top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რა სახის შეთანხმებები გააფორმა საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანთან


16–19 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტი ვატიკანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ნახეთ სალომე ზურაბიშვილის სტუმრობის დეტალები ქრონოლოგიურად.




თანამშრომლობის მემორანდუმი


საქართველოსადა ვატიკანსშორის პირველი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა:

„ერთ-ერთი ტრადიციული ღირებულება ტოლერანტობა და შემწყნარებლობაა, რომელიც საქართველოს ისტორიულად მოჰყვება. საქართველოში მიღებულია ყველა რელიგიისა და აღმსარებლობის ადამიანი. საქართველო კულტურათშორისი დიალოგის ერთ-ერთი ცენტრია და ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ. დღეს ამ გზაზე და ამ მიმართულებებით თქვენთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“,- განაცხადა შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრისას რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა, მათ შორის, საქართველო - ვატიკანის მუდმივმოქმედი სამეცნიერო საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც ძველი ქართული ქრისტიანული ლიტერატურის თარგმანს განახორციელებს.

კულტურისა და განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს ხელი ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციის პრეზიდენტმა, კარდინალ ჯუზეპე ვერსალდიმ და ვატიკანის კულტურის პონტიფიკალური საბჭოს პრეზიდენტმა, კარდინალ ჯანფრანკო რავაზიმ შეხვედრების შემდეგ მოაწერეს.


ქართული მხრიდან კი, მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა სიხარულიძემ მოაწერეს.


„ეს მემორანდუმი საშუალებას გვაძლევს შემდგომი, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტისა და ვატიკანის არქივების კიდევ უფრო დაახლოების კუთხით. ჩარჩო მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს, რომ ქართველი მკვლევარებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ვატიკანის არქივები და ის მასალა, რაც ამ წლების განმავლობაში დაცული და გამოუქვეყნებელი იყო, საჯარო გახდება და უკვე გარკვეული კვლევითი მტკიცებულებები იქნება“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა.


ვატიკანის მხრიდან არის მზაობა, რომ საქართველოც ჩაერთოს გლობალურ მოწოდებაში Global Compact on Education, რომელიც მოიცავს ხალხთა შორის ურთიერთობებსა და მომავალი თაობების აღზრდისთვის უმნიშვნელოვანეს განათლების, მეცნიერების, ინოვაციების, ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობას.


საარქივო მასალები


ვატიკანში ვიზიტისას, პრეზიდენტი იმყოფებოდა „პროპაგანდა ფიდეს“ ისტორიულ არქივში, სადაც დაცულია მასალები საქართველოს შესახებ. პრეზიდენტმა ნახა

საარქივო მასალები:

– წმინდა ქეთევან დედოფლის წამების შესახებ

– გიორგი XI წერილი - მეფის ხელრთვით და ბეჭდით

– სულხან-საბა ორბელიანის წერილი



სამედიცინო სფერო


ქართველი ექიმები და ბიოლოგები ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს „ბამბინ ჯეზუ" ბაზაზე, რომში რამდენიმეკვირიან გადამზადებას გაივლიან.


ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფო გადაუდებელი და იშვიათი შემთხვევებისას, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით გამონაკლისის სახით, საქართველოს დახმარებას გაუწევს. აღნიშნულ შეთანხმება17 ივნისს ვატიკანში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას შედგა.


„ძალიან სასიხარულო ამბავია ჩვენთვის. დავათვალიერე „ბამბინ ჯეზუს“ საავადმყოფოს მაღალტექნოლოგიური მეცნიერებათა კვლევის ლაბორატორია, რომელიც ერთ-ერთი გამოჩენილია ევროპაში და რომელიც პირველ რიგში, ბავშვთა მიმართულებით იშვიათ და ონკოლოგიურ დაავადებებზე მუშაობს. მათ მზადყოფნა გამოთქვეს იმისთვის, რომ ყველა მიმართულებით ითანამშრომლონ საქართველოსთან. პირველ რიგში, მოხდება ჩვენი ექთნებისა და ექიმების გადამზადება. საჭიროა, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ ლაბორატორიის მუშაობაში და კვლევაში.


ასევე, მზად არიან დიაგნოსტიკური კუთხით თანამშრომლობისთვის. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაეხმარებიან ჩვენ ბავშვებს. საავადმყოფოს დირექტორი ჩამოვა საქართველოში, ჩვენ ამაზეც ვართ შეთანხმებული და ადგილზე მოვაწერთ ხელს მემორანდუმს. ეს ყველასთვის ძალიან სასიხარულო ამბავია და მე პირადად, ძალიან მიხარია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.



ქართული კულტურა


ქართული კულტურისა და მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის მიზნით ვატიკანში, კანცელარიის სასახლეში ანსამბლმა „ბასიანმა" იმღერა.


საქართველოს პრეზიდენტმა მიღებაზე მოწვეულ სტუმრებსა და ვატიკანში აკრედიტებულ დიპლომატებს სიტყვით მიმართა და ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ღირებულებების შესახებ ისაუბრა.


„საქართველო, საუკუნეების განმავლობაში, ტოლერანტობის ქვეყანა იყო, რაც ჩვენი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. დღეს ტოლერანტობა მრავალმხრივ საფრთხის ქვეშაა. საქართველოშიც ვხედავთ პოლარიზაციას, რასაც საერთო ღირებულებების გაზიარება უნდა დავუპირისპიროთ. ამ ღირებულებებს განმტკიცება, ჩვენ კი, მრავალ სფეროში სოლიდარობა და მხარდაჭერა გვჭირდება, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა.

300 წლის წინ სულხან - საბა ორბელიანი ვატიკანში ჩამოვიდა და პაპთან აუდიენცია გამართა. უკვე მაშინ, ის საქართველო-ვატიკანს შორის კავშირების დამყარებას ცდილობდა.


დღეს სულხან-საბა ქართული დიპლომატიის მამად არის მიჩნეული და ქრისტიანულ ევროპასთან კავშირის სიმბოლოა.


დღეს აქ წარმოგიდგინეთ ქართული მრავალხმიანი სიმღერა, რომელიც ქართული უნიკალური კულტურის ნაწილია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიმღერებით მცირედით მაინც გასაგები გახდება რა იყო, რა არის და რა იქნება საქართველო!

ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი საღამო საქართველოში სტუმრობის სურვილს გაგიჩენთ",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.



ეკლესიის გადაცემა


ვატიკანის გადაწყვეტილებით, ქალაქ რომის ქართულ სამრევლოს 70 წლით სარგებლობის უფლებით „სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესია გადაეცა.


აღნიშნული საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა რომის ეპარქიაში რომის პაპის ვიკართან კარდინალ ანჯელო დე დონატისთან განიხილა, რის შემდეგაც პრეზიდენტი ეკლესიაში ლოცვას თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორთან, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესთან ერთად დაესწრო.


საქართველოს პრეზიდენტმა რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარს, მამა იოანეს ქართული სამრევლოსათვის ეკლესიის გადაცემა მიულოცა და უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის ეკლესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„ძალიან კარგად მესმის ამ ეკლესიის მნიშვნელობა, რამეთუ მე ეს გზა გავლილი მაქვს, პარიზში ქართული ეკლესია მამაჩემის დაარსებული იყო. მინდა ამ ეკლესიის მრევლს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და გთხოვოთ თქვენც, როცა ყველას გადასცემთ ამ ძალიან სასიხარულო ამბავს, ჩემგანაც გადასცეთ ეს ძალიან დიდი სიხარული და მილოცვა. კოვიდპანდემიის გამო ძალიან მძიმე წელი გვქონდა და მინდა ვისურვო, რომ მომავალი წელი იყოს ბევრად უფრო იოლი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქართული სამრევლოსათვის ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით „სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესიის გადაცაცემის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი უახლოეს მომავალში გაფორმდება.



catholic.ge

bottom of page