ვიცნობთ თუ არა ახალგაზრდებს?
- catholic.ge
- Oct 3
- 2 min read
საქართველოში ჩვენს კათოლიკურ სამრევლოებში, და ასევე სხვაგანაც, იმ ახალგაზრდების ყოფნა, რომელთაც 18 წელი შეუსრულდათ, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლობენ ან მუშაობა დაიწყეს, რომლებიც დანიშნულები არიან, რომელთაც მართვის მოწმობა აიღეს, ან ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობენ, ისინი, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ბრძოლისათვის, და არ რცხვენიათ კათოლიკობის... თითქმის იშვიათობად იქცა; რატომ? ამ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი აქვს.

პესიმიზმს რომ არ მივეცეთ, დაგვეხმარება ის, რაც აგვისტოს დასაწყისში ვიხილეთ რომში, ახალგაზრდობის იუბილეზე, ანდა კარლო აკუტისისა და პიერ ჯორჯო ფრასატის კანონიზაციისას, 7 სექტემბერს: იმედით, ენთუზიაზმითა და გაზიარების სურვილით სავსე სურათები, მოულოდნელი ბევრისთვის, რომლებიც ახალ თაობებში საზოგადოებისა და ეკლესიის რესურს კი არ ხედავენ, არამედ პრობლემას.
ერთ-ერთ სტატიაში წავიკითხე: „ვენდობი იმ ადამიანებს, რომლებიც ახალგაზრდების სიტყვებსა და გამოცდილებას ყურს უგდებენ, ვენდობი ახალგაზრდებს... ბოლოს და ბოლოს, ახალგაზრდების გამოცდილება არც ისე განსხვავდება უფროსების გამოცდილებისაგან. მაგრამ მათ სიტყვებში, იმაში, თუ როგორ გამოხატავენ ისინი თავიანთ უხერხულობას, უფრო მეტი თავისუფლებაა. ჩვენ უკიდურესად გვჭირდება ეს თავისუფლება, ეს კეთილსინდისიერება“.
მწარედ შენიშნა ერთმა ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც ეკლესიური ცხოვრება მიატოვა: „მე დავტოვე სამრევლო, მაგრამ არავინ მოსულა და არავის უკითხავს, თუ რატომ... ასე რომ, შესაძლოა, ადრეც უხილავი და უსარგებლო ვიყავი“.
იმის განცდა, რომ უსარგებლო ხარ, ერთ-ერთია იმ მრავალ მიზეზთაგან, რის გამოც ახალგაზრდები შორდებიან უფროსების სამყაროს, სადაც თავს დაუფასებლად, ხშირად განკიცხულადაც კი გრძნობენ. მათ სურთ, რომ მოუსმინონ და შეამჩნიონ, სურთ, რომ ვინმე დაინტერესდეს მათი გამოცდილებით, განცდებით, სურვილებით, ოცნებებითა და ფიქრებით. როდესაც ვიღაც ამას აკეთებს, ისინი გამოხატავენ გასაოცარ მადლიერებას. შესაძლოა, ჩვენ ზედმეტად ეგოისტები ვართ, რომ სხვებზე ვიფიქროთ, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. შესაძლოა, სწორედ ამიტომ, ხელახლა უნდა ვისწავლოთ მოსმენა სამყაროში, რომელმაც ხმაურს, სიჩქარესა და ზედაპირულობას შეგვაჩვია.
თუ გვსურს ახალგაზრდების სამყაროსთან კვლავ დაკავშირება, ჩვენ, როგორც პედაგოგებმა და უფროსებმა, უნდა ვისწავლოთ ცოტა ხნით შეჩერება, დროის დათმობა და მადლიერების განცდა. ჩვენ უნდა დავუთმოთ ადგილი ახალგაზრდებს ჩვენს გულში, შევწყვიტოთ მათი განსჯა ყოველმხრივ, ნუღარ აღვნიშნავთ, რომ სხვა თაობები მათ ასაკში მათგან განსხვავდებოდნენ. მზად უნდა ვიყოთ, რომ მოვუსმინოთ და მივიღოთ მათში დაბადებული სიახლე, გვჯეროდეს, რომ საუკეთესო შესაძლებელ სამყაროთაგან მხოლოდ ის როდია, რაც უკვე აშენებულია: სინამდვილეში, სამყარო უფრო გათიშულია, ვიდრე შეკავშირებული, უფრო უწონასწოროა, ვიდრე გათანაბრებული, ინერციისა და ეგოიზმის პროდუქტი. საჩუქარი, რომლის მიცემაც ახალგაზრდებს შეუძლიათ სამყაროსათვის, არის სიახლე, გამოუცდელის, ჯერაც შეუსწავლელის შეცნობა.
დღეს ახალგაზრდები განსხვავებულ ხედვას ავლენენ სამყაროსა და ეკლესიის, საზოგადოებისა და ქრისტიანული ცხოვრების მიმართ, იმ გარემოებებში, როდესაც მყარი ხედვა უკვე აღარ არსებობს. მშობლებსა და მასწავლებლებს, მღვდლებსა და პედაგოგებს სჭირდებათ, რომ ახალგაზრდებმა თავიდან ისწავლონ ოცნება და იქონიონ იმედი.
მამა გაბრიელე ბრაგანტინი
ჟურნალი "საბა", 2025, ოქტომბერი
Comments