კათოლიკური მუსიკის დაჯილდოების ცერემონია 2025: რწმენის, მუსიკისა და ერთობის ზეიმი
- catholic.ge

- Jul 30
- 2 min read
კათოლიკური მუსიკის დაჯილდოების — იგივე „კათოლიკური გრემის“ პირველი ცერემონია — 27 ივლისს, რომის Auditorium Conciliazione-ში გაიმართა. ეს დაჯილდოება, კათოლიკური მუსიკის სამყაროში, ისტორიულ და გლობალურ მოვლენად იქცა.

კათოლიკური მუსიკის ე.წ. „გრემი“ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც აღნიშნავს კათოლიკური მუსიკის სრულყოფილებას ესპანურ, ინგლისურ, იტალიურ და პორტუგალიურ ენებზე.
დაჯილდოების ცერემონია, რომლის ტრანსლაციაც შეგიძლიათ იხილოთ ღონისძიების ოფიციალურ ვებსაიტზე, Auditorium Conciliazione-ში საღამოს 7 საათზე დაიწყო და მთელი მსოფლიოს მორწმუნეებისა და გულშემატკივრებისთვის, სოციალური ქსელების მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
საერთაშორისო შეკრება რწმენის, სილამაზისა და ნიჭის ნამდვილი ზეიმი იყო, რომელმაც ყველაზე გამორჩეული კათოლიკე შემსრულებლები გააერთიანა.
ამავე დღეს, დაჯილდოების მონაწილეებს მიესალმა და დალოცა პაპი ლეონ XIV.

რწმენით სავსე მხიარული ცერემონია
ცერემონიაზე კარდინალმა როდრიგეს მარადიაგამ წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც შეაქო ორგანიზაცია და ხაზი გაუსვა მუსიკის არსებით როლს ევანგელიზაციაში. „კათოლიკური მუსიკა გულს ეხება და გვაახლოებს ქრისტეს სიყვარულთან“, - აღნიშნა მან.
კარდინალმა ასევე დალოცა მსოფლიოს ყველა კათოლიკე მუსიკოსი და წაახალისა ისინი, რომ სიხარულითა და თავმდაბლობით გაეზიარებინათ თავიანთი ნიჭი.
შემდეგ, მხატვრული მემკვიდრეობისთვის საპატიო ჯილდოები გადაეცათ: ანდრეა ბოჩელის, მაესტრო ალეხანდრო მეხია პერედას; მონსინიორ მარკო ფრისინას; მარტინ ვალვერდეს; და მეტ მაჰერის, რომელმაც ასევე შეასრულა სიმღერა ინგლისურ ენაზე.
საღამო გაიხსნა ჯგუფმა Gen Verde-ს შესრულებით, რასაც მოჰყვა მრავალფეროვანი ცოცხალი შესრულებები.
მადლიერი ორგანიზატორები
„რამონ პანეს ფონდის“ აღმასრულებელმა პრეზიდენტმა, ძმა რიკარდო გრზონამ, მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს, ტექნიკურ და შემოქმედებით გუნდებს. მანვე აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიოდან დაჯილდოებაზე 1400-ზე მეტი სიმღერა იყო წარდგენილი.

მისივე თქმით, კარდინალმა ოსკარ როდრიგეს მარადიაგამ მოითხოვა, რომ ეს ღონისძიება ორ ან სამ წელიწადში ერთხელ გაგრძელდეს, ამ პირველი ღონისძიების დიდი დადებითი გამოხმაურებისა და გლობალური გავლენის გათვალისწინებით.
სიმბოლური ჟესტით, კარდინალმა მარადიაგამ პაპ ლეონ XIV-ს სამახსოვრო პატარა ქანდაკება გადასცა, რითაც გაიხსენა, რომ წმიდა მამა ავგუსტინელია.
ეს ისტორიული ზეიმი, მადლიერებით აღვსილი გულებით დასრულდა და მტკიცე რწმენით, რომ წმინდა მუსიკის ძალა კვლავაც ააგებს რწმენისა და ერთობის ხიდებს მთელ მსოფლიოში.
თაკო ფეიქრიშვილი









Comments