როგორ ჩაიარა ამაღლების დღესასწაულმა ბუზმარეთში – 2026
- 2 hours ago
- 3 min read
2026 წელს, ამაღლების დღესასწაული კათოლიკე ეკლესიამ 14 მაისს აღნიშნა. ეს არის დღე, რომელსაც არალში, უდესა და ვალეში მცხოვრები კათოლიკეები განსაკუთრებულად აღნიშნავენ თურქეთ–საქართველოს სასაზღვრო ზონაში მდებარე ბუზმარეთის კათოლიკურ ტაძარში.

მორწმუნეებისთვის არც წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი. არლიდან, უდიდან და ვალიდან დილის 8 საათის შემდეგ, ადგილობრივების ნაწილი ფეხით, ნაწილი კი მანქანით გაუყვა გზას ბუზმარეთის ტაძრამდე. მათ დაახლოებით 10 კილომეტრი იარეს იმისთვის, რომ ბუზმარეთის ტაძარი მოელოცათ. ეს ის ეკლესია, რომელიც კათოლიკე მესხებს ეკუთვნით, მართლმადიდებელმა ეკლესიამ კი ჩამოართვა და მის სიახლოვეს ლიტურგიის აღვლენის უფლებას არ აძლევს.
ასეთი უფლება კათოლიკეებს წელსაც ჩამოართვეს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში, ადგილობრივი კათოლიკე მღვდლების დაჟინებული მოთხოვნითა და გამბედაობით წმ. წირვა ტაძრის ეზოს გარეთ მაინც აღევლინებოდა, ამ წელს კათოლიკეები ამ ადგილიდანაც გამოისტუმრეს და ტაძრიდან ორი კილომეტრით დაბლა, საზღვრის შესასვლელთან გამოუყვეს ლიტურგიის ადგილი. თუმცა ამის გამო, ამ წელს, კათოლიკეებს, მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიმართ, ხმამაღალი შელაპარაკება არ ჰქონიათ, რადგან რამდენიმე დღით ადრე, 9 მაისს, ბუზმარეთში იმყოფებოდა ვატიკანის ელჩი, მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი. იგი თავად ესაუბრა უდის მართლმადიდებელი მრევლის წინამძღვარს, გრიგოლ ქურციძეს. ამ უკანასკნელმა კი პაპის ნუნციუსს მტკიცე უარი უთხრა ტაძრის სიახლოვეს ლიტურგიის აღვლენაზე და მიუთითა, რომ კათოლიკეებს ტაძრის ეზოცა და მის მიმდებარედ 20 ჰექტარი მიწაც უნდა დაეტოვებინათ.
მართლმადიდებელმა არქიმანდრიტმა მიზეზად მოიყვანა მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მონასტრებს უსასყიდლოდ გადაეცათ 20 ჰექტარი მიწა. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ტერიტორია, რომელსაც არქიმანდრიტი და მართლმადიდებელი ეკლესია იჩემებს და მთავრობის საჩუქრად აცნობს კათოლიკეებს, საჯარო რეესტრის ან ქონების ეროვნულ სააგენტოს მონაცემებში არ ფიქსირდება, რომ ნამდვილად მართლმადიდებელ ეკლესიაზეა რეგისტრირებული. გარდა ამისა, ეს ტერიტორია თურქეთ–საქართველოს სასაზღვრო ზონაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში მოქმედებს დამატებითი შეზღუდვები — განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების, სასაზღვრო და სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე.
გამონაკლისი წელი
2026 წლის 14 მაისს კათოლიკე მრევლი, პაპის ნუნციუსისადმი პატივისცემის ნიშნად, ხმამაღალი საუბრების გარეშე დაესწრო წმ. წირვას, მათთვის არასასურველ ადგილზე, საზღვრის შესასვლელთან. თუმცა ლიტურგიის დასრულების შემდეგ, არლის მრევლის წევრები ელჩს გაესაუბრნენ და უთხრეს, რომ ეს იქნება უკანასკნელი წელი, როდესაც ისინი დასთანხმდებიან ეკლესიიდან ასე მოშორებით ლიტურგიის აღვლენას. თავის მხრივ, ნუნციუსმა გამოხატა მზაობა, საქმეში უკეთ გარკვევისა და საქმის სხვა საფეხურზე წარმოების პირობით.
წირვის დაწყებამდე, კათოლიკე მრევლი მოსალოცად და სანთლების დასანთებად ავიდა ბუზმარეთის ტაძარში. ისევე როგორც ყოველ წელს, მათთვის დაკეტილი აღმოჩნდა მთავრი კარი და ისევ გვერდითა კარიდან შეუშვეს მორწმუნეები, როგორც მეორეხარისხოვანნი. ამ შემთხვევაში გამონაკლისს წარმოდგენდა ნუნციუსი, რომლისთვისაც დაკეტილი ჭიშკარი გაიღო.

კათოლიკეების კვალი
კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი ის იყო, რომ ამ წელს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოშალა ტაძრის კედელში ჩაყოლებული წარწერა: „აღადგინეს სერგო და ანტონ მერაბიშვილებმა. 2006–2007 წლებში“ და ჩაანაცვლა ახალი წარწერით: „ამაღლების ტაძარი V ს. აღდგენილია 2006 წელს, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორეს ლოცვა–კურთხევით, სერგო და ანტონ მერაბიშვილების მიერ“.

ცნობისთვის, სერგო და ანტონ მერაბიშვილები კათოლიკეები არიან. საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, საქართველოს ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მამასა და ბიძაზე. სერგო მერაბიშვილი დღემდე ახალციხის კათოლიკე მრევლია. ქვა, რომელზეც მხოლოდ კათოლიკე მშენებლები იყო მოხსენიებული, ტაძრის კედლიდან ჩამოღებული და იქვე დატეხილი ეყარა.
ამაღლების ლიტურგია
საბოლოოდ, ამაღლების ლიტუგია კათოლიკეებისთვის მშვიდ და მზიან ამინდში აღევლინა. წმ. წირვას პაპის ნუნციუსი გაუძღვა. თანამწირველები იყვნენ: ელჩის მრჩეველი მონსინიორ ალექსანდრ რაჰინია, ეპისკოპოსის გენერალური ვიკარიუსი – მამა ზურაბ კაკაჩიშვილი, ხიზაბავრისა და ვარგავის ადმინისტრატორი მამა ბექა ჩილინგარაშვილი, წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულთა სახელობის ტაძრის ვიკარი – მამა კონსტანტინე აკოფაშვილი, არლისა და უდის სამრევლოების წინამძღვარი – მამა დარიუშ კომადოვსკი და ამავე სამრევლოების ვიკარი – მამა მერაბ ტატალაშვილი. ისევე, როგორც საუკუნეების განმავლობაში, ლიტურგიას არლის, უდისა და ვალის კათოლიკე მრევლი დაესწრო.
ისტორია
ბუზმარეთის სახელს ადიგენში, თურქეთ-საქართველოს საზღვართან ორი ტაძარი ატარებს. ერთი, საქართველოს სასაზღვრო ზონაში მდებარეობს და უძველეს ნაეკლესიარზე, 2006–2007 წლებში სერგო და ანტონ მერაბიშვილებმა აღადგინეს. მეორე კი, საზღვრის გარეთაა. ორივე ტაძარი ამჟამად მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაშია, თუმცა კათოლიკეები აცხადებენ, რომ ეკლესიები სადავოა, რადგან მისი ისტორიული მესაკუთრეები კათოლიკეები არიან.
ტრადიციულად, ამაღლების დღესასწაულზე ამ ტაძრების მოსალოცად, როგორც კათოლიკეები (რომაული და სომხური წესის) ასევე მართლმადიდებლები (საკუთარი ლიტურგიული კალენდრის მიხედვით) დადიან.
უფრო მეტი ამ თემაზე, წლების მიხედვით ნახე ბმულებზე:
2025 წელი – რა მოხდა ბუზმარეთში ამაღლების დღესასწაულზე
თაკო ფეიქრიშვილი
რობი ზარიძე













































Comments