სად იქნება წმ. წირვა ბუზმარეთში, ამაღლების დღესასწაულზე?
- 19 minutes ago
- 2 min read
სად იქნება წმ. წირვა ბუზმარეთში, ამაღლების დღესასწაულზე? - ამ საკითხთან დაკავშირებით, 2026 წლის 9 მაისს, ვატიკანის ელჩი, წმინდა საყდრის დესპანი მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, მესხეთში იმყოფებოდა. მას თან ახლდნენ მრჩეველი ალექსანდრ რაჰინია და ეპისკოპოსის გენერალური ვიკარიუსი, მამა ზურაბ კაკაჩიშვილი.

პაპის ნუნციუსს ადგილზე შეხვდა უდის მართლმადიდებელი მრევლის წინამძღვარი მღვდელმსახური გრიგოლი (ქურციძე). კათოლიკე ეკლესიის სურვილი, რომ წმ. წირვა აღევლინოს ტაძართან ახლოს, იმ ადგილზე, სადაც 2024 წელს და უფრო ადრე წლებში აღევლინებოდა (გამონაკლისი იყო 2025 წელი, რადგანაც ამაღლება კათოლიკე და მართლმადიდებელ ეკლესიებში ერთსა და იმავე დღეს დაემთხვა, ამიტომ კათოლიკე ეკლესიის მღვდელმსახურებს მართლმადიდებელმა ეკლესიამ კვლავ აუკრძალა წირვის ტაძართან აღვლენა და კათოლიკე ეპისკოპოსმა წირვა აღავლინა სასაზღვრო ზონის შესასვლელთან) მართლმადიდებელი სასულიერო პირი არ დათანხმდა. ამის მიზეზად მან დაასახელა 2020 წელს მთავრობის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებელ ეკლესიას მონასტრების მიმდებარედ, 20 ჰექტარი ტყის ფართობი უსასყიდლოდ გადაცემა.
ცნობისათვის, ეს ტერიტორია, სადაც ბუზმარეთის ტაძარი დგას, თურქეთ–საქართველოს სასაზღვრო ზონაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში მოქმედებს დამატებითი შეზღუდვები — განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების, სასაზღვრო და სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ასეთი ტერიტორიის დაკანონება მარტივად არ უნდა ხდებოდეს. ამას გარდა, საჯარო რეესტრში ან ქონების ეროვნულ სააგენტოში არ ჩანს რეგისტრირებულია თუ არა აღნიშნული 20 ჰექტარი მართლმადიდებელ ეკლესიაზე.

ვინაიდან, უდის მართლმადიდებელი მრევლის მოძღვარმა მტკიცე უარი განაცხადა ეკლესიასთან მიახლოებაზე, კათოლიკე სასულიერო პირებმა ამ 20 ჰექტრის გარეთ, ეკლესიასთან მახლობლად, ტრიალ მინდორზე ახალი ტერიტორია შესთავაზეს. საკითხი მღვდელმსახურმა გრიგოლმა თავიდან აიცილა და თქვა რომ ეს სასაზღვრო პოლიციის გადასაწყვეტია. ამავე შეხვედრაზე მყოფმა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელიც კათოლიკეებმა ითხოვეს „ხალხს ვერ გააკონტროლებენ“ და ამჯერადაც უარი ეთქვათ კათოლიკეებს.
საბოლოოდ, გადაწყდა, რომ 14 მაისს, წმ. წირვა აღევლინება იმავე ადგილზე, სადაც იყო 2025 წელს, ტაძრამდე დაახლოებით 2 კილომეტრის ქვემოთ, სასაზღვრო ზოლში შესასვლელ კართან. ლიტურგია 13:00 საათზე დაიწყება, მრევლს შეეძლება მანამდე ავიდეს ბუზმარეთის ტაძარში და შემდეგ ისევ უკან დაბრუნდეს საზღვრის შესასვლელთან წირვისთვის.
საუკუნეების ტრადიცია
2026 წლის 14 მაისს, კათოლიკე ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. მესხ კათოლიკეებს უკვე საუკუნეების ტრადიცია აქვთ, რომ ეს დღე ბუზმარეთში, თურქეთ–საქართველოს სასაზღვრო ზოლში არსებული ტაძარი უნდა მოილოცონ და წირვაც სწორედ იქ სწირონ.
ტაძარი მხოლოდ 2000–იანი წლებიდან გახდა სადავო ნაგებობა. ანუ მას შემდეგ, რაც აქ კათოლიკე მღვდელმა მამა ზურაბ კაკაჩიშვილმა წმ. წირვა აღავლინა. ამ პერიოდამდე ადგილზე არცერთი მართლმადიდებელი სასულიერო პირი არ ყოფილა და არც ლიტურგია აღუვლენია. მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეს ტაძარი მიისაკუთრა და მონასტერი დაადგინა 2006 წლიდან.
ბოლო წლებია კათოლიკეები წელიწადში ერთხელ, ამაღლების დღესასწაულზე საკუთარ ტაძართან სიახლოვეს წმ. წირვის აღვლენას ითხოვენ და ამას, ყოველწლიურად ადგილობრივ კათოლიკე მღვდლებთან ერთად დიდი დაპირისპირების ფონზე აღწევდნენ, თუმცა არა ტაძართან, არამედ ტაძრის ეზოს მიღმა (მართლმადიდებელი სასულიერო პირები ტაძრის სიახლოვეს ლიტურგიის აღვლენას კათოლიკეებისთვის კრძალავენ).

იმის გამო, რომ ყოველ წელს, მართლმადიდებელი სასულიერო პირების მხრიდან არაერთ პროვოკაციას აქვს ადგილი, კათოლიკური წირვის დროს ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სასაზღვრო პოლიცია...
ბუზმარეთი ტაძარში ამაღლების დღესასწაულზე მართლმადიდებელი სასულიერო პირების მხრიდან მსგავსი დაძაბულობა ყოველ წელს ხდება.
2025 წელი – რა მოხდა ბუზმარეთში ამაღლების დღესასწაულზე
2023 წელი – რა მოხდა ბუზმარეთში - ინციდენტი მართლმადიდებელ ბერსა და კათოლიკეებს შორის /ვიდეო/
2022 წელი – ტაძრის საზღვრებს გარეთ, მესაზღვრეებით გარემოცული წირვა – ამაღლება ბუზმარეთში
2021 წელი – რატომ უთხრეს მესხ კათოლიკეებს უარი ბუზმარეთში საზღვრის გახსნაზეტაძრის ისტორიული მეპატრონეები კი კათოლიკეები არიან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში უვლიდნენ და არასდროს მიუტოვებიათ ბუზმარეთის V-VI საუკუნეებით დათარიღებული ნაეკლესიარი. 2005–2006 წლებში ამ ნაეკლესიარზე ახალი ეკლესია სწორედ კათოლიკეებმა აღადგინეს, 2006 წლიდან კი ის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიისაკუთრა და მონასტერი გახსნა.
თაკო ფეიქრიშვილი




Comments