top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საქართველოში ფატიმის ღვთისმშობლის მიმლოცველობა დასრულდა

საქართველოში ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკებით მიმლოცველობა დასრულდა. დასკვნითი საზეიმო წმ. წირვა რაბათში, სავარდის სახელობის ტაძარში აღევლინა. საქართველოდან ღვთისმშობელს აზერბაიჯანში წააბრძანებენ.



14 ოქტომბერს, საქართველოში ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკებით მომლოცველობა დასრულდა.


ღვთისმშობლის გამოსამშვიდობებელი საზეიმო ლიტურგია სოფელ ივლიტაში, რაბათის დასახლებიდან დააახლოებით ორ კილომეტრში დაიწყო. დასახლების ცენტრში შეკრებილმა კათოლიკეებმა ღვთისმშობლის წინ „სავარდის“ ლოცვა ილოცეს და შემდეგ ეპიკოპოსთან და სასულიერო პირებთან ერთად, მსვლელობით რაბათში არსებული კათოლიკური ტაძრისკენ გაემართნენ.


ორკილომეტრიანი გზის ფეხით გავლის შემდეგ, სავარდის სახელობის ტაძარში საბოლოოდ, საზეიმო წმ. წირვა ეპისკოპოსმა, მეუფე ჯუზეპე პაზოტომ და ქვეყანაში მოქმედმა კათოლიკე მოძღვრებმა აღავლინეს.


ფატიმის ღვთისმშბელის ქანდაკება საქართველოში 30 სექტემბერს, სამი დღის დაგვიანებით ჩამოაბრძანეს. მიუხედავად დაგვიანებისა, ორი კვირის განმავლობაში ღვთისმშობელი ქვეყნის ყველა სამრევლოსა და ორგანიზაციაში მიაბრძანეს. მიმლოცველობა ქართლის სამრევლოებიდან დაიწყო, გადაინაცვლა დასავლეთ საქართველოში და საბოლოოდ მესხეთში დასრულდა.


თითოეული სამრევლო ღვთისმშობელს საკუთარი პროგრამით დახვდა, თუმცა ყველა მათგანში ღვთისმშობლის სადიდებლად აღევლინა „სავარდის“ ლოცვა და შესრულდა მონანიების ლიტურგია. რიგ ტაძრებსა და სამლოცველოებში აღევლინა წმ. წირვები.

ფატიმის ღვთისმშობელი კათოლიკეებისათვის მშვიდობის სიმბოლოს წარმოადგენს. ქანდაკება მას შემდეგ შეიქმნა, რაც 1917 წელს, პორტუგალიის ქალაქ ფატიმაში სამ მწყემს ბავშვს ღვთისმშობელი გამოეცხადა. გამოცხადებები 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოოდ, სასწაულს 70 000 ადამიანი შეესწრო. მარიამის საპილიგრიმო (მიმლოცველობისთვის განკუთვნილ) ქანდაკებას ზუსტად ისეთი სახე აქვს, როგორც ღვთისმშობელი სამი თვითმხილველი ბავშვიდან ერთმა აღწერა. ქანდაკებით მიმლოცველობის ძირითადი მისიაა ღვთისმშობელმა მშვიდობა მიიტანოს ყველგან.


საქართველოდან ქანდაკებას აზერბაიჯანში გადააბრძანებენ, შემდეგ კი სომხეთში. საბოლოოდ, 4–5 ნოემბერს, მას ისევ საქართველოში, ამჯერად მხოლოდ თბილისში, საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ და გამოსამშვიდობებელი წირვა აღევლინება.




ამავე თემაზე:


თაკო ფეიქრიშვილი
რობი ზარიძე
bottom of page