საქართველოში კამილიელთა საკრებულოს ახალი წინამძღვარი ჰყავს
- catholic.ge
- 14 minutes ago
- 1 min read
1–ელ სექტემბერს, მამა ლაშა მანუკიანი საქართველოში კამილიელთა საკრებულოს წინამძღვრის თანამდებობაზე თავისი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. მონასტრის წესების შესაბამისად, მოეწყო პოსტზე შესვლის შიდა ცერემონია.

ცერემონია 2025 წლის 1–ელ სექტემბერს, ‘მწუხრის ლოცვის’ შემდეგ გაიმართა. უფროსმა თანაძმამ წაიკითხა დეკრეტი, მოხდა ახალი წინამძღვრის კანდიდატის „რწმენის აღიარება“, რის შემდეგ, თანაძმებმა მშვიდობის ნიშანი გადასცეს ერთმანეთს და კანდიდატმა მათ სიტყვიერად მიმართა.
ამის შემდეგ, წაიკითხეს სპეციალური ლოცვები ახალი წინამძღვრისთვის, რომელმაც თანაძმები სპეციალური კურთხევით აკურთხა.
ამავე ცერემონიაზე პატივი მიაგეს მონასტერში არსებულ წმ. კამილოს რელიკვიებს.
პროცესის დასასრულს, მოეწყო შეხვედრა (კაპიტულა), რომლის დროსაც, ახალმა წინამძღვარმა, მამა ლაშა მანუკიანმა მონასტრის პასუხისმგებლობები და ფუნქციები გაანაწილა.
საქართველოში კამილიელთა საკრებულოს წინამძღვრად მამა ლაშა მანუკიანი 2025 წლის 1–ელ აგვისტოს დასახელდა. იგი პირველი ეროვნებით ქართველი მღვდელია, რომელიც კამილიელთა საკრებულოს უხელმძღვანელებს.
ამ დრომდე, კამილიელთა ორდენის წინამძღვრები საქართველოში იყვნენ:
– მამა ნინო (ჯანჯიროლამო) მარტინი (+2017)
– მამა პავლე დილი
“ილოცეთ ჩემთვის, რომ ღმერთმა მომანიჭოს სულიწმინდის მადლი, რათა აღვასრულო უფლის ნება და არა ჩემი”, – ამბობს მამა ლაშა მანუკიანი.
საქართველოში კამილიელთა ორდენის წევრები 1997 წელს ჩამოვიდნენ. 1998 წლიდან კი, მათ თბილისში სამედიცინო ცენტრი დააფუძნეს.
დღეს საქართველოში ორდენი აერთიანებს ბერებს:
– მღვდელმსახური ლაშა მანუკიანი
– მღვდელმსახური პავლე დილი
– მღვდელმსახური აკაკი ჭელიძე
– მღვდელმსახური ზიგმუნდ ნიეჯვეჯი
სნეულთა მომსახურების სასულიერო პირთა ორდენი (კამილიელები) კათოლიკური ეკლესიის მხარდაჭერით 1582 წელს დაარსდა. 2020 წლის მონაცემებით, 1080 კამილიელი 35 ქვეყანაში მსახურობს.
თაკო ფეიქრიშვილი
Comments