დემეტრე თბილელის ნეტარად შერაცხვის ეპარქიული პროცესი დასრულდა
- catholic.ge
- 12 minutes ago
- 3 min read
2025 წლის 27 მაისს, ქართველი კათოლიკე მოწამის, ძმა დემეტრე თბილელის ნეტარად შერაცხვის პროცესი ეპარქიულ დონეზე დასრულდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველოში შეგროვებული მასალები, რომლითაც დასტურდება ძმა დემეტრეს დახმარება და შეწევნა კონკრეტული წყალობისთვის, საქართველოში უკვე შეგროვებულია.
ამ ნაწილით, დაიხურა ტრიბუნალის ანუ საქართველოში შექმნილი ე.წ. საეკლესიო სასამართლოს მუშაობა. დაახლოებით 1500 ფურცელს, რომელიც ძმა დემეტრე თბილელს შეეხება, ვატიკანის წმიდანთა კონგრეგაციაში თავად ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, ივნისის შუა რიცხვებში ჩაიტანს, რის შემდეგაც პროცესი ახალ ეტაპზე, უკვე რომში გაგრძელდება.
27 მაისს, თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა სასულიერო და საერო პირებმა, ძმა დემეტრეს ბეატიფიკაციის პროცესის დახურვა ლოცვით დაიწყეს.
რის შემდეგაც, წესისამებრ, შეკრებილებს ხმამაღლა წაეკითხათ დოკუმენტები, ტრიბუნალის ყველა წევრმა კი, წაკითხული ხელმოწერით დაადასტურეს და დალუქეს. დოკუმენტაციის ყუთი მეუფე ჯუზეპე პაზოტოს საეპისკოპოსო ბეჭდით დაილუქა.
პროცესი წმ. წირვით დასრულდა, კათოლიკე მორწმუნეებმა ძმა დემეტრეს სიწმიდის აღიარება უფალს შეავედრეს.
საქართველოში ძმა დემეტრეს დამოწმების 10 ფაქტი შეგროვდა, მათგან 1 სასულიერო პირია, 1 – აღმსარებლობით მართლმადიდებელი, დანარჩენი კი კათოლიკე. ასეთივე დამოწმებები შეგროვდა სხვა ქვეყნებში მცხოვრებ კათოლიკეებშიც.
ეპარქიულ დონეზე პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, იტალიაში ათკაციანი მეცნიერების ჯგუფი ძმა დემეტრე თბილელის შესახებ ისტორიულ დოკუმენტაციას აგროვებდა.
მსგავსი პროცესი საქართველოს კათოლიკე ეკლესიისთვის სქიზმის შემდეგ პირველია.
ცნობისთვის, XIV საუკუნის ქართველი კათოლიკე ბერისა და მოწამის, ძმა დემეტრე თბილელის შესახებ ინფორმაცია მოიძია, ქართველი კათოლიკეებს გააცნო და მისი კანონიზაციისთვის მუშაობას დღემდე აგრძელებს ეპისკოპოსის ვიკარიუსი, მამა გაბრიელე ბრაგანტინი. იგი კანონიზაციის გზის ყველა ეტაპს გულმოდგინედ მიჰყვება.
ბოლო პერიოდში იგი რომში, ისტორიკოს–მეცნიერებთან ამ საკითხზე აქტიურად მუშაობდა.
––––
საქართველოში კათოლიკე ეკლესიამ ძმა დემეტრე თბილელის ბეატიფიკაციის (ნეტარად შერაცხვა) პროცესი 2024 წლის 9 აპრილს გახსნა.
ქართველი კათოლიკე მოწამის, ფრანცისკანელი ბერის, დემეტრე თბილელის ნეტარად შერაცხვის შესახებ თხოვნა საქართველოში კათოლიკე ეკლესიამ, პაპს წერილობით 2021 წლის 9 აპრილს გაუგზავნა.
“ჩვენი აზრით, 700-ე წლისთავი კარგი და ხელსაყრელი შემთხვევაა რათა გავაცოცხლოთ მისი ხსოვნა ჩვენს კათოლიკე საკრებულოებში და ამავდროულად, შევამოწმოთ, თუ არსებობს დოკუმენტები ან საკმარისი მოტივაციები, რომლებიც ადასტურებდეს, რომ ჩვენი ძმა დემეტრე უკვე იყო ‘ნეტარად’ მოხსენიებული, როგორც მისი მეგობარი სხვა ფრანცისკელები, და იმ შემთხვევაში, თუ ამის დოკუმენტირება შეუძლებელი აღმოჩნდა, ვიკითხოთ, რისი გაკეთებაა უკეთესი იმისათვის, რომ ჩვენი ძმა დემეტრეც ვიხილოთ ‘ნეტარად’ შერაცხილი”, - ეწერია წერილში.
ამის საპასუხოდ, ვატიკანმა კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსს ოფიციალური წერილი გამოუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ნეტარად შერაცხვასთან დაკავშირებით, ეკლესიამ ადგილობრივ დონეზე, უნდა შექმნას სპეციალური კომისია და შეაგროვოს ისტორიულ–დოკუმენტური და იკონოგრაფიული მასალები, იმისათვის, რომ შემდგომში ნეტარად შერაცხვის პროცესი დაიწყოს.
„შემდგომი ქმედებებისთვის, გთავაზობთ, ეპარქიამ (საქართველოს კათოლიკე ეკლესიის ადმინისტრაციამ c.g) მოკვლევა დაიწყოს ისტორიულ–დოკუმენტური და იკონოგრაფიული მასალების შეგროვებით, ისტორიული კომისიის დანიშვნით, აგრეთვე ტრიბუნალის შექმნით, რომელიც განიხილავს დაახლოებით 8-10 ტექსტს, რათა გაგრძელდეს დღემდე უკვდავი კულტი და სამი ფრანცისკანელის სიწმინდისა და წამების განდიდება. როგორც კი საქმე მიაღწევს – Super Martyrio et Super Culto ab Immemorabili Tempore Praestiti განყოფილებამდე, იგი გაგრძელდება ჩვეული პროცედურით, რომელიც მოიცავს ისტორიულ განხილვას და საღვთისმეტყველო კონსულტანტების, კარდინალებისა და ეპისკოპოსების რეგულარულ სხდომას“, – წერია საპასუხო წერილში.
ქართველი კათოლიკე, ფრანცისკანელი ბერი, ძმა დემეტრე თბილელის შესახებ ცნობები მცირეა, თუმცა ჯერ კიდევ 1910 წელს, ქართველი კათოლიკე მღვდელი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, მიხეილ თამარაშვილი წერდა: „ძმა დემეტრე ტფილელი მცირე ძმების ორდენში შევიდა, თავის ევროპელ თანამოძმეებთან ერთად ინდოეთში წავიდა და თანაში ეწამა 1321 წელს“....
ისტორიული ცნობებიდან ირკვევა, რომ დემეტრე თბილელი ფრანცისკანელთა ორდენის ქართველი ბერი იყო, რომელიც ინდოეთში აწამეს.
მოწამეობრივი აღსასრულიდან 700 წლის შემდეგ, საქართველოში კათოლიკე ეკლესია ცდილობს მისი მოღვაწეობრივი აღსასრული სათანადოდ დააფასოს.
ამავე თემაზე:
თაკო ფეიქრიშვილი
コメント