მამა კონსტანტინე აკოფაშვილი Renovabis-ის კონგრესზე
- catholic.ge

- Sep 11
- 2 min read
Catholic.ge–ზე პასუხისმგებელმა მღვდელმა, მამა კონსტანტინე აკოფაშვილმა მონაწილეობა მიიღო ორგანიზაცია Renovabis-ის 29-ე საერთაშორისო კონგრესში.

9–11 სექტემბერს, ბერლინის კათოლიკურ აკადემიაში, ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ასევე გერმანიიდან, 200-ზე მეტი მონაწილე შეიკრიბა.
მთავარი თემა ადამიანურ ღირსებას შეეხებოდა – „ხელშეუხებელი და დაუცველი. ადამიანური ღირსება უნივერსალურ მოთხოვნასა და კონფლიქტის სოციალურ ხაზებს შორის ევროპაში“ — 26 ქვეყნის წარმომადგენელი ერთად განიხილავდა დღევანდელ გამოწვევებსა და დაპირისპირების წერტილებს, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ღირსებასთან ევროპაში.
ამ კონტექსტში სხვადასხვა მომხსენებელთა შორის სიტყვით გამოვიდა საქართველოში კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელი, catholic.ge–ზე პასუხისმგებელი, მამა კონსტანტინე აკოფაშვილი, რომელმაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა – ადამიანური ღირსების ჭრილში და ასევე მონაწილეებს რელიგიური თავისუფლების კუთხით, ქვეყანაში არსებული სიტუაცია გააცნო.

„2008 წლიდან საქართველომ კარგად იცის რას ნიშნავს, „რუსული ოკუპაცია“, როცა შენს ქვეყანაში იჭრება რუსეთი... სამწუხაროდ, ევროპა მაშინ დუმდა და მხოლოდ სიტყვებით გვამხნევებდა. ამიტომ ძალიან რთულია, როცა ამ გადასახედიდან ვსაუბრობთ პატარა ქვეყნებზე, სადაც რუსეთი ცდილობს საკუთარი ძალების დემონსტრირებას. ვფიქრობ, რომ ევროპა უნდა გადავიდეს კონკრეტულ ქმედებებზე და არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ სიტყვიერი გამხნევებით.
რაც შეეხება ადამიანის ღირსებას, ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 20 000 კათოლიკეა და 20 კათოლიკე მღვდელი ვართ, რეალურად ძალიან ცოტანი. თუმცა ჩვენ ყოველდღიურად, ნამდვილად ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენი ღირსება და რწმენა არასდროს შეილახოს და ამის პარალელურად ვიბრძვით იმისთვისაც, რომ ჩვენი ეკლესია გაიზარდოს, რაშიც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება თქვენი დახმარება. ადვილია გადაიხადო ფული, ადვილია ფინანსურად დაეხმარო ვინმეს და გაუგზავნო საჭმელი, მაგრამ რეალურად ადამიანს დაუდგე გვერდში, არა მხოლოდ სიტყვებით ან ფინანსურად, არამედ სულიერად – დღეს ყველაზე რთული საქმე გახდა და გთხოვთ, იქნებ ამ პროექტების დახმარებით სწორედ ერთმანეთის გვერდში დგომა შევძლოთ“, – განაცხადა კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას მამა კონსტანტინე აკოფაშვილმა.
კონგრესის მიზანი იყო ადამიანის ღირსებისა და მისი დამცავი მექანიზმების უფრო ღრმად გაგების ხელშეწყობა და სხვადასხვა სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტში წარმოშობილი დილემების გაანალიზება – „სულ უფრო პოლარიზებულ საზოგადოებაში ადამიანის ღირსება ხშირად ექსპლუატაციისა და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. თუმცა, ქრისტიანებისთვის ის განუყოფელია, რადგან ის ყველა ადამიანს ღვთის მსგავსად ეძლევა“.
ამან წამოჭრა კითხვა, თუ სად არის დღეს ადამიანის ღირსების დაცვის უდიდესი გამოწვევები და რა სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობა ჩნდება ევროპაში. ასევე, რა პასუხისმგებლობა აკისრიათ პოლიტიკოსებს, ეკლესიას, რელიგიურ თემებს და მთლიანად საზოგადოებას მის შენარჩუნებასა და გაძლიერებისათვის?
ამ და სხვა კითხვებს გაეცა პასუხები Renovabis-ის 29-ე საერთაშორისო კონგრესზე. მომხსენებლებმა, წარმოადგინეს პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და სიღრმისეული დიალოგები.
კონფერენციის ენები იყო გერმანული, ინგლისური და იტალიური
კონგრესის შესახებ
1997 წლიდან, Renovabis-ი, გერმანიის ეპისკოპოსთა კონფერენციის სახელით, ყოველწლიურ საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს. ამ ღონისძიებაში მთელი ევროპიდან მონაწილეობენ და ემსახურება ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ეკლესიასა და საზოგადოებაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების, ასევე პანევროპული მნიშვნელობის საკითხების ინფორმირებასა და განხილვას. წლების განმავლობაში, Renovabis-ის საერთაშორისო კონგრესი აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ადამიანებს შორის დიალოგის მნიშვნელოვან ფორუმად ჩამოყალიბდა.
თაკო ფეიქრიშვილი















Comments