: „მათი ხმაური რომში არასდროს დაგვავიწყდება“.

ree

ღია ცის ქვეშ მოწყობილი საწმინდარი


2000 წლის აგვისტოს იმ დღეებში, წმიდა იოანე პავლე II ფიზიკურად სუსტად იყო, თუმცა მაინც შეძლო ახალგაზრდებთან მტკიცე და უკვდავი კავშირის შექმნა — კავშირი, რომელიც იგრძნობოდა მის ყოველი ჟესტსა და სიტყვაში.


მაშინ ტორ ვერგატა ღია ცის ქვეშ მდგომ წმინდა ადგილად იქცა, სადაც ერთმანეთს შეხვდა მეოცე საუკუნის ომების ტკივილი და მესამე ათასწლეულის იმედი.


ღამისთევისა და ღვთისმსახურების დროს, პონტიფექსმა წარმოსთქვა სიტყვები, რომლებიც დღემდე ჟღერს მორწმუნე ახალგაზრდების გულებში:


„თუ ის იქნები, რისთვისაც შექმნილი ხარ, მთელს სამყაროს აანთებ!“


„სწორედ იესოა ის, ვისაც ეძებთ, როდესაც ბედნიერებაზე ოცნებობთ,“ – ამ სიტყვებით წმიდა იოანე პავლე II-მ ხაზი გაუსვა იმ სულიერ გზას, რომელმაც მსოფლიო ახალგაზრდების დღე უბრალო ღონისძიებაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვან დღედ აქცია.


ის გახდა წინსვლის გზა – მოწოდებითი, ძმური და მისიონერული, რომელიც მრავალ ახალგაზრდას ჩაებეჭდა მეხსიერებაში და რომლითაც მათ საკუთარი ცხოვრება ღვთისკენ მიმართეს.

ree

ლეონ XIV — ვიც ახლა ჩირაღდანს ატარებს


ამ დღეებში, პაპმა ლეონ XIV–მ ახალგაზრდებს კვლავ მოუწოდა, ახალი ენერგიითა და განახლებული სულით დაბრუნდნენ ტორ ვერგატაში.


მისთვის განკუთვნილი დაახლოებით 1,400 მ² ფართობის მქონე სცენა ისევ იმ ადგილას განთავსდება, სადაც 2000 წელს იდგა — როგორც უწყვეტობისა და მემკვიდრეობის სიმბოლო.


მაშინდელივით, ორგანიზატორები მილიონამდე მომლოცველს ელიან — ზოგი ფეხით მოვა, ზოგი ავტობუსით, მაგრამ ყველას საერთო სურვილი ამოძრავებს – შეხვედრა პეტრეს მემკვიდრესთან, რომელიც შეცვლის მათ სიცოცხლეს.


ამ მასშტაბური იუბილეს ორგანიზება მოითხოვდა დიდ ლოჯისტიკურ და ტექნოლოგიურ ძალისხმევას:


• 355 გიგანტური კარავი;

• 179 აუდიო-ვიდეო კოშკი;

• 2,000 ხმამაღალმოლაპარაკე სისტემა;

• დაახლოებით 2,400 კვ. მეტრი გიგანტური ეკრანი;

• 110 გენერატორი და122 სათვალთვალო კამერა;

• ადგილზე იმუშავებს 400 კვ. მეტრის საკონტროლო ცენტრი,

• ინტერნეტი კი უზრუნველყოფილი იქნება 19 კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელითა და 14 კილომეტრიანი ელექტროსადენით.


„ჩვენი მიზანია არა მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ ისეთი სულიერი და სათემო გამოცდილების შექმნა, რომელიც უმაღლეს დონეს შეესაბამება,“ — აღნიშნა რომის ქალაქის ლოჯისტიკის ხელმძღვანელმა.

ree

სხვა ეპოქა — იგივე გზავნილი


მიუხედავად იმისა, რომ 2000 წლიდან მოყოლებული მსოფლიო რადიკალურად შეიცვალა, ძირითადი გზავნილი უცვლელი დარჩა.


იმ დროს წმინდა იოანე პავლე II-მ 20-ე საუკუნე სიძულვილისა და ძმათამკვლელი ომების ეპოქად მოიხსენია, დღეს კი ლეონ XIV-ს გაცილებით უფრო დანაწევრებული, დაყოფილი სამყაროს მემკვიდრეობა ერგო, რომელშიც წამყვანია:


– ციფრული მარტოობა,

– დავიწყებული ომები,

– კლიმატური კრიზისი,

– ეკონომიკური უსამართლობა და

– მზარდი უნდობლობა ინსტიტუტების, მათ შორის კათოლიკური ეკლესიის მიმართაც.


ამ რეალობის ფონზე ახალგაზრდების იუბილე უბრალო საზეიმო შეკრება კი არა, განახლებული „მისიონერული მანდატია“ — ისევე, როგორც 25 წლის წინ, ტორ ვერგატაში.


დღევანდელ ახალგაზრდებს, ისევე როგორც მაშინ, მოუწოდებენ შეეწინააღმდეგონ მდორე დინებას, არ დანებდნენ არსებულ მდგომარეობას და არ „დააძინონ“ ღვთისაკენ სწრაფვა.


როგორც წმიდა იოანე პავლე II–მ თქვა: „ ეს იესოა, ვინც აღძრავს თქვენს გულში სურვილს, რომ თქვენი ცხოვრება დიდ მიზანს ემსახურებოდეს.“


თაკო ფეიქრიშვილი

Comments


bottom of page