პაპი ვატიკანში 600 ბავშვს შეხვდა
- catholic.ge
- 13 hours ago
- 1 min read
3 ივლისს, პაპი ლეონ XIV, ვატიკანში, 300 უკრაინელ ბავშვსა და მოზარდს შეხვდა, რომლებიც „კარიტასის“ ფონდის მოწვევით, ზაფხულს იტალიაში გაატარებენ. გარდა ამისა, წმიდა მამა შეუერთდა კიდევ ერთ, 310 ბავშვიან საზაფხულო ბანაკს, რომელშიც ვატიკანის სამსახურებში დასაქმებულ პირთა ბავშვები მონაწილეობენ.

პაპმა ბავშვების კითხვებს პასუხები გასცა და საკუთარი ბავშვობის მოგონებები გაუზიარა – როდესაც წმიდა წირვაზე თანატოლებს, მეგობრებს და უპირველეს ყოვლისა, საუკეთესო მეგობარს - იესოს შეხვდა.
პაპმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მრავალფეროვნებისა და სტუმართმოყვარეობის თემებზე. უკრაინელ ბავშვებთან მიმართვისას, მან ხაზგასმით აღნიშნა: „მნიშვნელოვანია ერთმანეთის პატივისცემა, არა განსხვავებებზე ფიქრი, არამედ მეგობრობის ხიდების აგება, რადგან ყველანი შეგვიძლია ვიყოთ მეგობრები, ძმები და დები“. ომის შესახებ კითხვაზე, წმიდა მამამ უპასუხა, რომ მშვიდობის ფასი ადრეული ასაკიდანვე უნდა ვისწავლოთ, თავი ავარიდოთ კონფლიქტებს და არასდროს დავნებდეთ სიძულვილსა და შურს.
“იესო ყველას გვთხოვს ვიყოთ მეგობრები. მნიშვნელოვანია პატარა ასაკიდანვე ვისწავლოთ ურთიერთპატივისცემა და სხვა ადამიანში დავინახოთ საკუთარი თავი” , – აღნიშნა წმიდა მამამ.

შეხვედრის დასასრულს, ბავშვებმა რომის ეპისკოპოსს ბანაკში საკუთარი ხელით დამზადებული საჩუქრები და საზაფხულო ცენტრის სიმბოლოები გადასცეს. უკრაინელმა ბავშვებმა პაპ ლეონს ასევე ნახატები და ხელნაკეთი ნივთები აჩუქეს. ერთობლივი ფოტოსესიის შემდეგ, ლეონ XIV-მ ყველასთან ერთად ილოცა ღვთისმშობლისადმი და ბავშვები დალოცა.
შოთა გიქოშვილი
Comentários