top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე ეკლსიას კიდევ ერთი ქართველი დიაკვანი შეემატა

2022 წლის 4 ივნისს, რაბათში, სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, კონსტანტინე აკოფაშვილი დიაკვნად ეკურთხა.




მას ხელი დაასხა საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა, მეუფე ჯუზეპე პაზოტომ. წმ. ლიტურგიაზე იმყოფებოდა წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური, ასევე საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მღვდლები.


კონსტანტინე აკოფაშვილი ვალის სამრევლოდან არის. იგი 30 წლისაა, სასულიერო სემინარიაში 17 წლის ასაკში წავიდა, 6 წელი სწავლობდა ყაზახეთის სემინარიაში, სხვა ქართველ სემინარისტებთან ერთად. 2016 წელს მან სემინარიის მიტოვების გადაწყვეტილება მიიღო.


6 წლიანი პაუზის შემდეგ კი, მოწოდება კვლავ აღმოაჩინა და სასულიერო პირად გახდომის გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იგი ქუთაისში სტიგმატელ მამებთან ცხოვრობდა.


მის დიაკვნად კურთხევის ლიტურგიაზე იმყოფებოდა კონსტანტინეს ოჯახი, ნათესავები, მეგობრები და კათოლიკური სამრევლოების წევრები.


წმ. წირვაზე ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ იქადაგა და ხაზი გაუსვა სასულიერო პირების თავმდაბლობისა და მორჩილების აღთქმებს.


cathoic.ge სრულად გთავაზობთ ეპისკოპოსის ქადაგებას:


„არასოდეს დამბან ფეხებს“ - ამბობს პეტრე სახარებაში რომელიც მოვისმინეთ; იგი თითოეულ ჩვენგანს წარმოგვადგენს! არა ვართ ჩვეულნი ღმერთს, რომელიც ჩვენს წინაშე იხრება და ავლენს გამბედაობასა და თავმდაბლობას, იზრუნოს ჩვენზე და ჩვენი არასრულყოფილებების, ჩვენი უბადრუკობებისა და სიმცირის სამსახურში ჩადგეს. ჩვენ გვემუქრება საფრთხე იმისა, რომ გვსურდეს მუდამ ძლიერი, მნიშვნელოვანი, მაღალ ტახტზე შემომჯდარი ხეირიანი და სახეირო ღმერთი. ღმერთი, რომლის წინაშეც ჩვენ უნდა დავიჩოქოთ და არა მან ჩვენს წინაშე. არ გვიჭირს ხოლმე მისგან შენიშვნებისა და უკეთესობისკენ შეცვლის მოხმობების მიღება. რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნები სირთულეებს გვიქმნის, კრიზისში შევყავართ, მაგრა მიუხედავად ამისა, ისინი გასაგებია ჩვენთვის. თუკი უფალი გვთხოვს ვიყოთ უკეთესები, სრულყოფილები, გვესმის, რომ რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს, ჩვენი ვალია, ძალისხმევას მოვუხმოთ. იგი ღმერთია, დიადია, მაღალი, მე ვინა ვარ მის წინაშე? რასაც მუდამ გვიჩიჩინებდნენ, რომ თუკი ასე მოვიქცეოდით, ეს მხოლოდ ჩვენდა სასიკეთოდ დაგვიბრუნდებოდა. არადა აქ როლები იცვლება. ღმერთი იჩოქებს. ჩვენს წინაშე იყრის მუხლს! მაშ, რაღაც ისე ვერ ყოფილა, როგორც მეგონა! რიგიან, ნორმალურ ღმერთთან არ მქონია საქმე! „არასოდეს დამბან ფეხებს!“





ძვირფასო კოტე,


ღმერთმა დაგიჩოქა! შენი რწმენის დასაწყისში, შენი მოწოდების დასაწყისში. ეს ნამდვილად ასეა! სიამაყის აქტი ვერ იქნება ვერც შენი რწმენისა და ვერც მოწოდების შუაგულში. ვერ იქნება ოდენ შენი გადაწყვეტილება, რაოდენ გააზრებული და მიზანდასახულიც არ უნდა იყოს, სისავსით შეასრულო უფლის მოხმობა! ჩვენი რწმენისა და მოწოდების დასაწყისში მის ხელთ სრულად მინდობა და სასოებაა. ღმერთმა გატარა გზით, იმისათვის, რომ აქამდე მოსულიყავ. მის ხელთ სრულად მინდობამდე, რათა გეთქვა: უფალო, აღარაფერი მესმის, მაგრამ შენთვის დამითმია ქმედება, გენდობი! აქამდე მისასვლელად შეიძლება ცრემლის ღვრაც გახდეს საჭირო და ბნელ ხეობაში სიარულიც. ოქრო ცეცხლით იწმინდება! რთული გზაა, გრძელი, იმდენად, რამდენადაც ცხოვრება! მაგრამ იგი მოდის შენს გარდასაქმნელად! მოწოდებისათვის ვართ მზად მხოლოდ მაშინ, როცა სრულებით მის ხელთ გადავცემთ ხოლმე საკუთარ თავს!! დღეს შენ გადასცემ მას სრულად საკუთარ თავს. კითხვები ისმის ალბათ შენს გულში: რა დამემართება? შევძლებ კი? როგორ გამოვადგები ჩემს ეკლესიას? ვიცხოვრებ ჩემს ძმებთან, დიაკვნებთან და მღვდლებთან ერთად და მათთან ერთობაში? გაბედე და ეს კითხვები ჩადე იმ აქტში, რომლითაც შენს თავს მთლიანად მიანდობ მას! უფალო, შენი ვარ, რაც გსურს იმად მაქციე! პირველ საკითხავში პავლე მოციქულმა გვითხრა, რომ სწორედ მაშინ, როცა განიცადა სიბრმავე, როცა ვეღარაფერს ხედავდა, მაშინ იხილა ღმერთი და განიცადა ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი -- მკვდარი და აღმდგარი იესო ქრისტე.


თუკი უფალი ახერხებს ჩემს ცხოვრებაში შემოსვლას ფეხებიდან, ანუ, დაბლიდან, შესაბრალისი და ათვალწუნებული მხრიდან, ეს მისი გულმოწყალება გარდამქმნის მეც და მაყენებს სხვების წინაშე სწორი სახით. დიაკონი ნიშნავს დახრას, სახის ნაცვლად სხვისი ფეხების მზერას, მისი საჭიროებების დანახვას. თუკი ჩემი სიყვარული სხვების წინაშე კონკრეტული სიყვარულია, რომელიც მსახურებას იწყებს, თუკი ჩემი სიყვარული იწმიდება მეორე ადამიანის კეთილის სურვილით, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეგვეძლება ვიყოთ დარწმუნებულნი რომ ადგილი არ ექნება დაყოფებს, განსჯას. მე ვიხრები შენს წინაშე, გბან ფეხებს, ვინაიდან თავად ღმერთი იხრება შენს წინაშე და გბანს ფეხებს! როგორ შემიძლია არ გენდო შენ თუკი თავად ღმერთი გენდობა და გბანს ფეხებს? მსურს რომ დღეს ეს ყველას გავუმეორო, ყველა მორწმუნეს, ყველა ბერ-მონაზონს, ყველა დიაკონსა და ყველა მღვდელს, და მათ შორის საკუთარ თავსაც! თუკი მე მოველი და თანახმა ვარ დაგბანო ფეხები, მაშინ, როცა ისინი ლამაზი, სუფთა და სურნელოვანი იქნება, საყვარელი და სრულყოფილი, ვერ შევძლებ მსახურად ყოფნას, დიაკვნობას, ვერ ვიქნები მწყემსი! იესომ ფეხების დაბანით გვიჩვენა რაოდენ ენდობა ადამიანს, ფიქრობს, რომ ჩვენ, ყველა ჩვენგანს შეგვიძლია ვიაროთ ამგვარი ფეხებით, მისი ხელით დაბანილი ფეხებით, იქითკენ, სადაც იგი მიგვავლენს. იმ ნდობის ნახევარი რომ გვქონოდა, რაც ღმერთს აქვს ადამიანებთან მიმართებაში, ყველა ჩვენს განსჯებს მოვისვროდით სანაგვეზე! დღეს მივლენილი ხარ, წინსაფრიანი მივლენილი, რათა დაიხარო და ემსახურო, გამოადგე! „არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე მსახურება, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ასევე მოიქეცით“. რაც მეტად იქნები მსახური, რაც მეტ ფეხს დაბან მით უფრო დიდი იქნები ღმერთის თვალში! „ნურაფერს გააკეთებთ საიმისოდ, რომ ადამიანებმა დაგაფასონ და პატივი მოგაგონ, ეს მსწრაფლწარმავალი დიდებაა!“ ყველაზე ღრმა სიხარული, რაც მთელი ცხოვრება გაგყვება და კვალს დაგამჩნევს ამ სიტყვიდან იბადება! ამასთან მიმართებაში გთხოვ, რომ ყოველდღიურად ძირეულად იცვალო ხოლმე აზროვნება, სიღრმეულად მოექცე ხოლმე: ღმერთისათვის მომუშავე ადამიანიდან (ჩვენ ყველას ხშირად გვგონია ხოლმე, რომ ღვთისათვის მომუშავე ხალხი ვართ, რის გამოც გვემუქრება იმის საფრთხე, რომ უფლის ვენახი უფრო მეტად შევიყვაროთ ვიდრე ვენახის უფალი) იქცე „ღვთის საქმის მკეთებელ“ ადამიანად! მსახურება და პურის გატეხვაა ღვთის საქმე: „როგორც მე მოვიქეცი, ასევე მოიქეცით თქვენ!“ მსახურებიდან და გაზიარებიდან იბადება სახარების უწყება!


ეპისკოპოსის ხელთ გადასცემ მორჩილების პირობასაც. ღვთის ხმას უნდა გავუგონოთ, დავყვეთ, დავერმორჩილოთ, ვინაიდან არ არსებობს რწმენა მორჩილების გარეშე. და გახსოვდეს, რომ მაშინ, როცა აღარ გესმის არაფერი, ყველაფერი დაბნეულია შენში და მრავალი ეჭვი იჩენს თავს, აირჩიე მორჩილების გზა. მორჩილება, თუნდაც მაშინვე არა, შემდგომ ყოველთვის იქცევა ნათლად! მეც არაერთხელ მომიწია დავყოლოდი ცრემლებით! ეპისკოპოსისთვის მორჩილება ეკლესიასთან თანაზიარების გარანტიაა.

დიდებით მოსილი უფალი შთაგბერავს თავის ნუგეშისმცემელ სულს და გაქცევს თავის დიაკვნად სულთმოფენობის წინადღეს! თუმცა ყოველის მპყრობელი უფალი, რომელმაც მოგიხმო ესოდენ დიდი მისიისაკენ ის უფალია, ვინც სინაზითა და გულითადობით გეფერება თავისი მარჯვენით და გაკურთხებს შენ! ჩვენს ცხოვრებაში უფალი არაერთხელ წამოგვაყენებს ფეხზე და გვეუბნება: „ნუ გეშინია! მე ცოცხალი ვარ, მე ვძლიე სიკვდილს, შენთანა ვარ ყოველ დღე“. შენც მოგქცევია ასე და კვლავაც მოგექცევა! არასდროს ჩაიქნევს ხელს შენზე!


ილოცე ჩემთვის და ილოცე ყოველდღე ამ ეკლესიისათვის. გიყვარდეს იგი ვინმეს თავიდან მოშორებისა და გამორიცხვის გარეშე და პოვე სიხარული მის მსახურებაში, ერთგულებით", – იქადაგა ეპისკოპოსმა.


ლიტურგიის შემდეგ, ახლადნაკურთხმა დიაკვანმა ახლობლებისგან საჩუქრები მიიღო და ახალგაზრდების მიერ დადგმულ პატარა, მხიარულ სპექტაკლს შეუერთდა.





თაკო ფეიქრიშვილი
რობი ზარიძე

bottom of page